მთავარი,სიახლეები,სპორტი

ფეხბურთელი გოგოები ბათუმიდან

19.01.2018 • 4472
ფეხბურთელი გოგოები ბათუმიდან

მათი უმრავლესობის საყვარელი ფეხბურთელი ლიონელ მესია, ბევრს ფიქრობენ, როცა ეკითხები ვინაა მათი ფავორიტი ქალი ფეხბურთელი და ვერ იხსენებენ. ენთუზიაზმით ვარჯიშობენ ნახევრად დანგრეულ სპორტულ ბაზაზე და 2018 წლის თამაშებისთვის ემზადებიან. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ქალთა გუნდებს შორის მიმოსვლით[შინ და გარეთ} 2016 წლიდან ტარდება. 2018 წლის ჩემპიონატში მონაწილეობას 10 გუნდი მიიღებს. ჩემპიონატში მონაწილე გუნდების მგზავრობის ხარჯებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს. მათ შორის ბათუმის „დინამოს“ ხარჯებსაც. გოგონათა გუნდში ყველაზე პატარა ფეხბურთელი 12 წლისაა, ყველაზე უფროსი – 31-ის. გუნდი 2016 წელს შეიქმნა და ბოლო ორი წელია ტურნირებზე ბათუმის „დინამოს“ სახელით გამოდის.

„გუნდის პერსპექტივა იმაზეა დამოკიდებული, როგორ დაგვეხმარება ბათუმის მერია და სპონსორები. საქართველოში ამ მხრივ რთული მდგომარეობაა. არც ერთ ბიზნესმენს არ უნდა სპორტში ფულის ჩადება და მით უმეტეს გოგონების ფეხბურთში. არ არის მოთხოვნადი და ყურებადი,“ – ამბობს თაკო დოლიძე, ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი.

თაკო დოლიძე

ქალთა საფეხბურთო გუნდს მართლაც არ აქვს დაფინანსება – ერთადერთი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ჩემპიონატებზე წასასვლელად გზის ფულს აძლევს. ჯერჯერობით ვერც ტიტულებით ლიდერობენ, 2017 წელს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ფეხბურთში ქალთა გუნდებს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავეს. ჩემპიონატში სულ ცხრა გუნდი მონაწილეობდა.

თაკო კი იმ სპორტსმენებს შორისაა, რომ ბათუმის მერიამ 2017 წელს დააჯილდოვა. საუკეთესო  ფეხბურთელის სტატუსი თაკომ პირველად მოიპოვა.

ბათუმის „დინამომდე“ თაკოს გზა საინტერესო იყო. ცხრა წელია ფეხბურთს თამაშობს. ამბობს, რომ პირველად ვარჯიშზე მამამ მიიყვანა, თუმცა იმის გამო, რომ არც გოგონათა გუნდი არსებობდა და არც შესაბამისი გარემო, თაკო ბიჭებთან ვარჯიშობდა. 13 წლამდე ბიჭების გუნდთან ერთად გამოდიოდა ჩემპიონატებზეც. ახლა 19 წლისაა, ბსუ-ში ფინანსებს სწავლობს, C კატეგორიის მწვრთნელის ლიცენზია აქვს და B კატეგორიის მისაღებად ემზადება.

თაკო ამბობს, რომ აპირებს გოგონები ავარჯიშოს, მომავალ თაობას მაინც რომ ჰქონდეს უკეთესი პირობები, ვიდრე მას აქვს დღეს.

ნიკო ბარამიძე „ბათუმის დინამოს“ ქალთა გუნდის მწვრთნელია. გუნდი მან შეაკოწიწა და ყოველდღიურად იბრძვის იმისთვის, რომ ელემენტალური პირობები შეუქმნას. ნიკო ამბობს, რომ გოგოების შესაკრავად ორი გუნდის – ქობულეთისა და ბათუმის გუნდების გაერთიანება მოუწია. თვე ხშირად ისე გადის, გუნდის სრულად შეკრება ვერ ხერხდება, ქობულეთელები მარტო მაშინ ჩამოდიან, როდესაც ჩემპიონატის წინა მოსამზადებელი ვარჯიშებია ან გზის დაფინანსების შესაძლებლობა არსებობს.

ნიკო ბარამიძისთვის დღევანდელი ნაკრები მესამე მცდელობაა. პირველი ქალთა გუნდი აჭარაში 1997 წელს ჩამოაყალიბა.  ბათუმის ქალთა ფეხბურთის გუნდმა საქართველოს ჩემპიონატში 1997-1998 წლებში  მე-3 ადგილი დაიკავა. მერე გუნდი დაიშალა და თავიდან 2004 წელს ჩამოყალიბდა.   საქართველოს ჩემპიონატებში 2004-2006  წლებში  მე-2 ადგილი დაიკავა, ხოლო 2008 წელს საქართველოს ჩემპიონები გახდნენ.

ბარამიძე ამბობს, რომ გოგონების დაინტერესება ფეხბურთით  არასტაბილურია.

„შეიძლება ბავშვმა ივარჯიშოს ოთხი თვე, ხუთი თვე და მერე გაქრება. ასე მიდი-მოდიან. რთულია სტაბილურად გოგონების შენარჩუნება, თან არანაირი პირობა არ არის,“ – ამბობს ნიკო ბარამიძე. ნიკო ამბობს, რომ თუ მოახერხებს, ის ქალი ფეხბურთელები, რომელთაც მწვრთნელის ლიცენზია მიიღეს, დაასაქმოს, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ქალთა ფეხბურთის განვითარებისთვის.

„წლებია   აჭარის სპორტის დეპარტამენტში მოქმედებს
“სპორტის ხელშეწყობის”  პროგრამა, რომელშიც ჩართული არიან სპორტული ფედერაციების ნაკრები გუნდები, რომლებსაც წლის განმავლობაში რამდენჯერმე  უტარდებათ სასწავლო – საწვრთნო შეკრებები  სხვადასხვა  ქალაქში, რაც ძალიან კარგია სპორტული შედეგების გასაუმჯობესებლად  და წარმატებების  მისაღწევად. წლებია აჭარის ქალთა ფეხბურთის   ფედერაცია ითხოვს ქალთა ნაკრების ჩართვას   ამ პროგრამაში. წელს დაგვპირდნენ ჩაგრთავთო. დაპირება არის და ვნახოთ რა გამოვა. გვქონდა შეხვედრა ბათუმის “დინამოს” ხელმძღვანელთანაც და ისიც   დაგვპირდა დახმარებას.
გვყავს ლიცენზირებული 6 ქალი მწვრთნელი. ბათუმის სპორტული ცენტრის დირექტორი დაგვპირდა რამდენიმე მწვრთნელის დასაქმებას, რაც ხელს შეუწყობს გოგონებში ფეხბურთის პოპულარიზაციას და განვითარებას,” – ამბობს ნიკო ბარამიძე.

 

ვერონიკა გაროჟანკინა – ბათუმის დინამოს მეკარე

პირობები, რომელშიც ფეხბურთელი გოგოები ვარჯიშობენ, არასახარბიელოა. გუნდს არ აქვს სავარჯიშო ფორმა, აქვთ მწირი დაფინანსება. ფეხბურთელები სხვადასხვა დაწესებულებაში მუშაობენ, ზოგიერთი სწავლობს და სხვა პროფესიას იძენს. გოგოების თქმით, მთავარი, რაც მათ გამოარჩევთ, არის ფეხბურთისადმი სიყვარული. მათი თქმით, ბიჭები ფეხბურთში ხშირად კულტურული ფაქტორის გამო შედიან, გოგოებისთვის კი ერთადერთი ფაქტორი ფეხბურთისადმი უსაზღვრო სიყვარულია.

“ბათუმის დინამოს” ქალთა გუნდი ვარჯიშზე

გადაბეჭდვის წესი