თურქეთში სამუშაო ვიზის მიღების ფასი და პირობები

საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთში გადასვლის წესი შეიცვალა. მოქალაქეები თუ აქამდე ყოველდღიურად, შეუზღუდავად კვეთდნენ საზღვარს, ამიერიდან მოუწევთ ახალ რეგულაციებს დაექვემდებარონ – თურქეთში უვიზოდ 180 დღიდან მხოლოდ 90 დღის გატარება შეიძლება.

ბათუმში და მის შემოგარენში მცხოვრებ იმ პირებს, რომლებიც დილით მიდიოდნენ თურქეთის ახლომდებარე ქალაქებში სამუშაოდ და საღამოს უკან ბრუნდებოდნენ, ზედიზედ 90 დღის განმავლობაში საზღვრის კვეთის შემდეგ, გრძელვადიანი ვიზის აღება მოუწევთ.

დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელიც თურქეთის ვიზის მისაღებად არის საჭირო, ასე გამოიყურება: დამსაქმებელთან დადებული სამუშაო ხელშეკრულება ან მოწვევა, ცნობა ნასამართლეობის არ ქონის შესახებ, 1 ფოტოსურათი, დაბადების მოწმობა და ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან. ყველა საბუთი უნდა იყოს თარგმნილი თურქულ ენაზე და ნოტარიულად დამოწმებული.

თურქეთის ვიზის მიღების მსურველმა ეს დოკუმენტები ბათუმში ან თბილისში თურქეთის საკონსულოში უნდა წარადგინოს.

ბათუმში თურქეთის გენერალურ საკონსულოსთან ახლოს რამდენიმე ბიუროა, სადაც ვიზისთვის საჭირო დოკუმენტების თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება 110-120 ლარი ღირს.

საკონსულოში ვიზის მისაღებად წინასწარი შესატანი 50 დოლარია. საკონსულოში საბუთებს დილის საათებში იბარებენ, დღის მეორე ნახევარში კი ვიზის მსურველი მოქალაქეები იღებენ სპეციალურ კოდს. მოქალაქე ამ კოდს უგზავნის თურქეთში თავის დამსაქმებელს ან მოწვევის გამომგზავნს, რომელმაც 10 დღის ვადაში უნდა მოახერხოს და შესაბამის სამსახურებში ვიზის საკითხი გაარკვიოს. მას შემდეგ, რაც ვიზაზე დადებითი პასუხი მოვა, მოქალაქე მიდის ისევ საკონსულოში, დამატებით 110 დოლარს იხდის და ვიზას იღებს.

სავიზო პროცედურებისთვის მოქალაქეებს მინიმუმ 160 დოლარისა და 120 ლარის გადახდა უწევთ.

თურქეთში ლეგალურად დასაქმებისთვის სამუშაო ვიზა აუცილებელია. მოქალაქე ვიზასთან ერთად იღებს თურქეთში ცხოვრების ნებართვას და სამედიცინო დაზღვევას.

არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, თუ საქართველოს რამდენი მოქალაქე მუშაობს თურქეთში. რა თქმა უნდა, უცნობია იმ ადამიანების რაოდენობაც, რომლებიც ყოველდღიური მიმოსვლის რეჟიმში მუშაობდნენ.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი