მთავარი,სიახლეები

Спасибо за внимание – ბათუმის ავტოტრანსპორტი მომხმარებელს მადლობას მხოლოდ რუსულად უხდის

18.01.2018 • 3272
Спасибо за внимание – ბათუმის ავტოტრანსპორტი მომხმარებელს მადლობას მხოლოდ რუსულად უხდის

“ბათუმის ავტოტრანსპორტის” ცხელ ხაზზე, +995 422 24 76 76 დილის საათებში ან გვიან საღამოს თუ დარეკავთ, რამდენიმეწამიანი ზუმერის შემდეგ ავტომოპასუხე ირთვება, რომელიც რუსულად გეუბნება – Спасибо за внимание, მადლობა ყურადღებისთვის. ავტომოპასუხე მომხმარებელს არც ქართულ ენაზე აწვდის ინფორმაციას და არც სხვა რომელიმე ენაზე.

“ბათუმელები” განმარტებისთვის ბათუმის ავტოტრანსპორტს დაუკავშირდა. ავტოტრანსპორტში გვითხრეს, რომ ტექნიკური ხარვეზია და გამოასწორებენ.

“ეტყობა ტექნიკურადაა გაპარული შეცდომა. ჩვენ შემოწმებული გვქონდა და მასეთ პასუხს არ იძლეოდა. ჩვენ გვსურდა, როდესაც მოქალაქე დარეკავდა და დაკავება იქნებოდა, დალოდების რეჟიმში ავტომოპასუხეს ქართულად ეთქვა, რომ დალოდებოდა ოპერატორს. სამი ოპერატორი მუშაობს, ერთდროულად სამი მოქალაქის ზარს შეგვიძლია ვუპასუხოთ. Спасибо за внимание-ს რატომ ამბობს, არ ვიცი. აუცილებლად გადავამოწმებთ და შევცვლით,  ტექნიკური პრობლემაა, თორემ მაგას როგორ დავაყენებდით,” – უთხრა “ბათუმელებს” ბათუმის ავტოტრანსპორტის მარკეტინგის განყოფილების უფროსმა, ბესო დათიაშვილმა.

შპს “ბათუმის ავტოტრანსპორტი” ბათუმის მერიის მიერ არის დაფუძნებული. კომპანიას 16 საქალაქო და 6 საგარეუბნო მარშრუტზე გადაჰყავს მგზავრები.

 

გადაბეჭდვის წესი