მთავარი,სიახლეები

165 აბონენტი ერთ მრიცხველზე – რას ითხოვენ „ოცნების ქალაქში“

18.01.2018 • 3528
165 აბონენტი ერთ მრიცხველზე – რას ითხოვენ „ოცნების ქალაქში“

ამ წუთებში ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე ჩასახლებული ოჯახები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი დასახლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას და მრიცხველების დამონტაჟებას ითხოვენ.

„ბათუმელები“ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, ნუგზარ ფუტკარაძეს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ  მთელი დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დატოვეს, რის გამოც მოსახლეობა იძულებული გახდა, ელექტროენერგია სახლებში კუსტარულად შეეყვანა.

„ამ ტერიტორიაზე ეკომიგრანტებმა ჩასახლება ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყეს, თუმცა ხელისუფლებამ 2015 წელს ეს ტერიტორია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიჰყიდა. ამიტომ კომპანია უარს გვეუბნება აბონენტად აყვანაზე და ელექტროენერგიას არ გვაწვდის.

21-ე საუკუნეში შეიძლება შუქის გარეშე იცხოვრო? აქ ცხოვრობენ მარტოხელები, ბავშვიანი ოჯახები, პენსიონერები, ადამიანები, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. ამ წლების განმავლობაში არაერთი განცხადებით მივმართეთ კომპანიას, მაგრამ პასუხი არის უარყოფითი. ვფიქრობ, კომპანიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და უსაფრთხო ნორმების დაცვით მოგვაწოდოს ელექტროენერგია,“-ამბობს ნუგზარ ფუტკარაძე.

მისი თქმით, დღეს დასახლება ელექტროენერგიას ერთი პირისგან იღებს. „ჩვენ იძულებული ვიყავით გამოსავალი გვეპოვა, კერძო პირმა, ბეჟან ბოლქვაძემ, მოგვცა უფლება მისი მრიცხველიდან მიგვეღო ელექტროენერგია და მთელი დასახლება, ფაქტობრივად, ამ ერთ მრიცხველზეა კუსტარულად მიბმული.“

ნუგზარ ფუტკარაძე  ამბობს, რომ ასეთ პირობებში, ბუნებრივია, არ არის დაცული უსაფრთხოება და ამაზე პასუხისმგებლობა კომპანიის გარდა სახელმწიფომაც უნდა აიღოს.

აქციის მონაწილეების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ამ პრობლემას არ მოაგვარებს, ისინი იძულებული იქნებიან საპროტესტო აქციები მთავრობის სახლის წინ გააგრძელონ.

კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ავთო დვალიშვილი „ბათუმელებთან“ სუაბრაში ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუკი მოქალაქე ვერ წარმოადგენს საკუთრების დამადასტურებელ მოწმობას, მას აღრიცხვაზე ვერ აიყვანენ.

„კომპანიის პოზიცია არის ის, რომ ეს ადამიანები არ არიან ოფიციალური მესაკუთრეები იმ დასახლებაში, ამიტომ კომპანიას რომც უნდოდეს, ამ ოჯახებს აბონენტებად ვერ აიყვანს. რაც შეეხება უსაფრთხოებას, ეს ჩვენ არ გვეხება, რადგან იქ ჩვენი ქსელი არ არის. ეს ჩვენი კომპანიის ტერიტორიაა, მაგრამ გაჩერებული ვართ და ამ ოჯახებს ვაძლევთ ცხოვრების უფლებას“-ამბობს ის.

ავთო დვალიშვილი ასევე დასძენს, რომ მომავალ წელს კომპანია ამ ტერიტორიაზე ქვესადგურის აშენებას გეგმავს.

 

მოსახლეობის თქმით, 165 აბონენტი ერთ მრიცხველზეა მიერთებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: