მშენებელი ბათუმში ისტორიული სახლის დემონტაჟზე თანხმობას ითხოვს

ბათუმში, ფარნავაზ მეფის #65-ში, შპს „აჭარა დეველოპმენტი“ ისტორიული სახლის დემონტაჟის ხარჯზე ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას გეგმავს. სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ არის, თუმცა ძეგლის დაცვის ზონაშია.

მშენებლობის მსურველმა კომპანიამ მშენებლობაზე თანხმობის მისაღებად აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ზონალურ საბჭოს მიმართა. სააგენტოს ეს პროექტი საბჭოს მომავალი სხდომის დღის წესრიგში აქვს შეტანილი.

„ბათუმელები“ ისტორიულ სახლში მცხოვრებლებს ესაუბრა, მათ არ აქვთ ინფორმაცია იმაზე, რომ „აჭარა დეველოპმენტი“ მათი საცხოვრებლის ადგილზე ახალი სახლის მშენებლობას გეგმავს და ამის თაობაზე შესაბამის სტრუქტურებსაც მიმართა ნებართვის მისაღებად.

„ჩვენთან ბევრი კომპანიის წარმომადგენელი იყო მოსული, ას კვადრატზე დამატებით ასი კვადრატიც შემოგვთავაზეს, მაგრამ ზოგიერთ მეზობელთან მაინც ვერ შეთანხმდნენ. ჩვენ მომხრე ვართ, რომ ახალი აშენდეს, რადგან სახლი ცუდ მდგომარეობაშია, ამორტიზებულია საერთო სარგებლობაში არსებული დერეფანი და ჩვენ მისი გარემონტების საშუალება არ გვაქვს,“ – გვითხრა სვეტლანა აფხაზავამ. მისივე თქმით, სახლი, რომელშიც ის ცხოვრობს, ერთი საუკუნის წინ არის აშენებული.

იგივე გვითხრა აქ მცხოვრებმა ნონა გიგინეიშვილმაც.

პროექტთან დაკავშირებულ კითხვებს „აჭარა დეველოპმენტში“ დღეს არ უპასუხეს. „არ გაგიგიათ, რომ დღეს დღესასწაულია? – ხვალ მოდით ოფისში და გიპასუხებთ,“ – გვითხრა კომპანიის  წარმომადგენელმა, გელა გაბაიძემ.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ მოწოდებული რენდერის მიხედვით, ინვესტორი ისტორიული სახლის ადგილზე შვიდსართულიანი, მრავალბინიანი სახლის მშენებლობას გეგმავს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი