მთავარი,სიახლეები

ვის შეხვდება იაფი სახლი – კრიტერიუმები საიდუმლოა, ბინების რაოდენობა – უცნობი: მერიის ტენდერი

18.01.2018 • 2988
ვის შეხვდება იაფი სახლი – კრიტერიუმები საიდუმლოა, ბინების რაოდენობა – უცნობი: მერიის ტენდერი

ბათუმში, ჯავახიშვილის #78ა-ში, სადაც ე.წ. იაფი სახლი უნდა აშენებულიყო, მერიამ ორი ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ახალი ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება 2 მილიონ 478 000 ლარია. ადრე იმავე სამუშაოების შესყიდვისთვის მერიამ ხუთი მილიონი ლარი გაითვალისწინა, ერთი ხუთსართულიანი სახლისთვის. მაშინ ტენდერში გამარჯვებული კომპანია გაუჩინარდა.

ახალი სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დაგეგმილი მშენებლობის ფართობი უნდა იყოს 633,50 მ2. ტენდერის მიხედვით ჩანს, რომ ამ თანხაში მერია ითხოვს როგორც ორივე სახლის, ისე ეზოს კეთილმოწყობას. კორპუსებში ბინების საერთო რაოდენობის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, მერიიდან ვერ მოგვაწოდეს.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, აშენების გარდა „ფასადის ღიობებში მოეწყობა მეტალოპლასტმასის მასალისაგან დამზადებული კარ-ფანჯრები ე.წ. „ევროგაღების“ მექანიზმით, ბინაში ოთახებში გასასვლელი კარების მოწყობა მდფ-ის მასალისაგან. ბინაში შესასვლელი კარები დამზადდება ლითონის მასალისაგან. საძინებელ ოთახებში დაიგება ლამინატის იატაკი. დერეფანში, ტერასაზე და ჰოლში იატაკი მოეწყობა ხელოვნური გრანიტისგან არასრიალა ზედაპირით. სამზარეულოში, სანკვანძში და აივნებზე მეთლახის იატაკი დაიგება არასრიალა ზედაპირით. გარე კიბეზე და პანდუსზე მოეწყობა საფარი ბუნებრივი გრანიტისაგან არასრიალა ზედაპირით. შიდა კიბის საფეხურებზე დაიგება ხელოვნური გრანიტი არასრიალა ზედაპირით. მოაჯირები დამზადდება ლითონის მასალისაგან…

კორპუსების ირგვლივ მოეწყობა 1.0 მ-ის სიგანის ბეტონის
სარინერი, დაიგება გაზონი და მოეწყობა ბავშვთა სათამაშო მოედანი უსაფრთხო ზედაპირის საფარით… დაიდგმება მსუბუქი ტიპის საბავშვო სათამაშო ატრაქციონები“.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, კორპუსებს ექნება პანდუსებიც.

სახანძრო უსაფრთხოებასა და გარემოს დაცვას ტენდერის პირობებში ცალკე მუხლები ეთმობა. თუმცა იქვე წერია, რომ „ფასადზე აიკვრება პენოპანელი“. ეს პროდუქცია კი ერთ-ერთი ყველაზე მარტივად აალებადია.

მერიის შესყიდვების სამსახურის ინფორმაციით, ჯავახიშვილის #78-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთში სამომავლოდ  კიდევ ორი ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაა გათვალისწინებული.

მერიაში „ბათუმელებმა“ იკითხა, თუ რა კრიტერიუმებით გაიცემა ბინები მოქალაქეებზე. უწყებაში გვითხრეს, რომ ამ ინფორმაციას არ მოგვაწვდიან. აქამდე არსებული ვერსიებით, იაფ სახლში ბინის ყიდვის შესაძლებლობა ექნებოდათ ბათუმში დარეგისტრირებულ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც გარკვეული შემოსავლები აქვთ და შეძლებენ სახელმწიფოსგან ბინის გამოსყიდვას.


იაფ სახლის ტენდერში გამარჯვებული კომპანია აქამდეც ჰყავდა ბათუმის მერიას, თუმცა „კონვენტ ჯორჯია“, რომელსაც იაფი სახლი უნდა აეშენებინა, მერისთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ცოტა ხანში გაუჩინარდა. მშენებლობის დაწყებამდე მერიამ კომპანიას ავანსის სახით, ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, 1 643 785 ლარი გადაურიცხა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ ხელშეკრულების პირობები დაარღვია, მერია ამ თანხის დაბრუნებას ვერ ახერხებს. 

 

გადაბეჭდვის წესი