სიახლეები

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მედიკამენტოზური პროგრამა ონკოპაციენტებისთვის

14.07.2015 • 1360
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მედიკამენტოზური პროგრამა ონკოპაციენტებისთვის

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, პაციენტების მკურნალობის მიმდინარეობის პროცესს დღეს, 14 ივნისს, მინისტრის პირველი მოადგილე ლევან გორგილაძე და ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი მანანა ფაღავა გაეცნენ. 

„მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების“ პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიური პაციენტების ძვირადღირებული მედიკამენტებით მკურნალობის დაფინანსება 2015 წელს დაიწყო. აღნიშნული სამედიცინო მომსახურება არ ფინანსდებოდა სხვა სახელმწიფო პროგრამით, რაც დაავადებულთათვის მნიშვნელოვანი პრობლემაა.

 

სამინისტრო თითოეულ პაციენტს მკურნალობას უფინანსებს სამედიცინო დაწესებულებიდან წარდგენილი ანგარიშფაქტურის მიხედვით, პროგრამით გათვალისწინებული პროპორციების დაცვით, არაუმეტეს 5000 ლარისა, წლიური ლიმიტი კი 10 000 ლარია.

 

პროგრამით სამინისტრო ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბენეფიციარებს, ასევე, უფინანსებს მკურნალობას რადიოაქტიური იოდითა და საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის მინიმალური პაკეტის მოსარგებლეებს პროგრამით გათვალისწინებულ სხვა სამედიცინო მომსახურებას. კერძოდ, ოპერაციულ, ქიმიოთერაპიულ-სხივურ მკურნალობას და ა.შ.

„მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების“ პროგრამის ბიუჯეტი 1 315 000 ლარია. პროგრამა  2015 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

 

გადაბეჭდვის წესი