მთავარი,სიახლეები

მსოფლიოს საიდუმლო ბიბლიოთეკები

18.01.2018 • 4638
მსოფლიოს საიდუმლო ბიბლიოთეკები

               დამასკოს ბიბლიოთეკა

სირიაში, დამასკოს ქუჩების მიწისქვეშეთში, ინახება წიგნები, რომლებიც ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გადაურჩა. მოხალისეებმა სახლებში 14 000 წიგნი შეაგროვეს და მიწისქვეშა ბიბლიოთეკაში გადაინახეს, სადაც საიდუმლო წიგნები საუკუნეების განმავლობაში ინახებოდა. მიწის ქვეშ დაცულ ბიბლიოთეკაში   რომ მოხვდე, ტყვიების ზუზუნში უნდა გააღწიო.

ამ ადგილს სირიის საიდუმლო ბიბლიოთეკას ეძახიან და მიიჩნევა, რომ იქ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსი ინახება.

რელიგიური და პოლიტიკური ზეგავლენით ბიბლიოთეკები და წიგნების კერძო კოლექციები საუკუნეების განმავლობაში იყო დალუქული და აკრძალული.

             ჩინეთის ბიბლიოთეკის მღვიმე

ჩინეთში, უდაბნო გობის მხარეში მდებარე ბუდისტური სალოცავი გამოქვაბულების ნაწილი, რომელსაც დუნხუანში „ათასი ბუდას მღვიმეს“ ეძახიან, თითქმის ათასი წლის განმავლობაში იყო დალუქული. 1900 წელს გამოქვაბულის არაოფიციალურმა მცველმა, დაოსელმა ბერმა, ვან უანლუმ, ფარული კარი აღმოაჩინა, რომელიც ხელნაწერებით სავსე ოთახში გადიოდა. კოლექცია მე-11 საუკუნის პირველი მეოთხედთ იყო დათარიღებული.

ვან უანლუმ ამის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებას აცნობა, მაგრამ მათ ბერის მონათხრობისთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევიათ მანამ, სანამ გამოქვაბულის ამბები არ გავრცელდა. აურელ შტაინმა – მკვლევარმა უნგრეთიდან, ხელისუფლება დაარწმუნა, რომ გაეყიდათ 10 000 ხელნაწერი. პროცესში ჩართული იყო დელეგაცია საფრანგეთიდან, რუსეთიდან და იაპონიიდან. გაყიდვის შემდეგ ხელნაწერთა თავდაპირველი საცავიდან დოკუმენტების მხოლოდ მეხუთედი დარჩა პეკინში.

ხელნაწერების ციფრული ვერსიების შექმნა 1994 წელს დაიწყო ბრიტანეთის ბიბლიოთეკის საერთაშორისო პროექტის Dunhuang-ის ფარგლებში. ტექსტების ნაწილი რელიგიური ხასიათისაა, აქ ნახავთ ასევე ნახატების სახით ჩაწერილ კონტრაქტებს მონათა ყიდვა-გაყიდვის შესახებ, თურქული რუნებით გადმოცემულ წინასწარმეტყველებებს და ა.შ.

არავინ იცის, რატომ იყო დალუქული წიგნთსაცავი. მკვლევარი შტეინი ირწმუნებოდა, რომ ეს იყო იმ ხელნაწერთა დაცვის ფორმა, რომლებიც აღარ გამოიყენებოდა, მაგრამ გადაყრა არ შეიძლებოდა. ჩინელი მეცნიერი რონგ სინცზიანი კი მიიჩნევს, რომ ბიბლიოთეკა კარახანიდების სახელმწიფოს შემოსევის შიშით დალუქეს, რაც არ მომხდარა.

როგორი მიზეზითაც უნდა დაელუქათ ბიბლიოთეკა, შიგ დაცული მასალები ცვლის ისტორიას: დუნხუანის  ერთ-ერთი წიგნი, მნიშვნელოვანი ბუდისტური ტექსტი „ალმასის სუტრა“, ბრიტანული ბიბლიოთეკის მონაცემებით, 868 წლით თარიღდება და უკვე მსოფლიოში ყველაზე პირველ ნაბეჭდ წიგნად მიიჩნევა.

       ვატიკანის საიდუმლო ბიბლიოთეკა

შემდეგი საიდუმლო ბიბლიოთეკის შექმნის თარიღი ცნობილია: ვატიკანის საიდუმლო არქივი 1612 წლით თარიღდება. ამ ბიბლიოთეკის თემა ფიგურირებს დენ ბრაუნის რომანში „ანგელოზები და დემონები“. გადმოცემებით არქივში ინახება იესოს წარმომავლობის დოკუმენტაცია და დროის მანქანის შესახებ ცნობები, რომელიც თითქოს ბენედიქტელმა ბერებმა გამოიგონეს.

საიდუმლო ბიბლიოთეკის შესახებ მოარული  მითების დასამსხვრევად რომის კაპიტოლიუმში ბიბლიოთეკის არქივის გამოფენა მოეწყო. პაპმა ლეო მეცამეტემ 1881 წელსაც დართო ნება მეცნიერებს დაეთვალიერებინათ ბიბლიოთეკა, თუმცა დოკუმენტების შესწავლა არ იყო ნებადართული.

მეცნიერებს ეკრძალებოდათ რომის პაპებთან დაკავშირებული მასალების შესწავლა. დღემდე დალუქულია 1922 წლიდან შენახული არქივი, რომელიც კარდინალების პირად საქმეებს ეხება.

საიდუმლო ბიბლიოთეკა ქვითკირის კარგად დაცულ ბუნკერშია განთავსებული, წმინდა პეტრეს ბაზილიკის ერთ-ერთ ნაწილში. არქივებს კარგად შეიარაღებული გვარდიელები, ოფიცრები და ვატიკანის პოლიცია ერთად იცავს.

ბიბლიოთეკაში დაცული და აკრძალული დოკუმენტების სიაშია ოფიციალურ ვატიკანსა და ისეთ ადამიანებს შორის მიმოწერები, როგორიცაა მოცარტი, ერაზმუს როტერდამელი, კარლოს დიდი, ვოლტერი და ადოლფ ჰიტლერი. აქვე ინახება ერესში მხილებული გალილეო გალილეის სასამართლო პროცესის ხელნაწერი სტენოგრამა და მიქელანჯელოს წერილი, რომელიც ვატიკანისგან სიქსტეს კაპელის მოხატვისთვის კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვს.

        ძველი ეგვიპტის ებრაული ბიბლიოთეკა

ასწლეულობით იყო მივიწყებული ეგვიპტეში ძველი კაიროს (ფუსტატის) ბიბლიოთეკა მანამ, სანამ მის შესახებ რუმინელმა ებრაელმა ჯეიკობ საფირმა არ შეიტყო და აღწერა წიგნში 1874 წელს.

ბენ ეზრას სინაგოგის კედლებში დამალული  280 000 ებრაული მანუსკრიპტის საცავი „კაირო გენიზას“ სახელითაა ცნობილი. სიტყვა „გენიზა“ ძველი ივრითულიდან მოდის და თავდაპირველად დამალვას ნიშნავდა, მოგვიანებით კი არქივის მნიშვნელობითაც გამოიყენებდნენ. 1000 წლის განმავლობაში ძველ ეგვიპტეში, ფუსტატში მცხოვრები ებრაელები ტექსტებს მათთვის წმინდა ადგილზე ინახავდნენ. ნიუ-იორკერის მიხედვით კაირო გენიზა მანუსკრიპტების ხელუხლებელი არქივია, რომელიც ინახავს ეგვიპტეში მცხოვრები ებრაელების შესახებ ცნობებს მე-9-დან მე-19 საუკუნემდე. ეს ერთადერთი არქივია მსოფლიოში, რომელიც უწყვეტად აღწერს ეგვიპტეში ებრაელთა ცხოვრების ათასწლეულს.

კაირო გენიზას მასალების დიდი ნაწილი კემბრიჯის ბიბლიოთეკაშია დაცული, ნაწილი კი – ებრაულ თეოლოგიურ სასწავლებელში.

კემბრიჯში კაირო გენიზას კვლევის ზედამხედველი, ბენ აუტვაითი, ნიუ-იორკერთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მასალების მიხედვით შუასაუკუნეების ებრაელ ვაჭრებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ ქრისტიანებთან, მუსლიმებთან და ნაკლებად იყო გავრცელებული ანტისემიტიზმი.

2013 წელს შეიქმნა ოქსფორდისა და კემბრიჯის გაერთიანებული სამუშაო ჯგუფი, უნიკალური არქივის დაუზიანებლად შენახვა-შესწავლისთვის.

წყარო: The New YorkerBBCThe Telegraph

გადაბეჭდვის წესი


ასევე: