სიახლეები

”მე ადამიანი ვარ” – ახალი სპექტაკლის პრემიერა ბათუმის თეატრალურ სარდაფში

27.06.2015 • 1627
”მე ადამიანი ვარ” – ახალი სპექტაკლის პრემიერა ბათუმის თეატრალურ სარდაფში

 

 

სპექტაკლის რეჟისორი აჩი გოგუაძე ამბობს, რომ სპექტაკლზე დაახლოებით თვე-ნახევარი მუშაობდნენ. სპექტაკლში ორი პერსონაჟია, რომელთა როლებსაც, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის მე-2 კურსის სტუდენტი ელისაბეტა მხეიძე და თბილისიდან მოწვეული მსახიობი – ივანე ჭელიძე ასრულებდნენ. დრამატურგი – ზურა მელიქიძე, მხატვარი კი გიორგი წულაძეა.

 

 

“სპექტაკლის ჟანრის შესახებ შემიძლია ვთქვა, რომ ეს უფრო აბსურდია, ვიდრე ტრაგედია ან კომედია. პიესა იმ ადამიანზე, რომელიც საკუთარ თავში, საკუთარ ნაჭუჭშია ჩაკეტილი, რომელმაც თავი გაირიყა მთელი სამყაროსგან. მასთან მოდის ქალი, რომელიც ცდილობს მის გამოყვანას ნაჭუჭიდან, მაგრამ კაცი მას მაინც არ უშვებს ბოლომდე ახლოს. ჩვენი მესიჯი ამ სპექტაკლით არის ის, რომ ადამიანი არ უნდა იყოს მარტო თავის თავთან ჩაკეტილი, სულიერი მეგობარი ყველას სჭირდება და ხშირად ხდება ისე, რომ ჩვენთან მოდიან ეს ადამიანები, მაგრამ ჩვენ ვერ ვხვდებით. სწორედ  ეს არის ჩემი გულის ტკივილი, როგორც რეჟისორის, რომ დღევანდელ რეალობაში რთულია სულიერი მეგობრის ნახვა და როცა ის მოდის – აუცილებლად უნდა დავაფასოთ” – ამბობს რეჟისორი.

 

 

აჩი გოგუაძის თქმით, პრემიერამ წარმატებით ჩაიარა – “ნამდვილად კარგი მაყურებელი გვყავდა, დაგვესწრო ბათუმის თეატრალური საზოგადოება, ნახეს და შეგვიფასეს ნამუშევარი, როგორც მე ახალგაზრდა რეჟისორს და ახალგაზრდა მსახიობებს. ისინი დაგვიდგნენ მხარში, რის გამოც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ” – ამბობს ის.

 

 

სპექტაკლის ნახვა მაყურებელს 27, 28 და 29 ივნისსაც, ბათუმის თეატრალურ სარდაფში (ლუკა ასათიანის ქ. #66) შეეძლება. დასაწყისი 20 საათზე, ბილეთის ფასი 5 ლარი.  

 

გადაბეჭდვის წესი