სიახლეები

10 კერძი, რომელიც აჭარაში უნდა დააგემოვნოთ

27.06.2015 • 5912
10 კერძი, რომელიც აჭარაში უნდა დააგემოვნოთ

 

1. აჭარული ხაჭაპური – აჭარული ხაჭაპური გამოირჩევა როგორც ორიგინალური ფორმით, ისე განსაკუთრებული გემოთი. თუ კლასიკურ ხაჭაპურს სხვა კერძებთან ერთად აგემოვნებენ, აჭარულ ხაჭაპურს როგორც მეტად ნოყიერ კერძს ცალკე შეექცევიან დილის საუზმის ან სადილის დროს. აჭარული ხაჭაპურის შექმნის არაერთი ვერსია არსებობს. ზღვისპირას მცხოვრებ ლაზებს ცომისთვის ნავის ფორმა მიუციათ, კვერცხის გული კი თითქოს ზღვაში ჩამავალ მზეს განასახიერებს. 

 

2. სინორი – მის მოსამზადებლად სპეციალურად გამომცხვარი ცომის ფირფიტები, ნადუღი და ერბო დაგჭირდებათ, რომლებსაც ოსტატურად შეურევთ ერთმანეთს და კეცზე გამოცხობის შემდეგ უგემრიელს კერძს მიიღებთ.

 

3. აჭარული ღვინო – აჭარაში მევენახეობის ისტორიეულ კერად მიჩნეულია ქედის მუნიციპალიტეტი, რომელიც ბათუმიდან 43 კმ-ში მდებარეობს. აჭარაში ყველაზე პოპულარული ღვინის სახეობებია ცოლიკაური (თეთრი) და ჩხავერი (ვარდისფერი).

 

4. ყავა ქვიშაზე და ბაქლავა – ყავის ცხელ ქვიშაზე მოდუღებისას აუცილებელია ქვიშის სასურველი ტემპერატურის დაცვა. ქვიშაზე მომზადებული ყავა შესანიშნავი დესერტია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მას ზღვის პირას მიირთმევთ.  ბაქლავა დესერტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე რთული მომზადების წესით გამოირჩევა. ლანგარზე გადაჭიმულ სამოცზე მეტ სიფრიფანა ცომის ფენას სათითაოდ აწყობენ ერთმანეთზე წვრილად დაფქვილ თხილთან ან ნიგოზთან ერთად. ფენებს შორის ამატებენ ასევე ერბოს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ბაქლავის მოსამზადებლად ცხობის პროცესიც. ღუმელიდან გადმოღებულ, რომბისებურად დაჭრილ ტკბილეულს უხვად ასხამენ სიროფს, როცა კარგად გაუჯდება სიტკბო, მაშინ უკვე ბაქლავაც მზადაა.

 

5. აჩმა – აჩმა ხაჭაპურის ერთ-ერთი ინტერპრეტაციაა. მისი მომზადების ტექნოლოგია საკმაოდ განსხვავებულია კლასიკური ხაჭაპურისგან: იგი თხელი ფენებისაგან შედგება, რომლებშიც ჩამდნარი ყველი და კარაქი ერთდროულად ნოყიერი და ჰაეროვანია. 

 

6. იახნი – იახნის მოყვარულებს აჭარის ყველა რაიონში შეხვდებით, მაგრამ ეს კერძი განსაკუთრებით პოპულარულია ქობულეთში. მას საქონლის მკერდის ნაჭრისგან ამზადებენ. იახნის დასამზადებლად იყენებენ სანელებლების ბევრ ნაირსახეობას, რაც კერძს განსაკუთრებულ გემოს სძენს. იახნი ქობულეთური სუფრის განუყოფელი ნაწილია და მის დამზადებას მხოლოდ გამოცდილ მზარეულებს ანდობენ.

 

7. მალახტო – მალახტო აჭარული სამზარეულოსთვის დამახასითებელი ლობიოს კერძია. მას აუცილებლად ჭყინტი ლობიოსაგან ამზადებენ, რომელსაც მოხარშვის შემდეგ ნიგოზს, სხვადასხვა სანელებლებს და ყველაზე მთავარ ინგრედიენტს – ისრიმის (მკვახე ყურძენი) წვენს ამატებენ, რაც მალახტოს დამახასიათებელ და განსაკუთრებულ გემოს მატებს.

 

8. ბორანო – ბორანო აჭარულ სამზარეულოში გამორჩეული კერძია, იგი ძალიან ნოყიერი და კალორიულია. მისი მომზადებისთვის ძირითადი ინგრედიენტებია ერბო და აჭარული ყველი. არსებობს ბორანოს სხვადასხვა სახეობა, მათგან ყველაზე პოპულარული კვერცხით და სიმინდის ფქვილით დამზადებული ბორანოა. 

 

9. კაიმაღი – კაიმაღი აჭარული სამზარეულოსათვის დამახასიათებელი კერძია, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს რეგიონის მოსახლეობაში. კაიმაღი რძის პროდუქტებისგან მზადდება და გამორჩეულად ნოყიერია. მისი მირთმევა სასურველია ყველთან და მჭადთან ერთად. თუკი ერთხელ მაინც დაგიგემოვნებიათ ეს აჭარული კერძი, მის მირთმევაზე უარს ვერასდროს იტყვით.

 

10. აჭარული ყველი – აჭარაში ყველის ბევრინაირი სახეობაა გავრცეებული, ყველაზე დამახასიათებელი კი აჭარული დაწნული ყველია, რომელსაც ძირითადად მაღალმთიან რეგიონში ამზადებენ. დაწნული ყველის დამზადების განსაკუთრებული ტექნოლოგია, განსხვავებული ფორმა და დამახასიათებელი გემო მიმზიდველია ნებისმიერი გურმანისთვის.


 

 

 

გადაბეჭდვის წესი