მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

2 მილიონი ევრო ქედას – ევროკავშირის გრანტი  

10.01.2018 • 5826
2 მილიონი ევრო ქედას – ევროკავშირის გრანტი  

სოფლებისა და დაბების განვითარებისთვის ქედის მუნიციპალიტეტი ევროკავშირისგან  დაახლოებით ორ მილიონ ევროს ოთხი წლის განმავლობაში მიიღებს. ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში, ევროკავშირის მიერ ქედის მუნიციპალიტეტში დაფინანსებულ პროექტს – „ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება, სოფლის განვითარება ქედაში“, არასამთავრობო ორგანიზაცია CENN განახორციელებს.

პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის წარმომადგენელი, ნინო გაფრინდაშვილი განმარტავს, რომ პროექტი სამეტაპიანია და გრანტების გაცემა პროექტის ბოლო ეტაპზე განხორციელდება. თუ რა სახის პროექტები დაფინანსდება, ამას აქტიურ მოქალაქეთა მმართველი საბჭო და გრანტები შემფასებელი კომისია გადაწყვეტს.

„პროექტის პირველი ეტაპი ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის ე.წ. ლაგის ჩამოყალიბებას გულისხმობს. მეორე ეტაპზე სოფლის განვითარების სტრატეგია უნდა დამუშავდეს, ხოლო ბოლო, მესამე ეტაპი გრანტების გაცემას გულისხმობს, პროექტი ოთხწლიანია და 2017 წლის სექტემბერში დაიწყო.

„ამ დროისთვის ლაგის ჩამოყალიბება დასრულებულია – ქედაში მცხოვრებ აქტიურ მოქალაქეთა გაერთიანება ჩამოვაყალიბეთ, რომლის შემადგენლობაში 266 ადგილობრივია დარეგისტრირებული. ლაგის ფორმირების შემდეგ, წევრებმა ფარული კენჭისყრით მმართველთა საბჭოს 15 წევრი აირჩიეს. ამ თვეში მმართველი საბჭო თავმჯდომარეს აირჩევს, რის შემდეგაც ლაგის ინსტიტუციური გაძლიერებას დავიწყებთ და მმართველთა საბჭოს წევრებს ტრენინგებს ჩავუტარებთ“, – ამბობს ნინო გაფრინდაშვილი.

მმართველთა საბჭოს 15 წევრიდან 4 ქალია, 11 – კაცი [საბჭოს წევრები არიან გიორგი აბულაძე, თამილა ბალაძე, დავით ღოღობერიძე, ნიაზ შერვაშიძე, ზაზა დავითაძე, ფრიდონ სირაბიძე, თენგიზ თედორაძე, მალვინა კონცელიძე, ნათია ტვილდიანი, ფრიდონ ბოლქვაძე, რაულ ცინცაძე, თამარ აბულაძე, სოსო შერვაშიძე და ვლადიმერ თებიძე].

მას შემდეგ, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია მმართველთა საბჭოს წევრებს გადაამზადებს, 15-წევრიანი შემადგენლობა სოფლის განვითარების სტრატეგიას დაამუშავებს. სტრატეგიის დამუშავებასთან ერთად შეიქმნება გრანტების შემფასებელი კომისია, რომელიც შეაფასებს შესულ პროექტებს და გადაწყვიტს რომელი პროექტი დააფინანსოს.

დაფინანსების მისაღებად დაინტერესებულმა მოქალაქემ პროექტი უნდა წარუდგინოს მმართველთა საბჭოს. იმ შემთხვევაში თუ მმართველთა საბჭო და გრანტების შემფასებელი კომისია წარდგენილ პროექტს მოიწონებს, პროექტი დაფინანსდება. თუცა ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის, ძირითადად, რა სახის პროექტები დაფინანსდება და რა თანხით. ნინო გაფრინდაშვილი განმარტავს, რომ ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც სოფლის განვითარების სტრატეგია დამუშავდება.

„ვინ მიიღებს დაფინანსებას და რა პროექტი დაფინანსდება ამას ლაგის მმართველთა საბჭო და პროექტების შემფასებელი კომისია გადაწყვეტს. გრანტებისა და დაფინასების კომპონენტი პროექტის ბოლო ეტაპია, გრანტების გაცემა კი მაშინ დაიწყება, როდესაც სტრატეგია დამუშავდება, გამოიკვეთება პრიორიტეტული სფეროები“.

ამ დროისთვის არც ის არის დაზუსტებული, ორი მილიონი ევროდან მესამე ეტაპზე კომპონენტზე რა თანხა დაიხარჯება. ნინო გაფრინდაშვილის თქმით 2 მილიონი ევრო პროექტის მთლიანი ღირებულებაა და ამ თანხით ფინანსდება, როგორც ლაგის ჩამოყალიბება, ასევე სტრატეგიის შემუშავება. ამ თანხით გადაამზადებენ მმართველთა საბჭოს წევრებსაც.

რაც შეეხება ანაზღაურებას, მმართველთა საბჭოს წევრებისთვის, რომლებმაც ოთხი წლის განმავლობაში იმუშავებენ, პროგრამულად ხელფასი გაწერილი არ არის.

ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხის ათვისებას არასამთავრობო ორგანიზაცია CENN უზრუნველყოფს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: