მთავარი,სიახლეები

ლაშა კომახიძე “ბათომის” წევრებს: მაჩვენეთ რისი გაკეთება შეგიძლიათ 

08.01.2018 • 7556
ლაშა კომახიძე “ბათომის” წევრებს: მაჩვენეთ რისი გაკეთება შეგიძლიათ 

ბათუმში, ფარნავაზ მეფის 60/62-ში მდებარე სახლი დაანგრიეს, მის ნაცვლად კი 6-სართულიანი სახლი უნდა აშენდეს. ორსართულიან საცხოვრებელ სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ ჰქონია, თუმცა მე-19 საუკუნეში იყო აშენებული და ისტორიული ღირებულება ჰქონდა.

ინფორმაციამ სახლის დანგრევის შესახებ მოქალაქეთა იმ ნაწილის პროტესტი გამოიწვია, ვინც ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და დაცვისთვის იბრძვის. ამ თემაზე დისკუსია დაიწყო ფეისბუქ ჯგუფ „ბათომში“. დისკუსიაში ბათუმის მერი ლაშა კომახიძეც ჩაერთო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ქალაქის პირველმა პირმა მოქალაქეებთან კომუნიკაციისთვის ასეთი ფორმა აირჩია.

მოქალაქეთა პროტესტს, რომლებიც წერდნენ, რომ საჭიროა ისტორიული შენობების შენარჩუნება და რესტავრაცია, ლაშა კომახიძემ ინიციატივით უპასუხა:

„მეგობრებო, დიახ რესტავრაცია უნდა ხდებოდეს და ეს შესაძლებელია ბიუჯეტიდან. 2018 წელს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო რამდენადაც ჩემთვის ცნობილია გეგმავს 2, ხოლო მერია 1 შენობის რესტავრაციას… ასეთი ტემპით ფონს ვერ გავალთ… მოდით ვიყოთ პრაგმატულები. რატო ვერ ვაკეთებთ მეტს? იმიტომ, რომ ცალკეულ შემთხვევებში ეს პროექტები გაცილებით უფრო მასშტაბური (ფართის თვალსაზრისით) ახალი შენობის აშენებაზე ძვირი ჯდება. ხშირად ბიუჯეტი მილიონ ლარს აღემატება ცალკეული აღებული შენობისთვის… დიახ შეიძლება წელიწადში ვაკეთოთ 30-50 შენობა, მაგრამ სხვა აღარაფერი ვაკეთოთ ამ ქალაქში. არ დავაფინანსოთ ბავშვთა ბაღები, სპორტი, ქალაქის კეთილმოწყობითი სამუშაოები და ა.შ. მე მგონი მეთანხმებით, რომ არ არის ეს სწორი გზა… რა არის გამოსავალი? ფონდების მოზიდვა?! შესანიშნავია, მაგრამ ნურავინ წარმოიდგენს ამ ფონდებს როგორც ფულის დასტას, რომელიც დევს და არ ვსარგებლობთ. 8 წელი გაეროში მუშაობა საერთაშორისო პროექტების მოზიდვის და განხორციელების გამოცდილებით მაძლევს საშუალებას ვიცოდე, როგორ მუშაობს დონორის ინსტიტუტი. აი, აქ მჭირდება თქვენი დახმარება! აქ გავერთიანდეთ ერთად და აქ აჩვენეთ თქვენი პროფესიონალიზმი და მხარდაჭერა! არასამთავრობო სექტორი ჩაერთეთ ფონდების მოზიდვაში! ეს არის თქვენი სათამაშო მოედანი… მაჩვენეთ რისი გაკეთება შეგიძლიათ და მე როგორც მერია და როგორც ბათუმელი გვერდში დაგიდგებით! მოიზიდეთ პროექტები და მე მოგცემთ თანადაფინანსების თანხებს! ამაზე კარგი პირობა რა გინდათ? პირადად მე ამ მიმართულებით ვმუშაობ. ეს არ არის მარტივი და სწრაფი პროცესი. შედეგებიც ისეთი ტემპით არ მოდის, როგორც ვინატრებდით… ასე რომ გააქტიურდით ამ მიმართულებით და გვერდში მიგულეთ,“ – დაწერა ბათუმის მერმა.

ფარნავაზ მეფის 60/62-ში მდებარე მე-19 საუკუნეში აშენებული სახლი. ფოტო გადაღებულია ნგრევის პროცესში. ავტორი: ზეინაბ დიასამიძე

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: