მთავარი,სიახლეები

ვის რა უნდა აჭარის ტელევიზიაში – ჟურნალისტები და მენეჯერები დაპირისპირებაზე

19.01.2018 • 2959
ვის რა უნდა აჭარის ტელევიზიაში – ჟურნალისტები და მენეჯერები დაპირისპირებაზე

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დირექტორის წინააღმდეგ თანამშრომლების პეტიცია ტელევიზიის სამეურვეო საბჭოში ამ დრომდე არ შესულა. პეტიციის გარდა ხელფასების გაზრდის საკითხზე საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტების ერთი ჯგუფი ტელევიზიის დირექტორთან შეხვედრას ითხოვს. „ხელმოწერები არ შესულა, მაგრამ მინდა ერთი რამ განვაცხადო, ეს არ არის უკან დახევა,“ – ამბობს ლალი ბერძენიშვილი, „აჭარის ტელევიზიის“ განვითარების მენეჯერი.

„საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტების ნაწილის წერილი შემოვიდა, ისინი ითხოვდნენ დირექტორთან შეხვედრას, მაგრამ დღეს ამ შეხვედრაზე მოსვლა ჟურნალისტებმა აღარ ისურვეს. შეხვედრაზე დირექტორი ინდივიდუალურად აპირებდა თითოეულ ჟურნალისტთან დალაპარაკებას,“ – გვითხრა გია ქარცივაძემ, „აჭარის ტელევიზიის“ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა.

საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტებს ხელფასების გაზრდის შესახებ ღიად საუბარი არ სურთ. პირად საუბრებში ისინი აღნიშნავენ, რომ ახალი წლიდან შრომის ანაზღაურების გაზრდის შესახებ დაპირება ტელევიზიის დირექტორისგან უშუალოდ მიიღეს, მაგრამ პირობა არ შესრულდა. „გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე ხელფასის გაზრდის რესურსი არ არსებობს და თუ ჩვენი სურვილია, ხელშეკრულებას ისევ ძველი პირობით უნდა მოვაწეროთ ხელი,“ – აღნიშნა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა.

„ჩვენთან არაფერი არ ხდება, არანაირი პრეტენზია არ აქვთ ჟურნალისტებს. შრომითი ხელშეკრულებები გაფორმებულია, ყველა მუშაობს, სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ,“ – ეს შორენა ღლონტმა გვითხრა, ტელევიზიის ახალი ამბების სამსახურის უფროსმა. იგი ირწმუნება, რომ ჟურნალისტების მოთხოვნების შესახებ, რაც ხელფასების საკითხს უკავშირდება, თავად ინფორმირებული არ არის.

საინფორმაციო სამსახურის უფროსს ასევე ვკითხეთ, ხედავს თუ არა განსხვავებას წინა და ამჟამინდელ მენეჯმენტს შორის და არის თუ არა მენეჯმენტი ტელევიზიის დამოუკიდებლობის გარანტი? – „კომენტარს ვერ გავაკეთებ-მეთქი, ვთქვი. ყველაფერს უპასუხებს ნათია კაპანაძე [დირექტორი],“ – დასძინა შორენა ღლონტმა.

„აჭარის ტელევიზია“ ბოლო პერიოდში არაერთ კვლევაში მოხვდა, როგორც დაბალანსებული მედიაორგანიზაცია. „აჭარის ტელევიზია“ მოხვდა „Human Rights Watch“-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშშიც. ანგარიშში დადებით მოვლენად არის ასახული „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში რადიო „თავისუფლების“ იმ გადაცემების განთავსება, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა დახურა.

რას უკავშირებენ ტელევიზიის თანამშრომლები სარედაქციო დამოუკიდებლობის მიღწევას და არის თუ არა ამის ერთ-ერთი მთავარი გარანტი მენეჯმენტი?

ირინა წუწუნავა, საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტი მენეჯმენტის როლს სარედაქციო დამოუკიდებლობაში ნაწილობრივ ხედავს. „თუ ჟურნალისტი იქნება დამოუკიდებელი, ყველაფერი იქნება შესაძლებელი. მენეჯმენტი ნაწილობრივ განსაზღვრავს სარედაქციო პოლიტიკას. ახლა ყველაზე კომფორტულია ამ ტელევიზიაში მუშაობა, რადგან დამოუკიდებლობის ხარისხი არის ძალიან მაღალი და ეს კარგად ჩანს გარედან. ჩარევა, პირადად, მე არც სოსო სტურუას დირექტორობის დროს მიგრძვნია…“, – ამბობს ის.

სოსო სტურუას დირექტორობის დროს „აჭარის ტელევიზიის“ დატოვება სამ ჟურნალისტს მოუწია: ქეთი დუმბაძეს, ირინა ყურუას და სოფო ჟღენტს. მაშინ ამ ჟურნალისტებმა ღიად ისაუბრეს ჩარევაზე და კონკრეტული სიუჟეტების დაბლოკვაზე. დღეს ირინა ყურუა და სოფო ჟღენტი ისევ „აჭარის ტელევიზიაში“ მუშაობენ იმის მიუხედავად, რომ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ისევ შორენა ღლონტია. სოფო ჟღენტი მიიჩნევს, რომ ამოსავალი მენეჯმენტია, რომელიც „ყოველთვის და ყველგან არის სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი. ასეა „აჭარის ტელევიზიის“ შემთხვევაშიც,“ – გვითხრა მან. იგი ამჟამად ტელევიზიის ინტერნეტგვერდის რედაქტორია.

ტელევიზიის განვითარების მენეჯერი, ლალი ბერძენიშვილი, სარედაქციო დამოუკიდებლობის შედეგს ასე აფასებს: „ჩვენ ვიცავთ პოლიტიკურ ბალანსს, მაგრამ მხოლოდ პოლიტიკური ბალანსი არ არის მთავარი, ტელევიზიას აქვს უამრავი პრიორიტეტი, რომლის დაცვისკენაც ნაბიჯი უნდა გადავდგათ. ჩვენ მორალურად გავმყარდით, ვართ საუკეთესო ბალანსის მქონე ტელევიზია, მაგრამ ბალანსი სხვადასხვა ტირანის მქონე რეჟიმის დროსაც იყო დაცული…“

„წინა წლებშიც არავის არ უნდოდა მიკერძოებული ყოფილიყო და მოფერებოდა მთავრობას,“ – გვიყვება ჟურნალისტი ირინე წუწუნავა. – „მაშინ სხვა პოლიტიკა იყო, ზოგადად, და მხოლოდ აჭარის ტელევიზიაზე არ ვრცელდებოდა. ვფიქრობ, სტატუსის შეცვლის შემდეგ [აჭარის ტელევიზია აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება იყო, ვიდრე საზოგადოებრივ მაუწყებლად ჩამოყალიბდებოდა] ჩარევის მცდელობა არ ყოფილა და ჩვენ უკვე ვიცით დამოუკიდებლობის ფასი.“

სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეს ნაკლებად ხედავს ლალი ბერძენიშვილი, „აჭარის ტელევიზიის“ განვითარების მენეჯერი. მას შევახსენეთ, რომ აქამდე არაერთმა ხელისუფლებამ  მოახერხა თავისი ინტერესის გატარება „აჭარის ტელევიზიაში“.

„როგორც მოქალაქე და ჟურნალისტი, შეურაცხყოფილი ვარ თქვენი ამ შეკითხვით. ესე იგი, თქვენ არ ენდობით „აჭარის ტელევიზიის“ კოლექტივს?… სად ჩანს დღეს, რომ ხელისუფლება აგრესიულად ცდილობდეს სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას? ვფიქრობ, ჩვენ ყველანაირად უნდა შევეწინააღმდეგოთ სახელისუფლებო ინტერესების განხორციელებას, თუმცა თუ ხელისუფლება სწორ გადაწყვეტილებას იღებს, ჩვენ უნდა ვაანალიზებდეთ და ადეკვატურად ვრეაგირებდეთ…“ – აღნიშნა ლალი ბერძენიშვილმა.

რაც შეეხება პეტიციას, რომლითაც „ბათუმელების“ ინფორმაციით, ტელევიზიის თანამშრომლების ერთმა ჯგუფმა სამეურვეო საბჭოს ტელევიზიის დირექტორის გადაყენება უნდა მოსთხოვს – ტელევიზიის ინტერნეტგვერდის რედაქტორი, სოფო ჟღენტი ამბობს, რომ არ იცნობს ამ პეტიციის შინაარსს. იგი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა გარკვეულმა დაინტერესებულმა ჯგუფმა გარედან ეს პროცესი გამოიყენოს.

„იმისთვის, რომ რაიმე დასკვნები გავაკეთო, უნდა ვიცნობდე რას აპროტესტებენ და რა წერია წერილში, ვინ აკეთებს ამას და რას ითხოვენ. ტელევიზიაში ნებისმიერი პროცესი, როცა სარედაქციო დამოუკიდებლობა აქვს მედიას, ყოველთვის შეიძლება იყოს გამოყენებული დაინტერესებული ჯგუფების მიერ, თუმცა ჯერ მხოლოდ ვიცით ის, რომ კონკრეტულ ადამიანებს აქვთ პროტესტი და ამას წერილობით აფიქსირებენ. რა წერია ამ წერილში, რა არ მოსწონთ, ან რისი შეცვლა უნდათ, ეს, ჯერჯერობით, არ ხმაურდება,“ – აღნიშნა სოფო ჟღენტმა.

სოფოსგან განსხვავებით პეტიციის შესახებ ინფორმირებულია ლალი ბერძენიშვილი. იგი ამბობს, რომ წერილი სამეურვეო საბჭოში ამ დრომდე არ შეუტანიათ და მენეჯმენტთან შეხვედრას ელოდებიან. ლალი ბერძენიშვილი ტელევიზიის დირექტორთან მოლაპარაკების დაწყებას უქმე დღეების შემდეგ ითხოვს.

„დირექტორის გადაყენება არ ყოფილა მოთხოვნა. არსებობს საკამათო გადაწყვეტილებები. არსებობენ სპეციალისტები, ვისი მოსაზრებაც მენეჯმენტმა უნდა გაიზიაროს და ეს დაფუძნებულია იმ პროდუქციაზე, რომელიც ჩვენ გვიწარმოებია ტელევიზიაში. მე ვარ განვითარების მენეჯერი და ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ გარკვეულ პროცესებთან გამიჯვნა, მათ შორის, გადაწყვეტილებასთან, რომელიც ბოლო დროს აჟიოტაჟის თემა გახდა და შეეხებოდა სატელევიზიო სპექტაკლების დახურვას. ჩვენ სამუშაო ვითარებაში უნდა გავმართოთ მოლაპარაკება, წესიერი, სამართლებრივად გამართული, ღირსებაზე დაფუძნებული კორპორაცია უნდა შეიქმნას, სადაც ადამიანები ურთიერთპატივისცემით აკეთებენ საზოგადოებრივ მაუწყებელს. არის რაღაც საკითხები, რაზეც არსებობს განსხვავებული შეხედულებები, მათ შორის, საკადრო პოლიტიკა. ზოგადად, უფრო უკეთესი იდეებია, ვიდრე საბოლოოდ სატელევიზიო ეთერში ჩანს… შერჩევითი სამართალი, შერჩევითი პიროვნული დამოკიდებულებები თუკი იქნება საზოგადოებრივ არხზე, საზოგადოებრივი საქმის გაკეთება გაჭირდება. არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელთა აზრიც არის გასათვალისწინებელი,“ – გვითხრა ლალი ბერძენიშვილმა.

„შერჩევით სამართალზე“ და კონკრეტულ დარღვევებზე საუბრისგან ტელევიზიის განვითარების მენეჯერმა თავი შეიკავა: „წერილში იყო მოთხოვნა, რაც ჩამოგითვალეთ: სამართლიანი დამოკიდებულება თანამშრომლების მისამართით, ინტელექტუალური ნიშნულის აწევა იმ ადამიანების გამოყენებით, ვინც, ჩემი აზრით, ნაკლებად გამოყენებულია ტელევიზიაში. არის საკითხები, რაზეც საჯაროდ საუბარს ვერიდებით… ჩვენ კარგად ვიცით, ვის რა შეუძლია. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ადგილზე ავტორიტეტების, ფიგურების შექმნას, რომლებიც მნიშვნელოვანი გახდებიან… ეს არის საკითხები, რომლებიც გროვდებოდა და ერთი პატარა მიზეზი საკმარისი გახდა იმისთვის, რომ ჩვენ მივსულიყავით რაღაც კონკრეტულ ქმედებამდე.“

„აჭარის ტელევიზიის“ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი, გია ქარცივაძე ამბობს, რომ ტელევიზიის დირექტორთან შეხვედრა არავის უთხოვია, გარდა საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტებისა.

ამავე თემაზე:

ვინ გეგმავს აჭარის ტელევიზიის დირექტორის გადაყენებას – დაპირისპირება მაუწყებელში

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: