თურქეთთან მიმოსვლის შეცვლილ რეგულაციებზე საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტება 

საქართველოს მოქალაქეებისთვის 2018 წლის 1-ელი იანვრიდან თურქეთში მიმოსვლის წესი შეიცვალა. მოქალაქეებს, რომლებიც აქამდე ყოველდღიურად შეუზღუდავად კვეთდნენ საზღვარს, ამიერიდან მოუწევთ ახალ რეგულაციებს დაექვემდებარონ. ახალი რეგულაციით ერთი საათით გადასვლასაც კი აღირიცხება როგორც თურქეთში ყოფნის ერთი დღე, შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ყოველდღიურად გადადიოდნენ თურქეთში, ახლა უვიზოდ 180 დღიდან მხოლოდ 90 დღის გატარება შეეძლებათ.

ჰქონდა თუ არა თურქეთის მხარეს საქართველოს ხელისუფლებასთან ამ საკითხზე კონსულტაციები? რატომ გადაწყვიტა მეზობელი სახელმწიფოს ხელისუფლებამ მსგავსი მკაცრი წესების შემოღება? – ამის გასარკვევად “ბათუმელები” კომენტარისთვის დაუკავშირდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. უწყებაში გვითხრეს, რომ “ეს თემა საგარეო საქმეთა სამინისტროს თემა არ არის, იმიტომ, რომ ეხება თურქეთის რეგულაციას, რომელმაც შეცვალა თავისივე რეგულაცია და რისი სრული უფლებაც ჰქონდა. შესაბამისად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამაზე პოზიცია ვერ ექნება“.

საქართველოს ხელისუფლების არც ერთ შესაბამის უწყებას არ გაუკეთებია საჯარო განმარტება თუ რას უკავშირდება ახალი რეგულაციების შემოღება.


ბათუმიდან და მისი შემოგარენიდან თურქეთში  ყოველდღიურად ასობით საქართველოს მოქალაქე გადადის, რომლებიც საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქებში მუშაობენ (ძირითადად ხოფა და ქემალფაშა), საღამოს კი უკან, საქართველოში ბრუნდებიან. 2018 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში ყოფნის დრო მხოლოდ იმ შემთხვევაში ეთვლებოდათ, თუ ქვეყანაში 24 საათით ან მეტი დროით რჩებოდნენ. შესაბამისად, ეს წესი იძლეოდა საშუალებას მოქალაქეს ეცხოვრა ერთ ქვეყანაში [საქართველოში] და ემუშავა მეორეში [თურქეთში] ყოველგვარი სპეციალური ნებართვის გარეშე.

ახალი რეგულაცია ვრცელდება თურქეთის ყველა გამტარ პუნქტზე და ეხება ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეს.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი