კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

ენმ სოციალურად დაუცველთათვის 300 ლარიანი კომუნალური ვაუჩერების დარიგების ინიციატივით გამოდის

12.01.2018 • 2007
ენმ სოციალურად დაუცველთათვის 300 ლარიანი კომუნალური ვაუჩერების დარიგების ინიციატივით გამოდის

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აჭარაში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის 300 ლარიანი კომუნალური ვაუჩერების დაწესების ინიციატივით გამოდის და ამ მიზნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

„ხელისუფლების დაპირებისამებრ, ნაცვლად ტარიფების შემცირებისა, ყოველწლიურად იზრდება კომუნალური გადასახადები. ახლახან გაძვირდა ელექტროენერგია, რაც მძიმე ტვირთად დააწვა სოციალურად დაუცველ ოჯახებს. ნაციონალური მოძრაობის ინიციატივაა ამუშავდეს 300 ლარიანი კომუნალური ვაუჩერი, რომელიც გადაეცემა სოციალურად დაუცველ ოჯახებს, მარტოხელა დედებსა და პენსიონერებს, ომში დაღუპული გმირების ოჯახებს და ასევე ოჯახებს, სადაც ცხოვრობენ სპეციალური საჭიროების მქონე პირები. მოვუწოდებთ აჭარის მთავრობას დაიწყოს კონსულტაციები პროგრამის ასამოქმედებლად, საბიუჯეტო თანხების გამოსაყოფად. ნაციონალური მოძრაობა დაიწყებს ხელმოწერების შეგროვებას მოსახლეობაში და ინიციატივას წერილობით წარუდგენს აჭარის მთავრობას,” –  განაცხადა დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან გია აბულაძე.

მისი თქმით ბიუჯეტში არის ხარჯები, რომელიც შეიძლება გამოთავისუფლდეს.

“მაგალითად 200 ათასი მარტო სტრატეგიის შემუშავებისთვის აქვთ გამოყოფილი. 160 ათასი ლარი აჭარის მთავრობას მანქანების შესაძენად აქვს გათვალისწინებული. შემცირდება ბიუროკრატიული ხარჯები და ყოველწლიურად დაახლოებით 10 მილიონ ლარამდე  ნაშთი რჩება ბიუჯეტში. იქნება თითქმის 17 ათასი ოჯახი რომლისთვისაც დაახლოებით 5 ან 5 მილიონ-ნახევარი ლარი იქნება საჭირო, რომ მათთვის კომუნალური გადასახადების 300 ლარიანი ვაუჩერი ამოქმედდეს . თანხას ოჯახი თავად განკარგავს: შეუძლია მხოლოდ ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გადასახადი დაფაროს, ან ყველაფერი ერთად: გაზიც, შუქიც, დასუფთავებაც და წყალიც. ინიციატივა ბიუჯეტის დამტკიცების დროსაც წარვადგინეთ, მაგრამ სამწუხაროდ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა. მოსახლეობაში შეგროვილ ხელმოწერებს წარვუდგენთ აჭარის მთავრობას და ვაჩვენებთ, რომ ეს არ არის ნაციონალური მოძრაობის ინიციატივა, ეს არის ხალხის სურვილი და საჭიროება,”-აცხადებს გია აბულაძე.

„ბათუმელების” კითხვას თუ რა პერიოდში შეგროვდება ხელმოწერები და როდის წარედგინება აჭარის მთავრობას ინიციატივა, გია აბულაძემ ასე უპასუხა:

„ხელმოწერები დაახლოებით ერთ კვირაში შეგროვდება აჭარის ტერიტორიაზე. მზად ვართ მთავრობასთან კონსულტაციები ხვალვე დავიწყოთ და თუ ისინი ხელმოწერების შეგროვების გარშე გამონახავენ საბიუჯეტო თანხებს კომუნალური ვაუჩერებისთვის, ცხადია მოვილაპარაკებთ, თუმცა თუ ასე არ მოხდება შევაგროვებთ ხელმოწერებს. როგორც აღვნიშნეთ, ვგულისხმობთ მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას”.

მისივე განცხადებით ხულოს, შუახევს, ხელვაჩაურს, ქობულეთსა და ბათუმს მოწყვლადი ჯგუფის ოჯახებისთვის 300 ლარიანი ვაუჩერების გამოყოფის რესურსი აქვს, თუმცა იგივე რესურსი არ გააჩნია ქედას. ცენტრალიზებულად აჭარის მთავრობას საერთო ჯამში მოეძევება საბიუჯეტო თანხები პროგრამის ასამოქმედებლად ისე, რომ მნიშვნელოვნად არაფერი შეიცვალოს ბიუჯეტში და რაიმე სხვა პროგრამის ამოღება ან გაუქმება არ გახდეს საჭირო.

 

 

გადაბეჭდვის წესი