მიკროავტობუსით მგზავრობა ბათუმში თებერვლიდან 50 თეთრი იქნება – საკრებულოს გადაწყვეტილება

ბათუმის საკრებულოს მიერ 18 იანვარს სხდომაზე მიღებული განკარგულებით, ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში Mკატეგორიის [სამარშრუტო მიკროავტობუსი] ავტობუსით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფი 50 თეთრით განისაზღვრა. განკარგულება ძალაში 2018 წლის პირველი თებერვლიდან შევა, შესაბამისად ბათუმის ტერიტორიაზე სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრობა 40 თეთრის ნაცვლად 50 თეთრი იქნება.

მგზავრობის ტარიფის გაძვირება სატრანსპორტო კომპანიების მოთხოვნა იყო. საკრებულოს სხდომამდე ბათუმის საკრებულოს დარგობრივმა კომისიებმა განხილვის შედეგად დაადგინეს, რომ ამ კომპანიების მოთხოვნა საფუძვლიანია.

მგზავრობის საფასური სატრანსპორტო კომპანიებმა ახალი წლის დღეებში გაზარდეს 10 თეთრით. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ძალაში ისევ ძველი ტარიფი დარჩა იმ პირობით, რომ საკრებულო განიხილავდა ამ საკითხს.

ბათუმის საკრებულომ 18 იანვრის სხდომაზე ბათუმის საკრებულოსა და მერიაში დასაქმებულთა თანამდებობრივი სარგოებიც [ხელფასის ოდენობა] დაამტკიცა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com