მერაბ ღოღობერიძის და ირაკლი ჩხვირკიას განაჩენი 10 იანვარს გამოცხადდება

ბათუმის საქალაქო სასამართლოს დიდ დარბაზში ღრმად ამოიოხრეს, როცა მოსამართლემ თქვა, რომ გადაწყვეტილებას დღეს არ გამოაცხადებს.

“კონკრეტულ საკითხზე უნდა ჩამოვყალიბდე. ამიტომ გადაწყვეტილებას ზეგ გამოვაცხადებ,” – თქვა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა და დარბაზიდან გავიდა.

მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას მასობრივი არეულობის ორგანიზებას ედავება გამოძიება “ბათუმის აქციის საქმეზე”. დღეს საბოლოო სიტყვას და განაჩენის გამოცხადებას ელოდნენ ის ადამიანები, რომლებმაც სასამართლოს დიდი დარბაზი სრულად შეავსო.

დღევანდელ პროცესს მერაბ ღოღობერიძე არ დასწრებია. მას საბოლოო სიტყვა სასამართლოსთვის არ უთქვამს.

საბოლოო სიტყვაში ირაკლი ჩხვირკიამ სათანადო მტკიცებულებების არარსებობაზე გაამახვილა ყურადღება. “სასამართლო ხომ ლირიკა არ არის? თუ ლირიკაა, მაშინ მე ვიტყვი ლექსებს და დარწმუნებული ვარ, ვაჯობებ პროკურორებს,” – უთხრა მან მოსამართლეს.

ირაკლი ჩხვირკიამ დეტალურად და ემოციურად ისაუბრა თითოეულ მტკიცებულებაზე, რაც პროკურატურამ დადო.

“არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებს, რომ ჩემს გამო ვინმეს ზიანი მიადგა… ან ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას როცა მედავებიან, სადაა ეს ჯგუფი? ვის ვუხელმძღვანელე და მივეცი დავალება? მაჩვენეთ ეს ადამიანები. თუკი ჯგუფზეა საუბარი, ორი ადამიანი ხომ უნდა იყოს მაინც?” – იკითხა ირაკლი ჩხვირკიამ.

მისივე აზრით, გამომძიებლებმა თუკი მერაბ ღოღობერიძის სტატუსებში რამე დანაშაულებრივი დააფიქსირეს, მაშინ მათ ტექსტები კი არ უნდა დაეკოპირებინათ, არამედ კომპიუტერი ამოეღოთ.

“ბატონო მოსამართლევ, თუკი თქვენ მაინც დაგრჩათ კითხვა, რატომ. ჩამოვედი იმ ღამით თბილისიდან ბათუმში, გეტყვით, რომ მე ასეთი ვარ, ყველგან მივდივარ, სადაც ვფიქრობ, რომ შეიძლება ვინმეს დავეხმარო…” – დასძინა ირაკლი ჩხვირკიამ.

“ბათუმის აქციის საქმეზე” სისხლის სამართლის წესით სულ 21 პირი გასამართლდა. აქედან 18-მა სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს აღიარა მასობრივ არეულობაში მონაწილეობა და მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. დანაშაული ამ ბრალზე მხოლოდ ლაშა დეკანაძემ არ აღიარა. მას ხულიგნობის მუხლით მიუსაჯეს ორწლიანი პატიმრობა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი