მთავარი,სიახლეები

რაზე თანხმდებიან და რაზე ვერა ბათუმში აფეთქებული სახლის მცხოვრებლები მერიას

10.01.2018 • 2300
რაზე თანხმდებიან და რაზე ვერა ბათუმში აფეთქებული სახლის მცხოვრებლები მერიას

ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანებული სახლის მაცხოვრებლებს ბათუმის მერია ზარალის ანაზღაურებას ჰპირდება. შეხვედრა დაზარალებულებსა და ბათუმის მერს შორის რამდენჯერმე შედგა. მერიამ მოქალაქეებს საცხოვრებელი ბინები შესთავაზა. დღეს, 10 იანვარს დაზარალებულთა ნაწილმა შეთავაზებული ფართობები ნახა.

ახვლედიანის ქუჩაზე მცხოვრები გურამ აბაშიძე ამბობს, რომ ფართობი, რომელიც ბათუმის მერიამ შესთავაზა, არ მოსწონს.

„მე არ მომწონს ის ფართი, რაც შემომთავაზეს, რადგან არის ბნელი, მიუსადეგი. გორგილაძისა და ჯავახიშვილის კუთხეში შემოგვთავაზეს ბინა, ყრუ და ბნელი ფართებია. აქ [ახვლედიანის ქუჩაზე] მე სულ სხვა ფართი მეჭირა.  სარდაფი და მანქანის სადგომი მქონდა. არ ვიცი მერე რა იქნება, მაგრამ, ჯერჯერობით, შემოთავაზებულ ვარიანტზე წინააღმდეგი ვარ, ვერ დავთანხმდები,” – ამბობს გურამ აბაშიძე.

ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე კორპუსში სულ 10 ოჯახი ცხოვრობდა. ერთ-ერთი დაზარალებული ლევან ტყეშელაშვილი ამბობს, რომ ზოგი მაცხოვრებლისათვის, ვისაც მცირე ფართი [ერთ ოთახიანი ბინა] ჰქონდა, მერიის მიერ შეთავაზებული წინადადება, მისაღებია.

“მე არ ვიცი ჯერ რას ვიზამ. თუ ყველაფერი ისე მოგვცეს ფართის მიხედვით და ნორმალურად იქნა, მთლიანად დავცლი და წავალ. მართლა ის ხომ არაა, მეც შევდივარ ამათ [მერიის] მდგომარეობაში. იგი ხომ არაა ბოლომდე გამოეკიდო. გვეხმარებიან და ჩვენც ვგებულობთ ამ დახმარების არსს,” – უთხრა “ბათუმელებს” ლევან ტყეშელაშვილმა.

ბათუმში ახვლედიანის ქუჩის N12-ში მდებარე სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, 2017 წლის  10 დეკემბერს,  ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო  დაზიანდა. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის საფუძველზე,  საცხოვრებელი სახლის აღდგენა შეუძლებელია და ის უნდა დაინგრეს.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: