მთავარი,სიახლეები,სპორტი

ბათუმის „დინამოს“ ყიდვისთვის ორი ბიზნესჯგუფი იბრძოლებს

19.01.2018 • 5544
ბათუმის „დინამოს“ ყიდვისთვის ორი ბიზნესჯგუფი იბრძოლებს

საფეხბურთო კლუბ ბათუმის „დინამოს“ ყიდვა ორ ბიზნესჯგუფს სურს. ბათუმის მერიაში წინადადება “ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის” მფლობელს, აიეტ კუკავას და “ლამინი გრუფის” ხელმძღვანელს, არჩილ ბერიძეს აქვთ შეტანილი. იმისთვის, რომ კლუბი გაიყიდოს, ბათუმის მერიამ აუქციონი უნდა გამოაცხადოს.

რატომ გადაწყვიტეთ ბათუმის „დინამოს” შეძენა და როგორ ხედავთ კლუბის მომავალს? – ამ კითხვით მიმართა “ბათუმელებმა” დაინტერესებულ ინვესტორებს.

“ჩვენი გრძელვადიანი მიზანია, საქართველოს სპორტი გავხადოთ უფრო მეტად კონკურენტუნარიანი, სანახაობრივი და კომერციულად მომგებიანი. ამ ეტაპზე განვიხილავთ რამდენიმე ვარიანტს, მათ შორის ბათუმის „დინამოს“. გეგმები იქნება სტრატეგიული პარტნიორების მეშვეობით, რომელსაც დასავლეთ ევროპული კლუბების მართვის გამოცდილება გააჩნია. კლუბის მენეჯმენტის გაძლიერება მაღალი დონის პროფესიონალებით, გუნდის გაძლიერება უცხოელი ფეხბურთელებით და გრძელვადიან პერსპექტივაში საერთაშორისო ტურნირებზე ანგარიშგასაწევი გუნდის შექმნა,” – ჩვენს კითხვებს “ალიანს ჯგუფი ჰოლდინგმა” წერილობით უპასუხა.

მაშინ, როცა ბათუმის „დინამოში“ ინვესტიციის განხორციელება სხვა ინვესტორსაც სურს, რამდენად კონკურენტუნარიანია “ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის” წინადადება? – ამ კითხვაზე ჰოლდინგის წარმომადგენელმა გვიპასუხა, რომ კონკურენციას მიესალმებიან: “რაც უფრო მეტი გამჭვირვალე და ჯანსაღი იქნება [პროცესი], მით უკეთესი იქნება მაყურებლისთვის, ქართული სპორტისთვის და ბიზნესის კუთხითაც”.

“ლამინი გრუფი”, რომელსაც ასევე სურს ბათუმის „დინამოში“  ინვესტიცია ჩადოს, წლების მანძილზე იყო ამ კლუბის სპონსორი. საფეხბურთო კლუბის ვებგვერდზე “ლამინი გრუფი” ოფიციალურ პარტნიორად არის დასახელებული.

არჩილ ბერიძე, კომპანიის ხელმძღვანელი “ბათუმელებთან” ამბობს, რომ მისთვის ბათუმის „დინამოა” მნიშვნელოვანი და არა ის, თუ ვინ იყიდის ლოგოს.

“ჩემი თვითმიზანი ყიდვა არაა. ჩემი მიზანი არის ბათუმის „დინამოს“ აღორძინება. ვინმე თუ ამას გააკეთებს, მე მზად ვარ გვერდში დავუდგე. ბათუმის „დინამოს“ სჭირდება გვერდში დგომა. „ალიანს ჯგუფს“ ღმერთმა ხელი მოუმართოს. მათ ბიზნესი აქვთ, მე მაქვს ინტერესი -ბათუმის „დინამოს“ აღორძინება. მე ბიზნესი არ მაინტერესებს ამ შემთხვევაში, მაინტერესებს ის, რომ ბათუმის „დინამო“ უნდა განვითარდეს. ძალიან ბევრი რამ სჭირდება, რომ ბიზნესად გადაიქცეს,” – გვითხრა არჩილ ბერიძემ.

“ბათუმელების” ინფორმაციით, მერიაში “დინამოს” გასხვისების ალტერნატიულ გზებზეც ფიქრობენ, რადგან აუქციონი ხანგრძლივი და გამჭვირვალე პროცესია. უფრო მარტივი პროცედურა კი პირდაპირი მიყიდვის წესია. კანონით, პირდაპირი მიყიდვის წესის გამოყენების უფლება აქვს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, მაგრამ ამ უფლებას მხოლოდ მას შემდეგ გამოიყენებს, თუ ბათუმის მერია „დინამოს“ აჭარის მთავრობას გადასცემს.

როდის გამოაცხადებს ბათუმის მერია აუქციონს, ამ კითხვაზე მერიაში ზუსტი პასუხი არ აქვთ. უწყებაში თქვეს, რომ „როცა გამოცხადდება, იქნება საჯარო“.

ბათუმის „დინამოს“ გაყიდვის საკითხი 2012 წელსაც განიხილებოდა. მაშინ უკრაინული მედია წერდა, რომ ბათუმის საფეხბურთო კლუბით უკრაინელი მილიარდერი, ლვოვის „კარპატის” ყოფილი მფლობელი, პიოტრ დიმინსკი იყო დაინტერესებული, რომლის ქონება 3 მლრდ დოლარადაა შეფასებული. თუმცა კლუბი არ გაყიდულა.

საფეხბურთო კლუბი „დინამო ბათუმი“ 1923 წელს შეიქმნა.

 

მთავარი ფოტო ბათუმის “დინამოს” ფეისბუქგვერდიდან. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: