ენერგო-პრო ჯორჯიას განცხადებას ტერიტორიის გათავისუფლებაზე, „ოცნების ქალაქში“ აქციით უპასუხეს

„ოცნების ქალაქში“, ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა ამ წუთებში საპროტესტო აქციას მართავს. ისინი კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებას გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვითაც კომპანია ამ ტერიტორიაზე ახალი ქვესადგურების მშენებლობას გეგმავს. ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე თვითნებურად შესახლებულები 2012 წლიდან ცხოვრობენ, 2015 წელს კი, ხელისუფლებამ ტერიტორია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიჰყიდა.

„საპროტესტო აქციით მოსახლეობა ეხმაურება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ „ბათუმელებში“ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ მოსახლეობამ უნდა დატოვოს ტერიტორია და ეს არის მათი საკუთრება. გასაგებია, რომ ეს ტერიტორია კომპანიის საკუთრებაა, მაგრამ, პირველ რიგში, ამ მოსახლეობის ინფორმირება უნდა მომხდარიყო. ამ მოქალაქეებისთვის არავის უთქვამს, რომ აქ კეთდება ახალი ქვესადგურები. კომპანიამ და ხელისუფლებამ თანაბრად უნდა გაინაწილონ პასუხისმგებლობა და დააკმაყოფილონ მოსახლეობის ინტერესები. ძალით ამ ხალხს აქედან ვერ გაიყვანენ, აქ მოხდება სოციალური აფეთქება, 300 ოჯახი ცხოვრობს ამ ტერიტორიაზე,“ – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი, თამაზ ბაკურიძე.

ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა 18 იანვარსაც. მაშინ მათ დასახლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება და მრიცხველების დამონტაჟება ითხოვეს. ამის საპასუხოდ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ავთო დვალიშვილმა „ბათუმელებთან“ განაცხადა:

„კომპანიის პოზიცია არის ის, რომ ეს ადამიანები არ არიან ოფიციალური მესაკუთრეები იმ დასახლებაში, ამიტომ კომპანიას რომც უნდოდეს, ამ ოჯახებს აბონენტებად ვერ აიყვანს. რაც შეეხება უსაფრთხოებას, ეს ჩვენ არ გვეხება, რადგან იქ ჩვენი ქსელი არ არის. ეს ჩვენი კომპანიის ტერიტორიაა, მაგრამ გაჩერებული ვართ და ამ ოჯახებს ვაძლევთ ცხოვრების უფლებას“- თქვა მან.

საპროტესტო აქცია ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე / 21.01.2018/ როინ გუნდაძის ფოტო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი