პნევმატური და ცეცხლსასროლი იარაღები, ვაზნები – სარფში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, „ეჭვის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან მომავალი, საქართველოს მოქალაქის, გ.ც-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერებისას, არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს.

კერძოდ: ხმოვანი სასიგნალო იარაღი – 20 ცალი, პნევმატური იარაღი – 20 ცალი, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი – 3 ცალი, ხმოვანი ვაზნა –  12 500 ცალი, პიროტექნიკური ვაზნა – 400 ცალი, სანადირო  ელექტრონული ხმოვანი სატყუარა –  16 ცალი, პნევმატური იარაღის სამიზნე – 18 ცალი, იარაღის ღვედის სამაგრი კროშტეინი  – 24 ცალი,  ქანჩის ექვსკუთხა გასაღები – 2 ცალი, იარაღის ჩამკეტი – 10 ცალი, სასხლეტი მექანიზმის ნაწილი – 11 ცალი, სანადირო იარაღის ლულის დამაგრძელებელი – 5 ცალი და 4 ცალი კონდახი“.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 11,664.4 ლარი შეადგინა; საქმის მასალები კი, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის აჭარისა და გურიის სამმართველოს გადაეცა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com