ბათუმის მერია აუქმებს ორ ა(ა)იპ-ს, სადაც 74 პირია დასაქმებული

ბათუმის მერია ორი ა(ა)იპ-ის: „ბათუმის ავტოდრომისა“ და „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ გაუქმებას გეგმავს. მერიის ეს გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ მიმდინარე წლის 18 იანვარს სხდომაზე უნდა დაამტკიცოს. საკრებულოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი ცვლილებები უნდა შევიდეს ბათუმში საგზაო მოძრაობის დაგეგმვის, რეგულირებისა და პარკირების წესებში.

მერიის გადაწყვეტილებით, „ბათუმის ავტოდრომის“ ფუნქცია-მოვალეობები გადაეცემა „ბათუმის სპორტულ ცენტრს“, ხოლო „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ ფუნქციები – შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“.

„სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ გაუქმება, როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, ქალაქის ბიუჯეტში 350 000 ლარის ეკონომიას ნიშნავს. ა[ა]იპ-ების გაუქმების ინიციატორი ქალაქის მერი, ლაშა კომახიძეა.

„სამსახურის ლიკვიდაციის დაწყება ავტომატურად ნიშნავს ამ სამსახურებში დასაქმებული პირების გათავისუფლებას, თუმცა, მაგალითად, „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ ფუნქციებს სხვა სამსახური შეასრულებს, შესაბამისად, იმ სამსახურში, ალბათ, მოხდება თანამშრომლებისა და სპეციალისტების გადაყვანა, თუმცა ვინ, რამდენი გადავა, ეს ყველაფერი საკრებულოს თანხმობის შემდეგ გადაწყდება,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ ბათუმის მერიის აპარატის უფროსმა, ნუკრი დეკანაძემ.

მისივე ინფორმაციით, ორივე ა[ა]იპ-ში დღეს 74 პირია დასაქმებული.

მერიაში აცხადებენ, რომ სამსახურების ლიკვიდაცია არანაირ ცვლილებას არ გამოიწვევს ბათუმში პარკირების ადმინისტრირების კუთხით.

„პარკირების კუთხით ყველაფერი დარჩება ისე, როგორც არის და ადმინისტრირებას მოახდენს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ [შესაბამის კანონმდებლობაში კი ტექნიკური ცვლილებები შევა]. თუმცა გარკვეული მომსახურებები, მაგალითად, საგზაო ნიშნები, მონიშვნა, შუქნიშნების მოვლა-პატრონობა, მერიამ შესაძლოა ტენდერით შეისყიდოს. ტენდერში კი, ნებისმიერ კერძო პირს, ასევე „ავტოტრანსპორტსაც“ შეეძლება მონაწილეობის მიღება,“ – აცხადებს ნუკრი დეკანაძე.

ბათუმის მერიის აპარატში ასევე აცხადებენ, რომ მერიაში რეორგანიზაციის პროცესი გაგრძელდება და ამის შესახებ ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com