ბათუმის მერის ხელფასი 4500 ლარი იქნება

ბათუმის მერის თანამდებობრივი სარგო 2750 ლარის ნაცვლად 4500 ლარი იქნება, ვიცე-მერი 3600 ლარს აიღებს, მერის მოადგილე – 3400 ლარს. თანამდებობრივი სარგოების პროექტს ხვალ, 18 იანვარს უნდა უყაროს კენჭი ბათუმის საკრებულომ.

აქამდე ბათუმის ვიცე-მერის თანამდებობრივი სარგო თვეში 2150 ლარს შეადგენდა, მერის მოადგილის – 2050 ლარს. მერიაში თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურება იზრდება, თუმცა ისინი დანამატებს აღარ მიიღებენ.

პროექტის მიხედვით, 4500 ლარი იქნება საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასიც. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ანაზღაურება – 3400 ლარი, კომისიის და ფრაქციის თავმჯდომარეები 2900 ლარს მიიღებენ, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე – 2000 ლარს.

დადგენილების პროექტის მიხედვით, იზრდება ბათუმის მერიის აპარატის და სამსახურის უფროსების თანამდებობრივი სარგოებიც 1650 -დან 2900 ლარამდე. განყოფილების უფროსის ხელფასი 2000 ლარი იქნება, უფროსი სპეციალისტის – 1400. პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი 1000 ლარს მიიღებს, ხოლო მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი – 850 ლარს.

ბათუმის მერის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, არჩილ ვანაძის განმარტებით, თანამდებობრივი სარგოს გაზრდით არსებითად სახელფასო ფონდში არაფერი იცვლება, რადგან საჯარო მოხელეები დანამატებს ვეღარ აიღებენ.

რაც შეეხება პრემიებს, არჩილ ვანაძე ამბობს, რომ „ეს ოპტიმიზაციის პროცესზე იქნება დამოკიდებული, რაზეც ლაშა კომახიძემ უკვე ისაუბრა. ამ მოცემულობით პრემიების გაცემა ვერ მოხერხდება.“

ხელფასები ბათუმის მერიაში 2018 წელს [პროექტი]

ხელფასები ბათუმის საკრებულოში 2018 წელს [პროექტი]

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი