ორი აზრი პროექტ „ტელესპექტაკლების“ გაუქმებაზე – ნერონ აბულაძე VS ნათია კაპანაძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია პროექტ ,,ტელესპექტაკლებს“ აუქმებს. მაუწყებლის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას თეატრალური საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. „ბათუმელებთან“ აჭარის ტელევიზიის დირექტორმა, ნათია კაპანაძემ განმარტა, რომ „ტელესპექტაკლების“ სახელშეკრულებო ვადა ამოიწურა.

ნათია კაპანაძე

ნათია კაპანაძე: საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო აცხადებს ტენდერს გარეწარმოებაზე, დოკუმენტური ფილმების შესაძენად, ამ პროცესში ჩართული იყო პროექტ „ტელესპექტაკლების“ ავტორი ნერონ აბულაძე. რა თქმა უნდა, მას აქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს კონკურსში, რომელიც ძალიან მალე გამოცხადდება. ნერონ აბულაძისთვისაც ცნობილი იყო, რომ დოკუმენტური ფილმები გადიოდა გარეწარმოებაზე. პროექტებზე, რომელიც ნერონ აბულაძემ წარმოადგინა, პრიორიტეტებისა და ტექნიკური თვალსაზრისით უარია ნათქვამი.

რატომ აცხადებს ტენდერს გარეშესყიდვებზე საზოგადოებრივი მაუწყებელი, როცა ტელევიზიას ჰყავს თანამშრომლები?

საზოგადოებრივი მაუწყებლობის კანონმდებლობის მიხედვით, არხის 25%-ი უნდა გავიდეს გარეწარმოებაზე. დოკუმენტური ფილმები იქნება ის, რაც პირველად გავა გარეწარმოებაზე. გარეწარმოებაზე გავა ასევე სხვა პროდუქტებიც დროთა განმავლობაში, კანონმდებლობის შესაბამისად. ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონის მე-16 მუხლის მითითება, კანონის ამ ჩანაწერის მთავარი იდეაა განვითარების შესაძლებლობა მივცეთ გარეწარმოების სტუდიებს.

რა გადაცემები რჩება აჭარის ტელევიზიის ეთერში ხელოვნების მიმართულებით?

„არტ-ექსპერტი“ და „სცენა“.

არის თუ არა ცნობილი, რით შეივსება პროექტ „ტელესპექტაკლების“ გაუქმების შემდეგ გამოთავისუფლებული საეთერო დრო?

ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია გვექნება მარტის თვის დასაწყისში. მთავარი რეკომენდაციები რაც გვაქვს, ეს არის ბადის არამყარი ხასიათი, აჭარის ტელევიზიის შემთხვევაში ბადეს აქვს ბევრი ნაკლი, თითოეული გადაცემა უნდა შეესაბამებოდეს რეკომენდაციებსა და მოსაზრებებს, რომელიც სამაუწყებლო პროფილის ანალიზის შედეგად გვაქვს. პროცესი ითვალისწინებს უფრო ცოცხალი, აქტიური გადაცემების შექმნას. ამისთვისაა სწორედ საჭირო როგორც ტელევიზიის შიდაწარმოების პროდუქტი, რომელთაგანაც თეატრალური და სახელოვნებო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გადაცემებისგან რჩება 2018 წლის ეთერში – გადაცემები „სცენა“ და „არტ ექსპერტი“. ასევე საჭიროა კანონის მიხედვით გვქონდეს გარეწარმოების სტუდიებისგან შეძენილი მასალებიც.

„ბათუმელები“ გაუქმებულ პროექტ „ტელესპექტაკლების“ ავტორს, ნერონ აბულაძესაც დაუკავშირდა:

ნერონ აბულაძე

თქვენ სოციალურ ქსელში წერთ, რომ ოთხი გადაცემა შესთავაზეთ საზოგადოებრივ მაუწყებელს და ოთხივე პროექტი დაიწუნეს, ისე რომ მიზეზი არ იცით?

დეკემბრის ბოლოს მივიღეთ შეტყობინება, რომ ჩემი პროექტებისთვის ტელევიზიას საკმარისი რესურსი არ აქვს. ასევე მაცნობეს, რომ იხურებოდა პროექტი „ტელესპექტაკლები“ და მიწყვეტდნენ ხელშეკრულებას.

პროექტი სამი წელია არსებობს და ჩვენ გვქონდა შეთანხმება რეგიონების დრამატულ თეატრებთან, გაგვეკეთებინა გამორჩეული სპექტაკლების სატელევიზიო ჩანაწერები, რომ მომავალ თაობებს ოქროს ფონდის სახით შემორჩენოდა არქივი, რომელიც აჩვენებს როგორია ჩვენი პერიოდის თეატრალური ცხოვრება საქართველოში.

რა იყო პროექტ „ტელესპექტაკლების“ ბიუჯეტი, რა უჯდებოდა საზოგადოებრივ მაუწყებელს პროექტის დაფინანსება?

სამი წელია რაც პროექტი არსებობს და ორი წლის განმავლობაში თვეში ორ სპექტაკლს ვწერდით, შემდეგ ეს რიცხვი რესურსის სიმცირის გამო შემცირდა და ბოლო ერთი წელია წელიწადში 11 სპექტაკლის ჩანაწერს ვაბარებდით საზოგადოებრივ მაუწყებელს. ანუ თვეში ერთ სპექტაკლს ვწერდით. აჭარის ტელევიზია კვირაში ერთხელ უშვებდა სპექტაკლების სრულ ჩანაწერს, ძველი სპექტაკლებიც მეორდებოდა პერიოდულად ეთერში. ერთი მივლინებისას ერთი სპექტაკლის გადაღებაზე მაქსიმუმ 1000 ლარამდე იხარჯებოდა, თუ არ ჩავთვლით ჯგუფის ყოველთვიურ ხელფასს. მაგრამ ხშირად ეს ხარჯი არ აღემატებოდა 500-600 ლარს.

ამბობთ, რომ გამორჩეულ სპექტაკლებს იღებდით რეგიონებში. თუ შეგიძლიათ ჩამოგვითვალოთ გუნდის წევრები, ვინც განსაზღვრავდა პრიორიტეტებს და იღებდნენ გადაწყვეტილებას, რომელი სპექტაკლი გადაეღოთ და შეეტანათ „ოქროს ფონდში“?

თქვენ არ ითვალისწინებთ, რომ მე თავად გახლავართ თეატრმცოდნე, თეატრის კრიტიკოსი, წარმოვადგენ საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა ასოციაციას, თანამედროვე თეატრის კვლევის ცენტრს. ამ ასოციაციაში ერთიანდება საქართველოში მოღვაწე ყველა თეატრმცოდნე, ასევე ვრედაქტორობ თეატრალურ ჟურნალს, რომელშიც ჩემი კოლეგების წერილები იბეჭდება. ვიღებდით სპექტაკლებს, რომელიც ამა თუ იმ რეგიონში თეატრალური სეზონის გამორჩეულად ღირებულ ნამუშევრად ითვლებოდა, პრემიერების რაოდენობის და თეატრმცოდნეების დადებითი გამოხმაურებების მიხედვით. სხვადასხვა თეატრის ხელმძღვანელებთან განხილვის შედეგად ვათანხმებდით რომელი სპექტაკლი იყო სეზონზე მაღალმხატვრული ღირებულებით გამორჩეული.

კონკრეტული თეატრების ხელმძღვანელები, ადამიანები, რომლებიც განსაზღვრავენ თავიანთი თეატრების მხატვრულ მიმართულებას. ვეყრდნობოდით თეატრმცოდნეების რეცენზიებს და სპექტაკლებს, რომლებსაც მიღებული ჰქონდათ არაერთი პრემია.

როგორ გგონიათ, რატომ ხურავს აჭარის მაუწყებელი პროექტს და ხომ არ უკავშირდება ეს თანამედროვე მაყურებლის მოთხოვნის ცვლილებას, რამდენად მნიშვნელოვანი და საინტერესოა კვირაში ერთხელ სპექტაკლის სრული ჩანაწერის ნახვა საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებლისთვის?

პროექტის დახურვის მიზეზი ჩემთვის არ განუმარტავთ. რაც შეეხება მაყურებლის მოთხოვნას, დღეს ქუთაისის თეატრში შეიკრიბნენ დასავლეთ საქართველოს დრამატული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები და მსახიობები, რომლებმაც გამართეს საპროტესტო აქცია პროექტის დახურვასთან დაკავშირებით. ისინი დღეს მოდიან ასევე ბათუმში ბორდთან [აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო] შესახვედრად. 14 იანვარს, თბილისში იკრიბება სრულიად ქართული თეატრი ერთადერთი მოთხოვნით, რომ აღდგეს პროექტი. არის თუ არა ეს საზოგადოების მოთხოვნა?

ბათუმში დღევანდელი შეხვედრის მიზანია აღდგეს პროექტი „ტელესპექტაკლები“, რომელსაც ყოველკვირეულად ელოდებოდა თეატრალური საზოგადოება. ეს არის საზოგადოების ის ნაწილი, რომლის პროფესიული განვითარებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო პროექტი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თამუნა ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან