აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ისევ პრობლემებია

ავტორი: გენო გელაძე – იურისტი, განათლების დოქტორი, მმართველი კომპანიის (GGM) მმართველი

სამწუხაროდ, ბოლო 15 წლის განმავლობაში, თითქმის ყოველ წელს, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში სხვადასხვაგვარად, მაგრამ მაინც იყო დაძაბული კვირეულები.  უცნაურია, მაგრამ რამდენი შემთხვევაც გამახსენდა, ეს სულ გაზაფხულზე ხდება. პრობლემების, გაუგებრობების, დაძაბულობის მიზეზები,  ერთი შეხედვით სხვადასხვა იყო, თუმცა  ბევრი მსგავსებაცაა.

აჭარის ტელევიზიასა და რადიოში, რაც მახსოვს, მუდმივად არსებობდა დაპირისპირებული ჯგუფები. ძირითადად ორი ჯგუფი. იმის მიუხედავად რომ წლების განმავლობაში ამ ჯგუფების შემადგენლობა და ლიდერები იცვლებოდნენ, საერთო მდგომარეობა არ შეცვლილა: ერთი ჯგუფი მიიჩნევდა/მიიჩნევს,  რომ მას სურს აქტიური მუშაობა და არ აძლევენ მუშაობის, განვითარების შესაძლებლობას, ხოლო მეორე ჯგუფი კი მიიჩნევდა/მიიჩნევს, რომ მათ მუშაობის დიდი პრაქტიკა, გამოცდილება, დამსახურება გააჩნიათ და ამდენად ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც თავად ფიქრობენ, რადგანაც ეს არის სწორი და სამართლიანი.

ბოლო 15 წელია (უფრო ადრე პერიოდს ვერ შევაფასებ) აჭარის ტელევიზია და რადიო სისტემურად არასდროს იმართებოდა. ყოველთვის ერთ ადამიანზე იყო დამოკიდებული მაუწყებლის სიძლიერე, წარმატებები, პრობლემები, მიღწევები და ნაკლოვანებები. ასეა დღესაც.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ჩვენი, როგორც გადასახადის გადამხდელთა მგრძნობელობა მაღალია.  ბუნებრივი პროცესია, რომ სხვადასხვა ჯგუფს აქვს პრეტენზიები და ინიციატივები მაუწყებლის სხვადასხვა პროექტის მიმართ.

მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილების პროტესტის ბევრი უცნაური ფორმა მინახავს, მაგრამ არ მახსენდება მსგავსი შემთხვევა, რაც ბოლო დღეებში ერთ-ერთი გადაცემის – ტელესპექტაკლების დახურვას, თუ ფორმატის შეცვლას მოჰყვა. აქ პროტესტის ფორმა ერთი ამბავია და ამაზე არ შევჩერდები, მე უფრო ცუდად მეჩვენა მაუწყებლის შიგნით დაწყებული პროცესი. მოხდა ის,  რაც ხდებოდა ყოველთვის – გაჩნდა მიზეზი და მაუწყებელშიც ჩამოყალიბდა მხარეები. ადრეც ასე იყო. თითქმის არასდროს არ ჩანდნენ მხარეები. მხოლოდ რამდენიმე ლიდერი იაქტიურებდა და წლის ბოლომდე პროცესი ნელ-ნელა დავიწყებას მიეცემოდა. მომდევნო წლის დასაწყისში კი ყველაფერი თავიდან იწყებოდა. ეს პროცესი კი ბუნებრივია აფერხებს მაუწყებლის განვითარებას.

სამწუხაროა, რომ ამაზე მიწევს საუბარი, მაგრამ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო, როგორც კოლეგიალური მართვის ორგანო, ვერ აღმოჩნდა ძლიერი ინსტრუმენტი.

ბუნებრივია ჩნდება კითხვა, ეს ყველაფერი გარედან ჩარევით ხდება, თუ შიდა პროცესია?

მე არ ვფიქრობ, რომ აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესები გარედან ჩარევის შედეგად ხდება.  არა! მიზეზი მარტივია, აჭარის ტელევიზიასა და რადიოში ეს ამბავი დიდი ხნის პრაქტიკაა და ყოველთვის გარე ძალების ბრალი იყო? ასეც რომ დავუშვათ, ეს უფრო ცუდი მგონია, რადგანაც თუ გარედან ყოველთვის ხერხდებოდა მაუწყებლის შიდა პროცესების მართვა – ეს სამწუხაროდ ამყარებს მოქალაქეთა ნაწილის არგუმენტს იმის შესახებ, რომ ჩვენ, ქართული საზოგადოება განვითარების ამ ეტაპზე არ ვიმსახურებთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, ჩვენ ვერ ვქმნით საზოგადოებრივი მაუწყებლის ძლიერ სისტემას და ამიტომ აჯობებს რაც არ შეგვიძლია, საერთოდ აღარ გვქონდეს.

ბოლო 15 წლის პერიოდში, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში დაპირისპირების მიზეზი ძირითადად თანამშრომლების შრომის ანაზღაურება, პროფესიონალიზმის დაუფასებლობა, არასაჭირო კადრების შენახვა და ხშირად მათი პრივილეგირებულ მდგომაროებაში ჩაყენება იყო.

მიუხედავად იმისა, რომ აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მენეჯმენტი ბევრჯერ გამოიცვალა, პრობლემის მთავარი მიზეზი არ შეცვლილა. თანამშრომელთა შეფასება-დაფასების საკითხი ისევ აქტუალურია.

ვფიქრობ, ახლა კარგი დროა იმისთვის, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი სისტემურად გაძლიერდეს, განვითარების ისეთ ეტაპზე გადავიდეს, რომ ერთ ადამიანზე აღარ იყოს დამოკიდებული მისი წარმატება, წარუმატებლობა, მიღწევები და ნაკლოვანებები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი სისტემურად უნდა გაძლიერდეს, ამისთვის კი, ვფიქრობ რამდენიმე სტრატეგიული საკითხი უნდა მოგვარდეს:

  1. აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, სულ მცირე ხუთი წლის პერიოდში კონკრეტულად რა პროდუქციის შექმნა შეუძლია მას და რას შეისყიდის გარე წარმოების ფორმით. ეს სამომავლოდ გაუგებრობებს გამორიცხავს და საზოგადოებრივი მაუწყებლის პროდუქციის შექმნაში დაინტერესებული ჯგუფების ჩართვას შეუწყობს ხელს;
  2. იმ პოზიციებზე, რომლებიც მაუწყებელში შიდა პროდუქციის შესაქმნელად აუცილებელია, უნდა განისაზღვროს საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარ-ჩვევები. როგორც კი ასეთი დოკუმენტი შეიქმნება, მოკლე დროში უნდა შეფასდეს მაუწყებლის ყველა თანამშრომელი, მრჩეველთა საბჭოსა და დირექტორის გარდა, რომლებიც კანონის შესაბამისად ისედაც განსაზღვრული ვადითა და დადგენილი კრიტერიუმებით აირჩევიან. ვინც შეფასების კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებს, ის მაუწყებელში აღარ უნდა დარჩეს. ეს პროცესი იქნება მტკივნეული, მენეჯმენტის მხრიდან რთულად შესრულებადი, თუმცა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გასაძლიერებლად, აუცილებლად გასაკეთებელი;
  3. უნდა მოგვარდეს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობისა და ტექნიკური რესურსების საკითხი. ვფიქრობ, არსებული შენობების გამოთავისუფლების სანაცვლოდ, აჭარის მთავრობამ ტელევიზიას და რადიოს უნდა გადასცეს მიწის ნაკვეთი, ან უკეთეს შემთხვევაში, შესაბამის საჭიროებებზე მორგებული შენობა-ნაგებობა. ვფიქრობ, აჭარის ტელევიზიისა და რადიოსთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემის დასაბუთება რთული არ არის. უფრო მეტიც, იმისთვის რომ გვქონდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩვენ ბიუჯეტიდან ფულს ვაძლევთ, გადასახადებს ვიხდით და ამავე მაუწყებლის გასაძლიერებლად შენობის გადაცემა იქნება დაუსაბუთებელი? პირიქით, ვფიქრობ ეს აუცილებელიც კია და მე მზად ვარ ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში აქტიურად ჩავერთო ამ საქმეში;
  4. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გასაძლიერებლად გასაუმჯობესებელია კანონმდებლობა. მაგალითისთვის თუნდაც ისიც საკმარისია, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დეტალურ ბიუჯეტს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო არ უნდა ამტკიცებდეს. ამის შესახებ მე ჯერ კიდევ მაშინ ვამბობდი, როცა კანონპროექტი პარლამენტში განხილვის ეტაპზე იყო. დღეს უკვე ამაზე თითქმის აღარავინ კამათობს, მაგრამ ფაქტია 2018 წლის ბიუჯეტიც იგივე წესით დამტკიცდა.  ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების მიზნით გამართულ სხდომაზე აღარაფერს ვამბობ. ეს იყო მაგალითი იმისა, როგორ არ უნდა განიხილებოდეს და მტკიცდებოდეს ბიუჯეტი.

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.