მთავარი,სიახლეები

ბათუმის აქციაზე ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული ღოღობერიძე და ჩხვირკია სასამართლომ გაამართლა

10.01.2018 • 3071
ბათუმის აქციაზე ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული ღოღობერიძე და ჩხვირკია სასამართლომ გაამართლა

“თქვენ ხართ მურუსიძის მოსამართლე,” “ეს სირცხვილია,” “ბრძოლას ვაგრძელებთ”- ასეთი შეძახილებით შეხვდა დარბაზი მოსამართლე დავით მამისეიშვილის გადაწყვეტილებას, რომელმაც  “ბათუმის აქციის“ გახმაურებულ საქმეზე დღეს, 10 იანვარს განაჩენი გამოაცხადა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას პატიმრობა წელიწადით და ექვსი თვით მიუსაჯეს.

ორივე მსჯავრდებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით ჰქონდათ წაყენებული, რაც მძიმე დანაშაულია – მასობრივ ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან ცხრა წლამდე.

“თქვენ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება არ ჩაგიდენიათ,” – მიმართა მოსამართლემ მსჯავრდებულებს. დავით მამისეიშვილის აზრით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ნაცვლად, მერაბ ღოღობერიძემ და ირაკლი ჩხვირკიამ 226-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინეს. ეს მუხლი ითვალისწინებს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს. დანაშაული სამ წლამდე ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

“მე ვფიქრობდი, რომ მერაბ ღოღობერიძისთვის შემეფარდებია უფრო მკაცრი სასჯელი, მაგრამ მას 4 შვილი ჰყავს…” – აღნიშნა მოსამართლემ.

დავით მამისეიშვილმა ირაკლი ჩხვირკიას უთხრა, რომ ძალადობის ორგანიზება არ ჩაუდენია, თუმცა “ცდილობდით რაიმე სასიკეთო გაგეკეთებიათ პარტიისთვის, რომელმაც შემდეგ გაგრიცხათ”.

განაჩენის გამოცხადებას მერაბ ღოღობერიძე არ დასწრებია. სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას დაცვის მხარე აპირებს, პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ გასაჩივრების შესახებ გადაწყვეტილებას განაჩენის დეტალური გაცნობის შემდეგ მიიღებს.

განაჩენის გამოცხადებას ესწრებიდნენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც, რომლებმაც მოსამართლის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. ირაკლი ჩხვირკია სწორედ ამ პარტიის წევრი იყო.

“ბათუმის აქციის საქმეზე” მასობრივ ძალადიბაში მონაწილეობის მუხლით კიდევ 19 პირი გასამართლდა. ბრალის აღიარების შემდეგ მათ საპრიცესო შეთანხმება გაუფორმეს, გარდა ლაშა დეკანაძისა, რომელმაც დანაშაული არ აღიარა. მას ხულიგნობის მუხლით ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა მოსამართლე ლევან გელოვანმა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: