დაკეტილი მაღაზიები ქემალ ფაშაში – ქართველი გამყიდველების პროტესტის ეფექტი [ფოტო]

იამზე შანიძე 12 წელია ყოველ დილა-საღამოს კვეთს თურქეთ – საქართველოს საზღვარს. 8 წელია იმავე გზას გადის ეკა შანიძეც. ორივე თურქეთის ქალაქ ქემალ ფაშაში მდებარე ბაზრობაზე მუშაობს, ტანსაცმელსა და თეთრეულს ყიდიან. დღეს ქართველები, რომლებიც ქემალ ფაშაში მუშაობენ, სამუშაოს ნაცვლად საპროტესტო აქციაზე იდგნენ სარფში. სწორედ ამიტომ ქემალ ფაშაში მაღაზიები დაკეტილია.

დღეს, 16 იანვარს, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან იამზე და ეკა იმ ათეულობით ქართველთან ერთად იდგნენ, რომლებმიც თურქული მხარის მიერ  საზღვრის კვეთის შეცვლილ რეგულაციებს აპროტესტებდნენ.
2018 წლის პირველი იანვრიდან შეცვლილმა საზღვრის კვეთის წესმა მათ  სამუშაო პირობები გაურთულა.

„ყველას ურთულდება ყველაფერი. ჩვენს ხელფასზე ჩვენი ოჯახებია დამოკიდებული. ამ ცვლილებით ჩვენ ხომ უმუშევარი ვრჩებით სამი თვის შემდეგ. იქ დამსაქმებლებსაც აწყობთ ის, რომ საქართველოს მოქალაქეები ვმუშაობდეთ. ქემალ ფაშაში მყიდველი ძირითადად საქართველოდან გადადის. სხვადასხვა ქალაქის ბაზრობაზე, იქ შეძენილი საქონელი იყიდება. ქართულენოვანი გამყიდველი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია,” – ამბობენ ისინი.

იამზე და ეკა შანიძეები სამსახურის ნაცვლად სარფში, საპროტესტო აქციაში მონაწილეობენ.

იაშას რვა წელია სარფიდან ქემალ ფაშაში მგზავრები გადაჰყავს. დღეს ტრადიციულზე დიდხანს მოუნდა თავისი სამარშუტო ტაქსის გავსებას. ის ამბობს, რომ ცვლილებები მათზე, “უბრალო ხალხზე”, აისახება იმ შემთხვევაში, თუ ნაკლები ადამიანი ივლის ყოველდღიურად სარფიდან ქემალ ფაშაში და პირიქით.

 

ალი თაშქინი ტანსაცმლის მაღაზიის მეპატრონეა. დღეს მის მაღაზიაში მყიდველი არ მისულა. სამსახურში არ ყოფილა არც გამყიდველი, რომელიც ხუთი წელია მასთან მუშაობს.
“55 წლისაა, ჩემი დეიდასავით არის. კლიენტი თუ ცოტა მოვა, მუშაობა არ იქნება და ჩემს შემოსავალზე აისახება. ეს ცვლილებები ყველაზე მოახდენს გავლენას. ქართველებზე უფრო, მაგრამ ჩვენც დავზარალდებით,” – ამბობს ის ქართულად.

ქემალ ფაშას მთავარი სავაჭრო ქუჩა, ინუნუ ჯადესი, რომელიც ჩვეულებრივ ხალხითაა ხოლმე სავსე, დღეს ცარიელია. აქ არც გამყიდველები არიან და არც მყიდველები.

ქემალ ფაშაში დღეს მაღაზიათა 90% დაკეტილი იყო. ამ მაღაზიებში გამყიდველებად საქართველოს მოქალაქეები მუშაობენ.

 

ერდარ აითარი ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონეა. ის ამბობს, რომ შეცვლილი რეგულაციების შემდეგ ორი გამოსავალია – აიყვანოს ორი თანამშრომელი, რომელიც ყოველ სამ თვეში ერთმანეთს შეცვლის, ან თავად გაყიდოს პროდუქცია.

აქცია სარფში შეწყდა. მოქალაქეები ქართულ-თურქული მოლაპარაკებების შედეგს ელოდებიან.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, დავით გაბაიძესთან და თურქეთის რესპუბლიკის კონსულთან, მაქბულე ქოჩაკთან ერთად  თურქეთშია  და ართვინის გუბერნატორს ხვდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი