„მიტროპოლიტი დიმიტრი ესწრებოდა აღსაყდრების საზეიმო წირვას“ – საჩივარი „ქრონიკის“ წინააღმდეგ

„საზეიმო ლიტურგიას სვეტიცხოველში ესწრებოდა მღვდელმთავების უმრავლესობა, თუმცა აქ არ იმყოფებოდნენ, მაგალითად, მეუფე იაკობი, მეუფე პეტრე და მათ შორის არც პატრიარქის ძმის შვილი მეუფე დიმიტრი“, – ეს წინადადება გახდა იმის საფუძველი, რომ ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტის სოფო ბერიძის წინააღმდეგ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში განცხადება შეეტანათ.

სადავო მასალა 25 დეკემბერს გავიდა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში და საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 40 წლისთავს ეძღვნებოდა.

განცხადების ავტორი თორნიკე პეტრემღვდლიშვილი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტის ამ განცხადებით, “ირიბად თუ პირდაპირ, საზოგადოებას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ მეუფე დიმიტირი დაპირისპირების გამო არ ესწრებოდა საზეიმო წირვას”.

განმცხადებელი აღნიშნავს, რომ ჟურნალისტმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, ვინაიდან რეალურად მიტროპოლიტი დიმიტრი ესწრებოდა წირვას. ამის დასტურად მოჰყავს “ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის” ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, სადაც მითითებულია, რომ მიტროპოლიტი დიმიტრის შესახებ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და ის თანამსახურებდა სინოდის სხვა წევრებთან ერთად“.

განმცხადებელი ასევე აღნიშნავს, რომ “საზეიმო წირვა გადაეცემოდა პირველი არხის პირდაპირ ეთერში, სადაც რამდენჯერმე ჩანს მეუფე დიმიტრი”.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო თორნიკე პეტრემღვდლიშვილის განცხადება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან