მთავარი,სიახლეები

კოეფიციენტები – ხელფასებს საჯარო მოხელეები იანვრიდან ახალი წესით მიიღებენ

11.01.2018 • 11584
კოეფიციენტები – ხელფასებს საჯარო მოხელეები იანვრიდან ახალი წესით მიიღებენ

2018 წლის იანვრიდან ძალაში შევიდა კანონი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“, რომლის მიხედვითაც საჯარო მოხელეების ხელფასები ახალი წესით, კოეფიციენტების მიხედვით დაითვლება. ახალი წესით დაითვლება ხელფასები სსიპ-ებსა და აიპ-ებში. რაც შეეხება სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირებს, მათზე ხელფასის დათვლის ახალი წესი 2021 წლის იანვრიდან გავრცელდება.

„მიმდინარე წლის 20 იანვრამდე უნდა განისაზღვროს ხელფასები კოეფიციენტების შესაბამისად – სად, როგორ და ვის რამდენი ექნება… უნდა შეიცვალოს საშტატო ნუსხები და ხელახლა დამტკიცდეს. მიდის მუშაობა სამინისტროშიც და მთავრობაშიც, რათა ყველაფერი მოექცეს კანონთან მიმართებაში. კანონის მიხედვით უწყებებმა ახალი საშტატო ნუსხები 20 იანვრამდე აუცილებლად უნდა დაამტკიცონ“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში არჩილ სირაბიძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა.

რაც შეეხება სსიპ-ებსა და აიპ-ებს, როგორც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს დამატებით დადგენილება, რომელიც, სავარაუდოდ, ამ დღეებში გამოქვეყნდება. ამ დადგენილებაზე იქნება დამოკიდებული, კონკრეტულად როგორ დაიანგარიშებენ სსიპ-ებსა და აიპ-ებში დასაქმებულთა ხელფასებს.

ახალი კანონმდებლობით, საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პირები 2018 წლის იანვრიდან ხელფასთან ერთად დანამატსაც მიიღებენ და პრემიასაც, რომელსაც ფულადი ჯილდო დაერქმევა. თუმცა, დანამატი წლის განმავლობაში, ჯამში არ უნდა აღემატებოდეს წლიური თანამდებობრივი სარგოს 20%-ს, ხოლო ფულადი ჯილდო – 10%-ს.

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონით, სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული საბაზისო თანამდებობრივი სარგო – 1000 ლარი, გამრავლდება კანონით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე და ეს იქნება საჯარო მოხელის ერთი თვის თანამდებობრივი სარგო, ანუ ერთი თვის ხელფასი.

მაგალითად, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის [დეპარტამენტის უფროსის] ხელფასი აჭარის მთავრობის აპარატში იყო 2 832 ლარი, ხოლო სამინისტროში – 2 464 ლარი [შესაბამისად, ხელზე ასაღები – 2 265 და 1 971 ლარი]. რაც შეეხება ყველაზე დაბალ თანამდებობას – მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი მთავრობის აპარატში ხელზე იღებდა 712 ლარს, ხოლო სამინისტროში – 496 ლარს [პრემიების გარეშე].

ახალი კანონით, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ხელფასი შესაძლოა განისაზღვროს მინიმუმ 1000 ლარიდან მაქსიმუმ 3 500 ლარის ფარგლებში, ხოლო მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის ხელფასი – მინიმუმ 100 ლარიდან მაქსიმუმ 800 ლარის ფარგლებში.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ ხელფასების დაანგარიშება 2018 წლისთვის თითოეულ დასაქმებულზე მოხდება იმგვარად, რომ შენარჩუნდება დღეს არსებული ხელფასების ის ოდენობა, რაც მოიცავს თანამდებობრივ სარგოსა და დანამატს ერთად.

საჯარო მოხელეებზე ხელფასთან და ფულად ჯილდოსთან ერთად, დაშვებულია საკლასო დანამატების გაცემაც. საკლასო დანამატი საჯარო მოხელეზე შესაძლოა გაიცეს კლასის მინიჭების შემდეგ, რაც მოხელის შეფასებით ხდება. შეფასებას კი საჯარო მოხელე წელიწადში ერთხელ მაინც [შესაფასებელი პერიოდი] დაექვემდებარება.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, საჯარო უწყებებში დღეს საშტატო ნუსხების ხელახლა დამტკიცებასა და ხელფასების განსაზღვრაზე მუშაობენ და მოხელის შეფასება კლასის მისანიჭებლად ჯერ აქტუალური არაა. მოხელეთა შეფასებას და კლასების მინიჭებას უწყებებში, სავარაუდოდ, წლის ბოლოს დაიწყებენ.

სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის [ვინაიდან მათზე ახალი წესი არ ვრცელდება], ხელფასების განსაზღვრის მიზნით დეტალები ზუსტდება, რის შემდეგაც გამოიცემა შესაბამისი სამართლებრივი აქტი.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ხელფასებისთვის განკუთვნილი თანხის ჯამური ოდენობა, რაც დამტკიცებულია მიმდინარე წლის ბიუჯეტით, არ შეიცვლება.

მაგალითად, 2017 წლის მდგომარეობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელფასი 5792 ლარი იყო თვეში [თანამდებობრივ სარგოს – 3 310 ლარს დამატებული დანამატი – 2 482 ლარი]; ანუ, მთავრობის თავმჯდომარე თვეში იღებდა 4 633 ლარს ხელზე.

აჭარაში 4 მინისტრია. მათი ხელფასებიც იდენტურია – 4 760 ლარი [2 720 – სარგო, 2 040-დანამატი]. ანუ, თითოეული მინისტრი ხელზე თვეში 3 808 ლარს იღებდა.

შრომის ანაზღაურების ახალი წესი მთავრობის თავმჯდომარესა და მინისტრებზე 2021 წლიდან გავრცელდება. შესაბამისად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელფასი შესაძლოა მაქსიმუმ 8 500 ლარით, ხოლო აჭარის მინისტრის – 6 000 ლარით განისაზღვროს [ხელზე შესაბამისად, 6 800 და 4 800 ლარი].

ამავე თემაზე:

გაიზრდება თუ არა საჯარო მოხელის ხელფასი 2018 წელში

საჯარო მოხელეებს წელიწადში ერთხელ მაინც შეაფასებენ – შეფასების შედეგები კონფიდენციალური იქნება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: