სიახლეები

ბათუმი-ახალციხის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის გამო ქონების გამოსყიდვა იწყება

08.07.2015 • 2330
ბათუმი-ახალციხის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის გამო ქონების გამოსყიდვა იწყება

 

ენერგეტიკის სამინისტრომ საქართველოს მთავრობას ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეულ მოსახლეობასა და მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა რამდენიმე დღის წინ წარუდგინა. მთავრობის განკარგულების მიხედვით, ეს ღონისძიებები  საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან (IBRD) შეთანხმებულ განსახლების პოლიტიკის ჩარჩო-დოკუმენტშია ასახული.

 

ამ ეტაპზე საუბარია ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის II სეგმენტის მე-2 და მე-3 სექციებზე, რომლებიც ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებს შეეხება.

 

თუ რამდენ ოჯახს ეხება განსახლების ჩარჩო-დოკუმენტის მიხედვით პროექტი და რა სახით, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში ჯერ-ჯერობით არ აკონკრეტებენ.

 

“ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღნიშნული ხაზის გავლის ტრასის საბოლოო დადგენა (ანუ რა მარშრუტით გაივლის გადამცემი ხაზი), რის შემდეგაც უკვე დაზუსტდება განსახლების პროექტი. აღნიშნული მონაცემები სექტემბრის თვისთვის იქნება ცნობილი” – განუცხადეს ბათუმელებს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

 

ხედი დანდალოდან კოკოტაურის მიმართულებით [პროექტის გზშ]

 

მთავრობის განკარგულებაში ასევე აღნიშნულია: „ეთხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს, იმ ქონებაზე, რომელიც იმყოფება ახალციხიდან ბათუმამდე, 220 კვ ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის II სეგმენტის მე-2 და მე-3  სექციის ზემოქმედების არეალში მოხვედრილი მოსახლეობის სარგებლობაში, განახორციელონ სათანადო ღონისძიებები მოსახლეობის მიერ აღნიშნული ქონების საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით რეგისტრაციის ხელშეწყობის მიზნით“

 

სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს კი დაევალა სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული ქონების სს „საპარტნიორო ფონდის“ კაპიტალში შეტანა, შემდგომში  საპარტნიორო ფონდის“ მიერ ამავე ქონების სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კაპიტალში შეტანის მიზნით.

 

„მოგვიწევს თუ  არა განსახლება“, – ეს იყო მთავარი კითხვა, რომელსაც გასულ წელს აჭარის ოთხ მუნიციპალიტეტში მოქალაქეები „ახალციხე-ბათუმის 220 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვაზე სვამდნენ.

 

დოკუმენტი ხულოში, შუახევში, ქედასა და ხელვაჩაურში განიხილეს. ბათუმი-ახალციხის 220-კილოვოლტიანი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი აჭარაში, სწორედ ამ ოთხი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაივლის

 

ხედი ფურტიოდან [პროექტის გზშ]

გადაბეჭდვის წესი


ასევე: