მთავარი,სიახლეები

შენი უბნის მეწაღე

17.01.2018 • 4965
შენი უბნის მეწაღე

ყველაფერი ფასს კარგავს, როცა ახალი ფეხსაცმელი გიჭერთ ან მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ქუსლი ტყდება შუა ქუჩაში. ამ დროს თუ ვინმე სახეზე შემოგხედავთ, იფიქრებს, რომ უბრალოდ უჟმური ხართ. არადა, ფეხსაცმელი გიჭერთ ან მაღალი ქუსლი მოტყდა ცოტა ხნის წინ და უახლოეს სადარბაზოს ეძებთ, რომ შევარდეთ და მეორეც მოატეხოთ. გამოსავალი მეწაღის უახლოესი ჯიხურია.

ერთ-ერთ ასეთ ჯიხურში თენგიზ დგებუაძე სამი წელია ფეხსაცმელებს აკეთებს. 67 წლისაა, 18 წლიდან მეწაღედ მუშაობს. თავიდან 12 წელი მუშაობდა ფეხსაცმელების ფაბრიკაში, მერე შეკვეთით კერავდა სხვადასხვა ატელიეში. ამბობს, რომ ადამიანების ხასიათი და განწყობა ფეხსაცმლითაც შეიძლება გამოიცნო. პროფესიულ ჩვევებსაც ამხელს: მეწაღეები ქუჩაში სიარულისას, თურმე, ხშირად აკვირდებიან გამვლელებს ფეხსაცმელზე.

ფოტო: მეწაღე თენგიზ დგებუაძე

ახალს ძველი დრო ურჩევნია.

„ადრე ყველა ქალს თითქმის ერთნაირი ფეხსაცმელი ეცვა, კაცების ფეხსაცმელიც ერთმანეთის მსგავსი იყო. კომუნიზმის ეპოქაში არ იყო დიდი არჩევანი არც ფეხსაცმლის, არც არაფრის. ახლა უამრავი სხვადასხვა დიზაინის ფეხსაცმელი იყიდება, თავბრუ დაგეხვევა იმხელა არჩევანია. მე ახალ ეპოქაში ძველი აზროვნებით გადმოვედი და მიჭირს სიახლეებს და მრავალფეროვნებას მოვერგო. ყველაფრის თავიდან დაწყება რომ შემეძლოს, რამე სხვა პროფესიას ავირჩევდი, მეტ შემოსავლიანს. ცოტა ხანში ვაპირებ დავანებო თავი მუშაობას, აღარ შემიძლია. სხვა მეტყვის ალბათ მალე წადიო და მირჩევნია თვითონ მივიღო გადაწყვეტილება”, – ამბობს თენგიზ დგებუაძე.

მას მეგობარი, მიშა ჯიქიძე ექომაგება, რომ შინ ჯდომას ყველაფერი სჯობს. ჯიხურში სამი წელია ერთად მუშაობენ, გულის გადასაყოლებლად მთელი დღე პატარა ტელევიზორი აქვთ ჩართული. ხელსაწყოებით, საკერავი მოწყობილობებითა და ფეხსაცმლის კალაპოტებითაა სავსე პატარა სივრცე.

ამ უძველეს კარადაში ფეხსაცმლის ახალი ლანჩები, წებო, ლურსმნები, სხვადასხვა ფერის ტყავი და ბევრი წვრილი დეტალი ინახება. ყველაფერი, რაც ახალი ფეხსაცმლის შეკერვას სჭირდება.

ფოტო: ბათუმელები

ჯიხურში აკეთებენ დაზიანებულ ფეხსაცმელს, ასევე კერავენ ახალს. თენგიზ დგებუაძე ამბობს, რომ ქალის მაღალყელიანი, ტყავის ჩექმის შეკერვა მინიმუმ 250 ლარი ღირს, მამაკაცის ფეხსაცმელების ფასი კი 150 ლარიდან იწყება.

„ხანდახან ისეთი ფეხსაცმელი მოაქვთ შესაკეთებლად, ზუსტად ვიცი, გაკეთების მერეც ერთი კვირა ვერ გაძლებს, მაგრამ როგორ გინდა ადამიანს ასე უთხრა, ზოგს სწყინს და ჩუმდები. ხანდახან ასეც მომხდარა, შემიკერავს ფეხსაცმელი, მაგრამ კლიენტს არ მოსწონებია და მიჩუქნია, უფასოდ. ხან პირიქით, მოსწონთ და მადლობას გიხდიან. აქ ყველანაირი ხალხი შემოდის, ძირითადად ვცნობთ ჩვენს კლიენტებს,” -ამბობს ბარათაშვილის ქუჩის მეწაღე.

ფოტო: ბათუმელები

ამ ფეხსაცმლის შეკეთება მალე დასრულდება და პატრონი ძველებურად იკაკუნებს ქუსლებზე. მეწაღეების ჯიხურებს ბათუმში სარეკლამო აბრებიც ამშვენებს. კუსტარულად დამზადებულ რეკლამაზე ზოგან პირდაღებულ ფეხსაცმელს წააწყდებით, ზოგან ხასხასა ფერებით შესრულებულ წარწერას, ერთგან მეწაღის ჯიხურისთვის „თემოს ქოხიც” დაურქმევიათ. ზოგიერთი ჩხუბს დაგიწყებთ არ გადამიღოო, ზოგიერთი დაგთანხმდებათ, მაგრამ ჯერ თმას დავივარცხნი, გავიპარსავ და მერე მოდიო-გეტყვით. ასეთ დროს მშვიდად იღიმით და ისეთ რესპონდენტს არჩევთ, ვისაც წვერითაც შეუძლია გელაპარაკოს და სიამოვნებით დაგთანხმდებათ გადაღებაზეც.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: