ბათუმი, ჩუმი დღესასწაულების ქალაქი [ფოტო]

შობა-ახალი წლის მთავარი დღეები გადაგორებულია. აფეთქდა ყველა ფოიერვერკი. აშუშხუნდა ყველა მაშხალა, გააწყეს ყველა ნაძვი, განათდა ყველა გირლიანდი და ჩაწყნარდა დღესასწაულებისგან გადაქანცული ქუჩები. ადამიანების უმრავლესობამ შვებულების ბოლო დღეების უშფოთველობას მისცა თავი. გვიან გაღვიძება, ოთახში ჯიუტად დამდგარი მზის სხივები და ცალი თვალის გახელის შემდეგ ტკბილი ფიქრი იმაზე, რომ შეგიძლია გააგრძელო მცონარება შუადღის თორმეტამდეც.

ბათუმში შუა ზამთარი ჯერ ისევ მზიანია, მაგრამ ცივა. თანახმა ხარ იანვრის მატყუარა მზეს თავი სიამოვნებით გააცუცურაკებინო და საუზმე ისევ აივანზე გირჩევნია, თუნდაც შალმოფუთულს. შენ და მეზობლის კატა დილის სუფთა, გრილ ჰაერზე ნეტარებისგან ერთად ამთქნარებთ. ჩაგორგლილი, გაქსუებული არსება ამ დამთხვევას დამეგობრებად და სამეზობლო საზღვრების წაშლად მიიჩნევს და ერთი სკუპით ხტება პატრონის აივნიდან შენსაზე. თვალით გზომავს და ტანის რხევით კუდაპრეხილი მოემართება შენკენ, რომ რძის სანუკვარ ფინჯანთან ახლოს აღმოჩნდეს. ხუთი წუთის შემდეგ შენს მუხლებზე კრუტუნებს, შენი რძიანი ფინჯანიც მისია და შენს აივანსაც იმპერატორივით ათვალიერებს.

ბათუმი ასეთი ქალაქია. მეზობლის კატა უცებ შენიც აღმოჩნდება. ძველებურ საერთო ეზოში თუ ცხოვრობ ყველა მეზობლის სადილ-ვახშმის მენიუ ძალაუნებურად გამახსოვრდება სურნელის მიხედვით და ამ ეზოების სავალდებულო, სამეზობლო დავებიც შენი ცხოვრების ნაწილად იქცევა. უკვე იცი, როგორი წამლეკავი ქარბორბალას დატრიალება შეუძლია სხვა დროს მშვიდ, ფაშფაშა მეზობელ გუგულის თუ მერიის ნაჩუქარი დიდი, მწვანესახურავიანი სკამის გადადგმას მოინდომებს ვინმე თავნება მეზობელი ეზოს სხვა კუთხეში.

მაგრამ ახალ წელს ყველა რიგდება. ყველა მეზობელი მშვიდობის თეთრ ფიფქებს მიაკრავს საგანგებოდ დაკრიალებული ფანჯრის მინებს და ძველი ბათუმის საერთო ეზოებსა და ქუჩებში დღესასწაულისშემდგომი გარინდება ჩამოდგება დროებით. ყველას შინ ყოფნა ურჩევნია და მთელი ქალაქი საახალწლო მორთულობით იმ კანტიკუნტად მოსიარულეებს ეკუთვნით, რომლებსაც დღესასწაულის ხალხმრავლობა მობეზრდათ და მაშინ გამოდიან სასეირნოდ, როცა ქუჩები ცარიელდება.

აირჩიე საით წახვალ: ძველ ბათუმს მოივლი ფეხით თუ ახალს. ალბათ უფრო პირველს აირჩევ და საფიქრალიც აღარაფერია: ხელისგულივით ქალაქს ფეხით ან ველოსიპედით ერთ საღამოს მოივლი თუ მოინდომებ.

თუმცა ასე გადაადგილებაც შეგიძლია, თუ ვინმე ჯეელის გარეშე ვერ ძლებ და მის გარეშე ფეხის გადგმაც არსად გინდა, მაგრამ ბათუმი ველოსიპედით და ფეხით მოსავლელი ქალაქია. არ ღირს მანქანის დაბურულმა მინებმა წაგართვას სიამოვნება, რომელსაც ზღვისპირა ქალაქის ქუჩებში ფეხით სეირინობისას გრძნობ.

მაღაზიების ვიტრინებს ჩავუაროთ. აციმციმებული ქუჩების რიგს ეს მორთულობებიც ავსებს. გასაგებია, რომ ესეც მარკეტინგის ნაწილია, კლიენტების მიზიდვის სადღესასწაულო ფორმა, მაგრამ გავიხაროთ მარკეტინგული ბრჭყვიალით, რა გვაკლდება. მთავარია, ყველა სარეკლამო ფასდაკლების მსხვერპლად არ ვიქცეთ, გამორჩეულად სულსწრაფებმა და თავშეუკავებლებმა კი სულაც შინ დავტოვოთ საკრედიტო ბარათი და ქეშად გვქონდეს იმდენი, რამდენის დახარჯვაც ერთი საღამოსთვის არ დაგვენანება.

ესეც ბაქლავის სახლი. ბათუმში იმდენჯერ ისმის „ბაქლავა, ბაქლავამ, ბაქლავას, ბაქლავის…” იმდენგან მოგართმევენ სტუმრად მისულს ყავასთან ერთად ამ ნუგბარს, რომ ნამდვილად უნდა არსებობდეს ბათუმში მისი სახლიც და სასახლეც. ჰოდა ეს არის. ყოველთვის დაინახავთ მაღაზიაში ტკბილეულის მოყვარულ ერთ-ორ ადამიანს.

ესეც საახალწლოდ მორთული დედოფალი. აივლიან პატარა გოგოები, ჩაივლიან, აკვირდებიან, ათას სისულელეს წარმოიდგენენ და სინამდვილეში კი მანეკენს ფარატინა, თეთრი წვიმის კაბა ზუსტად ძველით ახალი წლის შემდეგ უსწრაფესად შემოაცვდება. ერთი შეხედვით ლამაზია, მაგრამ აქ შეჩერება არ ღირს, წინ უფრო საინტერესო ამბები ხდება.


თუ უსათვალოდ მოძრაობ შორიდან გეგონება, რომ აქ „დასეილებულ“ სიყვარულს ყიდიან, მაგრამ არა. ტანსაცმლის ჩვეულებრივი მაღაზიაა. მის მოპირდაპირე მხარეს კი ფეხსაცმლის მაღაზიაში, რომელიც კადრში ვერ მოხვდა და სადაც მხოლოდ შავი ფეხსაცმელი იყიდება, შეხვალ და მალევე გამოხვალ, რადგან ვერაფრით გაარკვევ რა ხელმა შექმნა, რა ზონარი უკეთია და რა გრდემლმა გამოაწრთო ფეხსაცმლის ლანჩა, 1000 ლარი რომ აწერია ამაყად.

დავივიწყოთ ეს ამბავი. რა დროს ფასებზე ლაპარაკია, როცა ასე ფერადია პარალელური ქუჩა, ზღვასთან კიდევ უფრო ახლოს.

აქვეა ოქროსფერჩუქურთმებიანი, სარკეებიანი კაფე, სადაც 25 წლის წინაც კაფე იყო, ყიდდნენ ქაფქაფა კაკაოს და ვანილიან, კრემიან ფუნთუშებს, რომელსაც შენი ბავშვობის სურნელი ასდიოდა. ცხელი სასმელის მირთმევა აქ ბავშვობის გასახსენებელი აუცილებელი რიტუალია, კაფე ისევ ისე ზღაპრულადაა მოჩუქურთმებული და რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ყოველთვის ათას ერთი ღამის შეჰრეზადად წარმოგიდგენია თავი და გგონია, რომ ათასერთივე ზღაპარს ამ აღმოსავლურ სასახლეში უამბობდა ცოლი მეფეს.

ათას ერთი ღამის კაფე თუ შეიძლება მოხვდეს კადრში, რა დააშავა ფენოვანი ხაჭაპურების და ლობიანების ვიტრინებმა? იყოს აქ. მერე რა, რომ ამეების მირთმევა ყოველდღე არ შეიძლება, შუაღამემდე აცხობს ეს ქალი, ვიტრინაც სადღესასწაულოდ მორთო. ვის არ ჩაგვიჩურთავს სწრაფად გამჭვირვალე პარკში ფენოვანები, როცა სადმე გვეჩქარება და არსად ჩამოჯდომის დრო არ გვაქვს. თან სულ დაცარიელებული ვიტრინაა, ყველაფერი გაიყიდა! კმაყოფილია გამყიდველი და კმაყოფილად აცხობს შემდეგ წყებას.

ახალ წელს თუ ხელოვნური ნაძვი გქონდა, ძველით ახალი წლისთვის შეგიძლია ცოცხალი, ქოთანში ჩარგული ჯუჯა ნაძვი იყიდო, მოუარო, გაზარდო და მომავალ ახალ წელს პლასტმასის ნაცვლად ბუნებრივი ნაძვით შეხვდე, რომელსაც დღესასწაულის შემდეგ სიკვდილი არ ელის.

ახალი წლის შემდეგ უამრავი სათამაშო რჩება მაღაზიებში, რომელიც წელს ნაძვზე ვერ აღმოჩნდა. ასეთ სათამაშოებს და თოვლის ბაბუებს ჯერ ვიტრინებთან დატოვებენ, სანამ დროა. მერე კი შემდეგი წლისთვის გადაინახავენ გასაყიდად.

შინ მიერეკებიან სპანჯბობებს, სპაიდერმენებს, მიკი მაუსებსა და ვარდისფერ გოჭებს. ვერც ესენი გაყიდეს მთელი დღის განმავლობაში.

ფეხით სეირნობისას ბათუმში წვიმა თუ წამოგეწევა ჩვეულებრივი ამბავია. ქოლგა, საწვიმარი და ბოტები შენს ყოველდღიურობად უნდა იქცეს თუ აქ ცხოვრებას აპირებ. წვიმაში ქალაქი სველ, მოკირწყლულ ქვაფენილებზე ირეკლება და ერთის ნაცვლად ორი ბათუმი გაქვს, თუ გაგიმართლა და თავსხმაში აღმოჩნდი.

ესეც კლასიკური გაგებით ლამაზი ქალი მაღალ ქუსლებზე, მოკლე კაბით და მოშიშვლებული მკერდით, ოღონდ ეგ არის, რომ კედელი სადაც ეს ქალი დაუკიდიათ, ცოტათი მონგრეულია და ვინ იცის როდემდე დაიჭერს რეკლამას. იქვე ახლოს კოლონადებთან კომბინიზონიანი ფადიმე გოგიტიძის ძეგლი დგას ხელში თვითმფრინავით.

მყუდრო ქუჩაზე შეიძლება მოულოდნელად გადაეყარო მცენარეების სიმწვანეში ჩაკარგულ კაფეს, რომელიც ხალხმრავლობით და ხმაურიანი მუსიკით არ გამოირჩევა, დანარჩენი კაფეებივით. შენც ეს მოგწონს. არ გშია და გზად, უბრალოდ, ფინჯანი ჩაი ან ყავა გინდა მიირთვა ნამცხვრით. ჰოდა ეს ადგილი ზედგამოჭრილად გეჩვენება: მოგწონს, რომ ყველაფერი პედანტურად ახალი არ არის, სავარძლები მოძველებულია და ულამაზესი იატაკი ალაგ-ალაგ გვარიანადაა გაცვეთილი. თავს ისე გრძნობ, როგორც სახლში, რომელსაც შენი და შენი ოჯახის წევრების არსებობის კვალი ეტყობა.

ასეთია დღესასწაულების დასასრულს ბათუმი. თუ აქ საცხოვრებლად გადაწყვეტთ ჩამოსვლას, აუცილებლად და  ხშირად გეტყვიან, რომ ქალაქი ზამთრობით იწყენს და ვერ გაძლებ, მოგენატრება ხმაურიანი ქუჩები და ცხოვრების აქტიური რიტმი. მაგრამ მგონია, რომ ვინც ასე ხედავს ზღვისპირა ქალაქს, ვერ ხედავს ბათუმის ჩუმ დღესასწაულს, რომელიც არ ყვირის, არ ხმაურობს, მაგრამ სულ არსებობს კალენდარული დღესასწაულების მიღმაც. ბათუმი არის ქალაქი, სადაც შადრევანი შეიძლება მარტო ცეკვავდეს ზამთრის სუსხიან ღამეს ისე, როგორც ხალხმრავალი ზაფხულის დროს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თამუნა ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან