მთავარი,სიახლეები

მთავარი პრობლემა გამონაბოლქვია – რამდენმა ავტომანქანამ ვერ გაიარა ტექნიკური ინსპექტირება

23.01.2018 • 2438
მთავარი პრობლემა გამონაბოლქვია – რამდენმა ავტომანქანამ ვერ გაიარა ტექნიკური ინსპექტირება

ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირების ორწლიანი რეფორმა პირველი იანვრიდან დაიწყო. თავდაპირველად ინსპექტირება სატვირთო ავტომანქანებმა უნდა გაიარონ, ასევე მუნიციპალურმა ავტობუსებმა და მიკროავტობუსებმა. მსუბუქი ავტომანქანებისთვის ინსპექტირება სავალდებულო პირველი ივლისიდან იქნება.

ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, ავტომანქანა, ძირითადად, შვიდი კრიტერიუმის შესაბამისად მოწმდება: მუხრუჭი, საჭის მექანიზმი, სავალი ნაწილი, ხილვადობა, მაშუქები ანუ ფარები, გამონაბოლქვი და საბურავები. მძღოლები, რომლებმაც ინსპექტირება გაიარეს, ამბობენ, რომ ძირითადი პრობლემა გამონაბოლქვის შემოწმების დროს იქმნება, რადგან საწვავი უხარისხოა. მძღოლების ნაწილს უკვე სქემაც აქვს შემუშავებული – როგორ მიიღონ დადებითი ქულა ელექტრონული სისტემისგან, როცა გამონაბოლქვის შემოწმების დრო დგება.

„გავდივართ ეტაპობრივად ინსპექტირებას, თითქმის ყველამ გაიარა,“ – გვიყვება ნუგზარ ფარტენაძე, შპს „ჯორჯია ტრანსის“ დირექტორი. ამ კომპანიის მიკროავტობუსებს ბათუმში რამდენიმე მიმართულებით გადაჰყავს მოქალაქეები.

„ვერ გეტყვით, რამდენმა ვერ გაიარა ინსპექტირება, რადგან ხელმეორე ცდაზე ყველა ხარვეზი გამოსწორდა. ძირითადი პრობლემა იყო გამონაბოლქვი, რაც საწვავის ხარისხს უკავშირდება. ვერ გაიგებ, რომელი კომპანიის საწვავს უნდა ენდო. შეიძლება ერთხელ ჩაასხა და კარგი იყოს, მეორე შემთხვევაში – არ ვარგოდეს. ჩვენ, პირადად, თურქეთიდან გადმოვიტანეთ კარგი ხარისხის საწვავი და ხელახლა ინსპექტირება წარმატებით ჩავაბარეთ,“ – ამბობს ის.

გამონაბოლქვი რომ მთავარი პრობლემაა ინსპექტირების პროცესში, ადასტურებს ნოდარ ჭაღალიძეც. იგი ბათუმში მდებარე ერთ-ერთი ინსპექტირების ცენტრის „დიაგნოსტიკა აჭარას“ ხელმძღვანელია.

„ჩვენი ცენტრი მუშაობდა წინა წლებშიც. ახლა, უბრალოდ, მომართვამ იმატა, რადგან გამკაცრდა ჯარიმები. თუკი აქამდე ინსპექტირების გაუვლელობა 10 ლარით ჯარიმდებოდა, ახლა ჯარიმა 50 ლარია, იურიდიული პირებისთვის – 200 ლარი. ახლა პატრული პირდაპირ მიერთებულია ჩვენს ბაზებს და ქუჩაში რომ მიდის მანქანა, მაშინვე ხვდებიან, ინსპექტირება აქვს თუ არა გავლილი, ევროპული სტანდარტითაა ყველაფერი… რიგები არ გვაქვს, პერსონალი 10 კაცისგან შედგება და ყოველდღიურად ვმუშაობთ. ცენტრში სულ ორი ხაზი მაქვს და დღეში 60 მანქანის შემოწმება შემიძლია. იანვრიდან დღეში დაახლოებით 20 მანქანა მოდის შემოწმებაზე. ზუსტ ციფრს ვერ გეტყვით, მაგრამ დაახლოებით 30 პროცენტი ვერ იღებს დადებით შეფასებას. ძირითადი პრობლემა გამონაბოლქვია, ასევე სამუხრუჭე სისტემა…“ – გვიყვება ნოდარ ჭაღალიძე.

რა უნდა გააკეთოს მძღოლმა, თუკი გამონაბოლქვის პრობლემა საწვავს უკავშირდება? – ნოდარ ჭაღალიძე გვარწმუნებს, რომ ხელახალი ინსპექტირების შემთხვევაში ყველა ავტომანქანა წარმატებით გადის ინსპექტირებას, რომელსაც გამონაბოქლვის პრობლემა დაუდგინდება.

„გამონაბოლქვი არ უკავშირდება მხოლოდ საწვავს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ამას ვერ ვადგენთ, საწვავის გამოა თუ არა. ფაქტია, რომ მეორე ჯერზე ინსპექტირებას ისინი აბარებენ,“ – დასძენს „აჭარა დიაგნოსტიკის“ ხელმძღვანელი.

გაიარეს თუ არა ინსპექტირება მუნიციპალურმა ავტოსბუსებმა? – „ვემზადებით ამისთვის და პირველი თებერვლიდან გავივლით. ავტობუსები აქამდეც გადიოდნენ ტექნიკურ დათვალიერებას წელიწადში ორჯერ. როგორც ვიცი, მთავარი პრობლემა არის გამონაბოლქვი. ვცდილობთ, რომ ეს პრობლემა აღმოვხვრათ და ისე გავიაროთ ინსპექტირება,“ – გვითხრა მუნიციპალური შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ხელმძღვანელმა, ბადრი ფარტენაძემ.

ქვეყნის მასშტაბით სატვირთო ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირებას 25 ცენტრში 35 ხაზზე ხორციელდება. ტექნიკურ ინსპექტირებას ბათუმში ორი კომპანია ატარებს. ერთი ადლიის დასახლებაშია, მეორე – აეროპორტის გზატკეცილზე. ინსპექტირების ცენტრები ეკონომიკის სამინისტროს ტენდერის გზით არ შეურჩევია. დაინტერესებულმა კომპანიებმა აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრს მიმართეს და თანხმობა მიიღეს.

„შემოწმება ხდება ევროდირექტივის შესაბამისად, მძიმეწონიან მანქანებზე შეღავათი არ გვაქვს. მსუბუქზე გარდამავალი დებულება გავაკეთეთ, თუმცა იქაც შემოწმება იქნება საკმაოდ მკაცრი. ცენტრში მისვლის დროს მეპატრონე რჩება შესასვლელში და მანქანა ელექტრონულად მოწმდება, ასევე არსებობს ვიდეო გადაღება და მაკონტროლებელ ორგანოს შეუძლია ეს დაინახოს. კორუფცია გამორიცხულია იმითაც, რომ ხელზე ფულის გადახდა შეუძლებელია,“ – განმარტავს მიხეილ ხმალაძე, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი.

ავტომობილების ისნპექტირების ორგანოების ასოციაციის ხელმძღვანელი, ვაჟა იორდანიშვილი ამბობს, რომ ელექტრონული მოწყობილობა მხოლოდ სამუხრუჭე სისტემას და გამონაბოლქვს ამოწმებს, დანარჩენს – ტექნიკური პერსონალი. მას ვკითხეთ, რა შეიძლება გააკეთოს მოქალაქემ, თუკი იგი ცენტრის შეფასებას არ ეთანხმება.

„ეს ჯერ ზუსტად გაწერილი არ არის… მესაკუთრე შესასვლელში მონიტორიდან აკვირდება ინსპექტირების პროცესს. თუ უკმაყოფილოა, შეუძლია ადგილზეც გამოხატოს პრეტენზია… ვიდეოჩანაწერის ამოღების უფლება აქვს თუ არა, ეს არ ვიცი,“ – გვითხრა ვაჟა იორდანიშვილმა.

„ვიდეოჩანაწერის ამოღების უფლება ექნება მხოლოდ შესაბამის ორგანოს. რომელია ასეთი ორგანო, არ ვიცი ზუსტად ეს სამართლებრივი რეგულაციები. დანამდვილებით ვიცი ის, რომ ჩანაწერს ნებისმიერი დაინტერესებული პირი ვერ გაეცნობა, რადგან ეს პირადი ინფორმაციაა,“ – ამბობს „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს“ უფროსი, მიხეილ ხმალაძე.

ამ სააგენტოს პირველადი მონაცემებით, დღეისათვის ავტომანქანების დაახლოებით 15-მა პროცენტმა ვერ გაიარა ინსპექტირება. სააგენტო ამ ეტაპზე არ ასაჯაროვებს მონაცემს მუნიციპალური ტრანსპორტის შემთხვევაზე.

„ვინც ვერ გაიარა ინსპექტირება, მას ერთვიანი ვადა აქვს, რომ აღმოფხვრას ხარვეზი. ერთი თვის შიგნით შესაძლებელია ინსპექტირების ხელახლა გავლა უფასოდ. ჯერ ერთი თვეც არ გასულა ამ ცენტრების ამოქმედებიდან და ციფრები არ დაგვითვლია,“ – გვითხრა მიხეილ ხმალაძემ.

„იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა პოლიციამ დააჯარიმა ინსპექტირებაგავლილი სატვირთო ავტომანქანა. შემდეგ გვითხრეს, რომ ყველა მსგავს შემთხვევაზე ჯარიმა მესაკუთრეებს უკან დაუბრუნდებათ,“ – გვიყვება ვაჟა იორდანიშვილი, ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის ხელმძღვანელი. მისი თქმით, პოლიციას ჰქონდა შეფერხება მონაცემთა ბაზის წვდომასთან, თუმცა ახლა ეს ხარვეზი აღმოფხვრილია.

ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ხელმძღვანელი გელა კვაშილავა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ინფრასტრუქტურა ინსპექტირებისთვის არ არის საკმარისი, ასევე პრობლემაა პერსონალი.

„2004 წლიდან ინსპექტირება გაუქმებულია, შესაბამისად, ამ კუთხით გვაქვს რთული მდგომარეობა – ცენტრები არ შენდებოდა და პერსონალი არ მზადდებოდა, ამ სერვისი მიწოდებით ბაზარზე არავინ იყო დაინტერესებული. დღეს არის გამოწვევა, რომ რეალურად მოხდეს ადმინისტრირება და ისევ არ გაჩნდეს ეჭვები ამ პროცესის მიმართ. ჩვენ ვამბობდით, რომ მინიმუმ 90 ცენტრია საჭიროა, გვაქვს – 25. სამინისტრო არ აცხადებს ტენდერს, რომ კერძო სექტორი ამისთვის მოემზადოს. გარდა ამისა, პრობლემაა საწვავის ხარისხიც, რომელიც ისევ კონტროლის გარეშე რჩება,“ – აღნიშნავს გელა კვაშილავა.

რატომ არ აცხადებს ტენდერს სახელმწიფო ისნპექტირების კუთხით მომსახურების შესყიდვაზე? – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი განმარტავს, რომ ეს სერვისი სპეციფიკურია და ექვემდებარება აკრედიტაციას.

„შვეიცარულმა კომპანიამაც – SGS ჩვენ მოგვცა რეკომენდაცია, რომ 100-110 ინსპექტირების ხაზია საჭირო ქვეყანაში. ჩვენ ახლა გვაქვს 35, მაგრამ შენდება რამდენიმე ახალი ცენტრი. ზუსტად რამდენი შენდება, ამ მონაცემს ახლა ვერ გეტყვით… სადაც იქნება პრობლემა, იქ შევისყიდით ამ მომსახურებას. ეს არის ორწლიანი რეფორმა. კანონი ეტაპობრივად სთხოვს ავტომანქანის მესაკუთრეებს ინსპექტირების გავლას სწორედ იმიტომ, რომ მანამდე შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყოს,“ – გვითხრა მიხეილ ხმალაძემ.

ტექნიკური ინსპექტირება საქართველოში 2004 წლიდან შეწყდა, თუმცა იგი სავალდებულო დარჩა სატვირთო მანქანებისთვის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: