მთავარი,სიახლეები

მგზავრობის ფასი ისევ 40 თეთრი იქნება – ვიდრე საკრებულო არ იმსჯელებს

08.01.2018 • 3855
მგზავრობის ფასი ისევ 40 თეთრი იქნება – ვიდრე საკრებულო არ იმსჯელებს

დღეს, 8 იანვარს, ბათუმის მერიაში გამართულ შეხვედრაზე მგზავრობის გაძვირებული საფასურის შესახებ იმსჯელეს. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, თუმცა მოლაპარაკების დასასრულს ბათუმში მოქმედი ერთ-ერთი სატრანსპორტო კომპანიის, შპს ჯორჯიან ტრანსის დირექტორმა, ნუგზარ ფარტენაძემ მედიასთან განაცხადა, რომ საკრებულომ უნდა იმსჯელოს საბოლოო ფასის დადგენაზე.

მგზავრობის ფასის ზრდა, ნუგზარ ფარტენაძის თქმით, საწვავისა და სათადარიგო ნაწილების გაძვირებამ გამოიწვია. ნუგზარ ფარტენაძე აცხადებს, რომ ხვალიდან ან ზეგიდან, მძღოლებთან მოლაპარაკების შედეგად, მგზავრობის საფასური ისევ 40 თეთრი იქნება, ხოლო მას შემდეგ, რაც სატრანსპორტო კომპანიები ხარჯთაღრიცხვას წარმოადგენენ, მერია იმსჯელებს საბოლოო ფასის განსაზღვრაზე.

,,აქამდე მგზავრობის საფასურს არეგულირებდა ბაზარი. 40-თეთრიანი ტარიფის დროს არ იყო საწვავისა და სათადარიგო ნაწილების ფასები მომატებული. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სატრანსპორტო კომპანიას შეუძლია თავად განსაზღვროს მგზავრობის ფასი, თუმცა არ გვინდოდა ეს მოულოდნელობა ყოფილიყო მოქალაქეებისთვის. განცხადება, რომელიც მერიაში შევიდა მგზავრობის საფასურის ზრდის მოთხოვნით, ჩვენი, სატრანსპორტო კომპანიების ხელმძღვანელების მიერ იყო მომზადებული. დიდი ხანია მძღოლები ითხოვდნენ მგზავრობის ფასის მომატებას, თუმცა არ გვინდოდა ეს მერიასთან შეუთანხმებლად გაგვეკეთებინა“, – ამბობს ნუგზარ ფარტენაძე.

მისივე თქმით, მერთან შეხვედრაზე ბათუმში მოქმედი ოთხი სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი იმყოფებოდა. შპს ჯორჯიან ტრანსის დირექტორის გარდა კომენტარის გაკეთება სხვებმა არ ისურვეს.

სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრობის ფასი ბათუმში 40-თეთრიდან 50-თეთრამდე ახალი წლის შემდეგ გაძვირდა.

ნუგზარ ფარტენაძე. შპს ჯორჯიან ტრანსის დირექტორი

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: