ბათუმში ფეხბურთის სტადიონის საძირკვლის ჩაყრისთვის ემზადებიან – ჩამოვა პრემიერიც 

ბათუმში საფეხბურთო სტადიონის საძირკვლის ჩაყრის ცერემონია 2018 წლის 21 იანვარს გაიმართება. ცერემონიას „ბათუმელების“ ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრება.

„20-21 იანვარი განიხილებოდა, თუმცა, ალბათ, უფრო 21 იანვარზე შევჯერდებით. რაც შეეხება პრემიერის ვიზიტს, ამ ეტაპზე ინფორმაცია არ გვაქვს,“ – გვითხრეს აჭარის მთავრობის აპარატში.

ბათუმში, საფეხბურთო სტადიონი ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე აშენდება. სტადიონი UEFA-ას IV კატეგორიის იქნება და ის 20 000 მაყურებელზეა გათვლილი.

შპს „სტადიონსა“ და შპს „ანაგს“ შორის ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე ხელშეკრულება 2016 წლის დეკემბერში გაფორმდა. შპს „ანაგი“ ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა, რომელმაც საფეხბურთო სტადიონი 34 თვეში უნდა ააშენოს.

ხელშეკრულების მიხედვით, სახელშეკრულებო თანხა, დღგ-ს გარეშე, 99 მილიონ 448 ათას 408 ლარია. თუმცა ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ საერთო ღირებულება არის 117 მილიონ 349 ათას 122 ლარი დღგ-ს ჩათვლით.

ტერიტორია ბათუმში, სადაც საფეხბურთო სტადიონი უნდა აშენდეს / 7.01.2018 /

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com