სიახლეები

უკანონო ნაგავსაყრები და საკურორტო ქალაქი

23.06.2015 • 1847
უკანონო ნაგავსაყრები და საკურორტო ქალაქი

 

სპეციალისტის განმარტებით, ნარჩენების გახრწნის პროცესი ხშირად ათწლეულების, ზოგჯერ კი, ასწლეულების მანძილზე გრძელდება. მაგალითად, ნაგავსაყარზე მოხვედრილი შალის წინდის ლპობის პროცესი  ერთიდან ხუთ წლამდე გრძელდება, სიგარეტის ნამწვავის ბოლომდე გასახრწნელად ხუთიდან ათ წლამდეა საჭირო, ბავშვის ერთჯერადი საფენი კი ნაგვის გროვაში ასწლეულების განმავლობაში რჩება. ეს ყველაფერი მოქმედ არასტანდარტულ ნაგავსაყრებზე წლების განმავლობაში გროვდება. პრობლემას ამწვავებს ისიც, რომ უკანონო ნაგავსაყრები  ხშირ შემთხვევაში დასახლებული პუნქტებიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით მდებარეობს.

 

დასახლებული ტერიტორიიდან ახლო მანძილია გონიოს პოლიგონზე მდებარე ნაგავსაყრამდეც, რის გამოც ხშირად ამ ტერიტორიას გამოსაკვებად ძროხებიც აკითხავენ. სპეციალისტების თქმით, საქონელი, რომელიც ნაგავსაყარზე იკვებება, დიდი ალბათობით, ინფექციის მატარებელია. ამ საქონლის რძისგან ნაწარმოები პროდუქტი კი უმეტეს შემთხვევაში შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს.

 

არასანიტარული ღია ტიპის ნაგავსაყრები ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის გარდა გარემოს სხვა სახის ზიანსაც აყენებს.

 

„ხრწნის პროცესის პარალელურად მავნე ნივთიერებები და ნარჩენების ნაწილი მიწისქვეშა წყლების საშუალებით  ნიადაგში, წყალსატევში ან ზღვაში ხვდება. გარდა ამისა, ნარჩენების გახრწნის პროცესში წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ნივთიერება მეთანი, რომელიც ზემოქმედებას კლიმატზეც ახდენს“, – განმარტავს აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს სპეციალისტი ნოდარ კონცელიძე.

 

საკონსულტაციო კომპანია „ჰიგიენა 2009“-ის მონაცემებით, რომელმაც ბათუმის სტანდარტული ნაგავსაყრის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტზე იმუშავა, ამ დროისთვის აჭარაში 70 უკანონო ნაგავსაყარი მოქმედებს. მათ შორის ბათუმში – 31; ხელვაჩაურში – 19, ქობულეთში – 13 და ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე – 7. ეს ნაგავსაყრებიც ძირითადად დასახლებულ პუნქტებში, ცალკეული ადმინისტრაციული უბნის ტერიტორიაზე, გამავალ საავტომობილო გზების მიმდებარე ტერიტორიებზე და მდინარეთა კალაპოტებშია განთავსებული.

 

„ჰიგიენა 2009“-ის სპეციალისტების ინფორმაციით, უკანონო ნაგავსაყრების არსებობა ხშირად ცალკეულ უბანზე ნაგავშემგროვებელი კონტეინერის უქონლობას უკავშირდება. შესაბამისად, დარღვეულია ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების და მათი განთავსების სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. ამ ნაგავსაყრებიდან ნარჩენების ტრანსპორტირება კი, გარკვეული დროის შემდეგ, ბათუმის ნაგავსაყარ პოლიგონზე ხდება.

 

თანამედროვე სტანდარტული ნაგავსაყრის მშენებლობაზე აჭარის მთავრობაში 2007 წლიდან დაიწყო საუბარი. მაშინ ქალაქის მერი, ახლა აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რობერტ ჩხაიძე იყო. მთავრობამ დიდი დრო დაუთმო ადგილის შერჩევის პროცესს. თავდაპირველად შეარჩიეს ჩაქვის ტერიტორია, სადაც ნაგავსაყრის მშენებლობას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გარემოსდამცველები შეეწინააღმდეგენ. საბოლოოდ არჩევანი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საოფელ ცეცხლაურზე შეჩერდა.  „მოსახლეობიდან დაშორებული ტერიტორიაა, ახლოს მხოლოდ ორი ოჯახი ცხოვრობს. ისინი გადასვლაზე თანახმა არიან“, – განმარტეს გარემოს დაცვის სამინისტროში.

 

ამ ეტაპზე აჭარაში სტანდარტული ნაგავსაყრის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ პროცესებს სამთავრობო კომისია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის  მინისტრის დავით ბალაძის ხელმძღვანელობით კურირებს.

 

კომისიის წევრის, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ბესო ბოლქვაძის ინფორმაციით, უკვე მზადაა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დოკუმენტი და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, რაც გადაგზავნილია ნებართვის გამცემ ორგანოებში. თანხმობის შემდეგ გამოცხადდება ტენდერი სამშენებლო კომპანიის შესარჩევად.

 

გარემოს დაცვის სამინისტროს ნარჩენების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ალვერდ ჩანქსელიანის განმარტებით, ახალი სტანდარტული ნაგავსაყრების მშენებლობა ნარჩენების დახარისხებასა და მის შემდგომ წარმოებაში ჩაშვების გარდა, არსებული ნაგავსაყრების, როგორც დაბინძურების კერის დახურვა-დაკონსერვებასაც გულისხმობს.

 

ნარჩენების მართვის თანამედროვე მოდელზე გადასვლას მთავრობას ნარჩენების მართვის ახალი კოდექსი 2019 წლიდან ავალდებულებს. ამ დათმობაზე კანონმდებლები არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით წავიდნენ. დათქმულ ვადამდე მთავრობამ უკანონო ნაგავსაყრების კონსერვაცია და ახლის დანერგვა უნდა შეძლოს.

 

აჭარაში სტანდარტული ნაგავსაყრის პროექტის გაჭიანურების მიზეზად ნოდარ კონცელიძე ადგილის შერჩევის პროცესის გაჭიანურებას ასახლებს: „რამდენადაც აჭარა მცირემიწიანი რეგიონია, ადგილის შერჩევა გაჭიანურდა. ნაგავსაყარი მოსახლეობისგან 30 კილომეტრით უნდა იყოს დაშორებული. პროექტს 20-30 ჰექტარი მიწის ფართობი სჭირდება“.

ახალი ნაგავსაყრის მშენებლობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გაცემული სესხისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (შიდა) გრანტის მეშვეობით განხორციელდება.

 

შპს „ბათუმის სანდასუფთავების“ ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით  ქალაქს 13 ნაგავმზიდი, 5 საშუალო ზომის სპეცმანქანა, 3 თვითმცლელი, 2 სარწყავი სპეცმანქანა, 5 მინისახვეტი სპეცმანქანა და 10 ქუჩის  მტვერსასრუტი  ემსახურება. ქალაქის ტერიტორიაზე განთავსებულია 3000 სხვადასხვა ზომის ნაგავშემრები კონტეინერი.

საკურორტო სეზონისთვის წელს „სანდასუფთავებამ“ დამატებით 2 ერთეული ფორდის ტიპის სატვირთო, 3 პრესდანადგარი ნაგვის სპეცმანქანისთვის, 500 ცალი 1,1 კუბ.მ. მოცულობის რკინის, 200  პლასტმასის 0,24 კუბ.მ. მოცულობის ნაგავშემკრები კონტეინერი და 1000 დეკორატიული, ბოძზე ჩამოსაკიდი ურნა შეისყიდა.

 

ტურისტული სეზონის დადგომისთანავე  ნარჩენებს ოთხჯერადად გაიტანენ. დამატებით, ქალაქის მასშტაბით, მორიგე სპეცმანქანა იმუშავებს. მობილიზებულია ბათუმის დაგვა-დასუფთავების სამსახური. დაამატეს მეველეები, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ქალაქში პირუტყვის გადაადგილების რისკი. მიღებულია 37 კაცი სანაპირო ზოლის დასალაგებლად და მხვეტავების რაოდენობა გაიზარდა მეორე ცვლაში.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: