„აჭარის კონსტიტუციის“ საჯარო განხილვები იწყება

ორშაბათიდან „აჭარის კონსტიტუციაში“ შესატანი ცვლილებების საჯარო განხილვები დაიწყება. უმაღლეს საბჭოში დღეს, 20 იანვარს შეიკრიბება საორგანიზაციო კომისია, რომელიც საჯარო შეხვედრების ფორმატზე უნდა შეთანხმდეს. კანონის მიხედვით, დადგენილების მიღებიდან უმაღლეს საბჭოს ორკვირიანი ვადა აქვს საჯარო დისკუსიებისთვის. კანონპროექტი „აჭარის კონსტიტუციაში“ ცვლილებებზე 15 იანვარს გამოქვეყნდა.

საორგანიზაციო კომისიის წევრი და უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია ამბობს, რომ შეხვედრები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ცალ-ცალკე გაიმართება.

„ბათუმში შევხვდებით რამდენიმე ჯგუფს, მათ შორის, არასამთავრობო სექტორს, მედიას, ადვოკატთა კორპუსს. აუცილებლად გვეყოლებიან მომხსენებლები და იქნება კითხვა-პასუხის რეჟიმი. კონკრეტულად სად გაიმართება შეხვედრები და როდის, ჯერ გადაწყვეტილი არ არის,“- გვითხრა ნინო ჩხეტიამ.

რა იცვლება არსებითად „აჭარის კონსტიტუციაში“ და რის გამო შეიძლება დაინტერესდეს მოქალაქე ამ საჯარო განხილვებით? – უმაღლესი საბჭოს წევრმა, ნინო ჩხეტიამ კონკრეტისგან თავი შეიკავა. განმარტავს, რომ ცვლილებები თითქმის ყველა მუხლს ეხება და ამას საზოგადოებას საჯარო შეხვედრების დროს გააცნობს. „ერთ-ერთი ცვლილება, რაც შემიძლია დაგისახელოთ, შეეხება უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვის დასმის უფლებას. ეს იქნება ჩემი ძალიან მოკლე პასუხი,“ – დასძინა მან.

საუბარია კანონპროექტის მე-16 მუხლზე, სადაც ვკითხულობთ: „უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, მთავრობის წევრს, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის ხელისუფლების ორგანოს, სახელმწიფო დაწესებულებას. უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვაზე დროული და სრული პასუხის გაცემა სავალდებულოა.“

უმაღლესი საბჭოს წევრს აქამდეც ჰქონდა მთავრობისთვის კითხვის დასმის უფლება. დღემდე უმაღლესი საბჭოს მისამართით არაერთი პრეტენზია დაფიქსირებულა იმ კუთხით, რომ დეპუტატები მთავრობის წარმომადგენლებს კითხვებს არ უსვამენ და პასუხებს არ ითხოვენ.

უმაღლესი საბჭოს წევრი ნინო ჩხეტია ხაზს უსვამს იმას, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სამართლებრივი რეგულაცია გაჩნდება ამ კუთხით „აჭარის კონსტიტუციაში. „გახსოვთ, ალბათ, საკმაოდ სერიოზული დისკუსიების საგანი იყო ეს საკითხი არაერთი შემადგენლობის შემთხვევაში,“ – ამბობს ის.

სამოქალაქო სექტორი ჯერ ცვლილებებს გაცნობილი არ არის. „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი არჩილ ხახუტაიშვილი საჯარო განხილვებისთვის შექმნილი კომისიის ერთ-ერთი წევრია. იგი მიიჩნევს, რომ განხილვებს, სავარაუდოდ, ფორმალური ხასიათი ექნება.

„მე არ ვიცნობ ჯერ ამ ცვლილებებს. საინტერესოა, რა იცვლება. ამაზე იქნება დამოკიდებული საზოგადოების დაინტერესებაც. ინტერესის სფერო თუ არის, საზოგადოება ყოველთვის ჩაერთვება დისკუსიაში. კონსტიტუცია მაინც ძირითადად არის ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის თემა, რაც საზოგადოებას ნაკლებად აინტერესებს. არ ვიცი, რა ფორმატი შემუშავდება, რომ, მაგალითად, შუახევში, ან ხელვაჩაურის რომელიღაც სოფელში მცხოვრები ადამიანი ამით დავაინტერესოთ,“ – აღნიშნავს არჩილ ხახუტაიშვილი.

საჯარო განხილვების საორგანიზაციო კომისიაში უმრავლესობის წევრებთან ერთად შედიან ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე არჩილ ხახუტაიშვილი „დემოკრატიის ინსტიტუტიდან“ და ასლან ჭანიძე „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლიდან“.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი