მთავარი,სიახლეები

ყოველთვიურად 100 და დეპოზიტზე შესატანი 5000 ლარი – შინაპატიმრობის ახალი წესები

30.12.2017 • 2570
ყოველთვიურად 100 და დეპოზიტზე შესატანი 5000 ლარი – შინაპატიმრობის ახალი წესები

2018 წლის პირველ თებერვალს შინაპატიმრობის აღსრულების ახალი წესი ამოქმედდება.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესი განსაზღვრავს: სასჯელის აღსრულების წესსა და პირობებს, ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენების წესს, ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულების საფასურის ოდენობას, დეპოზიტზე თანხის განთავსების წესსა და პირობებს.

ახალი წესი ვრცელდება როგორც არასრულწლოვან, ასევე სრულწლოვან მსჯავრდებულებზე. შინაპატიმრობაში მყოფი პირი სპეციალური ელექტრომოწყობილობით გაკონტროლდება, რაც საშუალებას იძლევა, გაკონტროლდეს პერიმეტრი, რომელზეც ის მოძრაობს.

სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილებით განხორციელდება ოფიცრის საკონტროლო ვიზიტები მსჯავრდებულთან შინაპატიმრობის მოქმედების საათებში. სასჯელის აღსრულების ადგილზე თვეში არანაკლებ 6 გაუფრთხილებელი ვიზიტი უნდა განხორციელდეს.

შინაპატიმრობაში მყოფი პირი ვალდებულია მოსაკრებელი – 100 ლარი გადაიხადოს ყოველთვიურად. გადასახადისგან თავისუფლდებიან სოციალურად დაუცველი პირები და არასრულწლოვნები.

კიდურზე დამაგრებული ელექტრომოწყობილობის გამიზნულად დაზიანების შემთხვევაში შინაპატიმრობაში მყოფი პირი ასევე ვალდებულია გადაიხადოს მოწყობილობის ღირებულება.

წესის მიხედვით, აპარატის დამაგრებიდან 7 დღის განმავლობაში მსჯავრდებულმა აპარატურის სრული ღირებულების შესაბამისი თანხა – 5000 ლარი უნდა განათავსოს სააგენტოს სპეციალურ სადეპოზიტო ანგარიშზე, რაც აპარატურის დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების გარანტია იქნება.

არის თუ არა ხელმისაწვდომი ყველა სოციალური ფენისთვის შინაპატიმრობის აღსრულების ახალი წესი, რა შედეგები შეიძლება მოიტანოს მან ან რა ხარვეზები და ღირსება აქვს ახალ წესს. ამ და სხვა საკითხებზე „ბათუმელებთან“ „დემოკრატიის ინსტიტუტის“ იურისტი, რამინ გვარიშვილი საუბრობს.

რამინ გვარიშვილი: „შინაპატიმრობა არის სასჯელის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც  შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც ძირითად, ასევე დამატებით სასჯელად. ახალმა წესმა დაარეგულირა შინაპატიმრობის აღსრულების პროცედურა. ახალი წესის დადებითი მხარეა, რომ მსჯავრდებულებს შესაძლებლობა აქვთ, სასჯელი მოიხადონ პენიტენციურ სისტემაში მოხვედრის გარეშე, შინ, ახლობლების გარემოცვაში.

თუ რისკებზე ვისაუბრებთ, ახალი წესი შეიძლება ხელსაყრელი იყოს დამნაშავისთვის, რომელსაც მატერიალურად არ უჭირს და ეადვილება ყოველთვიური მოსაკრებლის, 100 ლარის გადახდა. ამ სახის სასჯელით, ვფიქრობ, მხოლოდ მათ შეუძლიათ ისარგებლონ, ვისაც ფინანსური მხარე არ აბრკოლებთ.

მოსაკრებლისგან თავისუფლდებიან არასრულწლოვნები და სოციალურად დაუცველები. საშუალო ფენას კი, რომელსაც სახარბიელო ფინანსური მდგომარეობა აქვს, არც სოციალურად დაუცველთა სიაშია და არც არასრულწლოვანია, შესაძლოა მოსაკრებელი მძიმე ტვირთად დააწვეს.

შინაპატიმრობა, მოგეხსენებათ, სასჯელის სახლიდან გაუსვლელად მოხდას გულისხმობს. ამ ტიპის სასჯელზე დამატებითი მოსაკრებლის დაწესება, თან საშუალო ფენისთვის, რომლისთვისაც 100 ლარი შეიძლება პურის ფული იყოს, ვფიქრობ, საკამათო თემაა. თუ ადამიანი სახლიდან ვერ გადის, ვერ მუშაობს, როგორ უნდა შეძლოს ამ მოსაკრებლისთვის საჭირო თანხის გამომუშავება? არის რისკი იმისა, რომ პირმა დაარღვიოს შინაპატიმრობის წესები გადასახდელი მოსაკრებლის გამომუშავების მიზნით და, ბუნებრივია, ამის შემდეგ მას შეეფარდება თავისუფლების აღკვეთა.

თუნდაც ჰყავდეს მსჯავრდებულს ოჯახი, რომელიც 100 ლარს გადაუხდის, მაგრამ რამდენი ოჯახია, ვისთვისაც თანხის გადახდა შეიძლება კვებისთვის აუცილებელი სახსრების მოკლებას ნიშნავდეს. დიდი ტვირთი იქნება ეს თანხა ბევრი ოჯახისთვის.

თუ შინაპატიმრობაში მყოფი მარტო ცხოვრობს, მაშინ აღნიშვნაც არ სჭირდება იმას, რომ მოსაკრებლის გადახდა გართულდება. ჰაერიდან ხომ ვერ შემოუვა თანხა ადამიანს, სადღაც ხომ უნდა იშოვოს.

ამგვარად შინაპატიმრობის აღსრულების წესები რისკებსაც შეიცავს. როცა საჯელის აღსრულების წესი პრაქტიკაში დაინერგება, შეიძლება გამოჩნდეს სხვა საჭიროებები, რაც ჯერ გათვალისწინებული არ არის. აღსრულების დროს შესაძლოა ბევრი პუნქტი  გახდეს შესაცვლელი.

წინგადადგმული ნაბიჯია, რომ დაინერგა შინაპატიმრობა სასჯელის ერთ-ერთ სახედ. ადრე არ არსებობდა შინაპატიმრობის ზედამხედველობის წესები და კარგია, რომ ეს წესი უკვე განსაზღვრა მინისტრმა. მოსახერხებელია ასევე მეთვალყურეობის პროცესისთვის ელექტრონული სამაჯურების ტარების პრინციპიც, მაგრამ ზოგადი სოციალური ფონის გათვალისწინებით საფიქრებელია, როგორ იმუშავებს მოსაკრებლის გადახდის წესი.

სასჯელის ეს ფორმა მოსახერხებელი იქნება სოციალურად დაუცველებისთვის, არასრულწლოვნებისა და მდიდრებისთვის (და მსჯავრდებულთა შორის ასეთი ძალიან ცოტაა). მოუხერხებელი იქნება საშუალო ფენისთვის,“ – აცხადებს „დემოკრატიის ინსტიტუტის“ იურისტი.

სახალხო დამცველის აპარატსა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ საკითხი სიღრმისეულადაა შესასწავლი და შინაპატიმრობის აღსრულების ახალი წესის შესახებ მათი პოზიციები და მოსაზრებები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: