დაპირისპირება შუქის ვაუჩერების გამო ბათუმის საკრებულოში

ოფიციალურად განსაზღვრული საკითხების განხილვის დაწყებამდე ბათუმის საკრებულოს წევრები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

დაპირისპირების საგანი ელექტროენერგიის ვაუჩერი გახდა, რის გადაცემასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის. არგუმენტი ბოლო დროს შუქის გაძვირებაა.

საკრებულოს უმრავლესობის აზრით, ეს საკითხი საკრებულოს განსახილველი არ არის.

„მეთოდები დაგიძველდათ, კოლეგებო…. რამდენი იყო ბიუჯეტი 2011 წელს? თქვენ იმის ჩვენება გინდათ, რომ თითქოს გული შეგტკივათ მოსახლეობაზე“, – მიმართა უმრავლესობის წევრმა ნატალია ძიძიგურმა საკრებულოს ოპოზიციას.

კამათში ჩაერთო ნატალია ზოიძეც: „თქვენ არ გაქვთ უფლება, გადაფაროთ ჩემი ხმა,“- თქვა მან.

“მორალის კითხვას თავი დაანებოთ იქნებ,”- უპასუხა კოლეგას ლევან ანთაძემ “ნაციონალური მოძრაობიდან”.

ნატალია ზოიძე: “თქვენ მორალიც არ გესმით…”

ნატალია ძიძიგური: “გაითვალისწინეთ, რომ თქვენ მხოლოდ 4 ადამიანი ხართ საკრებულოში, ოთხი, მეტი არ ხართ”.

“დღეს მგონი ყველაზე სამარცხვინო სხდომაა… შეიკრიბეთ იმისთვის, რომ ხელფასების გაზრდას აუწიოთ ხელი,”- თქვა მირდატ ქამადაძემ მას შემდეგ, რაც საკრებულოს უმრავლესობამ დენის ვაუჩერის საკითხის განხილვაზე უარი თქვა.

ბათუმის საკრებულო დღევანდელ, 18 იანვრის სხდომაზე, 21 საკითხს განიხილავს, მათ შორის, თანამდებობრივი სარგოების საკითხს, ასევე მიკროავტობუსით მგზავრობის საფასურის გაზრდას.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აჭარაში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის 300 ლარიანი კომუნალური ვაუჩერების დაწესების ინიციატივით მიმდინარე წლის 12 იანვარს გამოვიდა.

იმავე დღეს აჭარის მთავრობის თავჯდომარემ ზურაბ პატარაძემ განაცხადა, რომ ენმ-ს წინადადებას მთავრობა შეისწავლის.

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი