აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატში დასაქმებულთა ხელფასები

მიმდინარე წლისთვის აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ხელფასი თვეში 5 750 ლარით განისაზღვრა, მთავრობის აპარატის უფროსის კი – 3 700 ლარით. მთავრობის აპარატში დეპარტამენტების უფროსების თანამდებობრივი სარგო – 3 200 ლარი, განყოფილების უფროსების – 2 800 ლარი, უფროსი სპეციალისტებისა კი – 1 800 ლარი იქნება.

აჭარის მთავრობამ ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში თანამდებობრივი სარგოს [ხელფასის] განაკვეთები, ახალი წესის შესაბამისად, 2018 წლის 18 იანვარს დაამტკიცა.

„აღნიშნული განაკვეთები შერჩეულ იქნა კანონით განსაზღვრული შესაბამისი ცხრილის მიხედვით, საშუალო თვიური შრომის ანაზღაურებისა და რანგების გათვალისწინებით. რაც შეეხება პოლიტიკური თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურებას, მათი თანამდებობრივი სარგო არ გაზრდილა. სარგოს დადგენა განხორციელდა კანონით გათვალისწინებული არაუმეტეს ამ თანამდებობის პირებისათვის 2017 წელს გაცემული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურების მიხედვით“, – აცხადებენ აჭარის მთავრობაში.

მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო 5 750 ლარით განისაზღვრა. შესაბამისად, ზურაბ პატარაძე თვეში ხელზე აიღებს 4 600 ლარს.

ახალი კანონმდებლობით, საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს, 2018 წლის იანვრიდან, ხელფასთან ერთად დანამატისა და პრემიის მიღებაც შეუძლიათ, რომელსაც ფულადი ჯილდო ერქმევა. თუმცა, დანამატი წლის განმავლობაში, ჯამში არ უნდა აღემატებოდეს წლიური თანამდებობრივი სარგოს 20%-ს, ხოლო ფულადი ჯილდო – 10%-ს.

მთავრობის აპარატში, მაგალითად, დეპარტამენტის უფროსზე შესაძლოა საერთოდ არ გაიცეს, ან გაიცეს დანამატი მთელი წლის განმავლობაში არაუმეტეს 7 680 ლარისა, ხოლო პრემია, არაუმეტეს 3 840 ლარისა [თუ ამ მოხელეს დანამატს და პრემიას სრულად მისცემენ, ის ფულადი ჯილდოს სახით ჯამში 9 216 ლარს აიღებს ხელზე].

თუმცა საჯარო სამსახურის ბიუროში განმარტავენ, რომ დანამატი შესაძლოა გაიცეს საჯარო მოხელეზე, თუ ის ზეგანაკვეთურ ან/და სხვა მოხელის ნაცვლად ასრულებს სამუშაოს, ხოლო პრემია შესაძლოა გაიცეს მხოლოდ მოხელის შეფასების შემდეგ და ამ შეფასების შესაბამისად. საჯარო სამსახურები ვალდებული არიან დაიწყონ და წლის ბოლომდე შეაფასონ საჯარო მოხელეები.

აჭარის მთავრობის აპარატში განაცხადეს, რომ ცალკე თანხა ზეგანაკვეთური სამუშაოს ასანაზღაურებლად გამოყოფილი არ არის, თუმცა, მიმდინარე წელს აპარატის სახელფასო ფონდი შარშანდელთან შედარებით შემცირდა 56 ათასი ლარით: „ამასთან, 4 ერთეულით შემცირდა შტატის რაოდენობაც. მთავრობის თავმჯდომარეს ორით ნაკლები მრჩეველი და ასევე ორით ნაკლები თანაშემწე ეყოლება.“

საჯარო მოხელეებს შეფასების შემდეგ შესაძლოა მიენიჭოთ მოხელის კლასიც. მოხელე, რომელსაც მიენიჭება ესა თუ ის კლასი, ხელფასთან ერთად მიიღებს საკლასო დანამატსაც.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com