სასტუმრო „ლეოგრანდმა“ დაღუპულების ოჯახებს ერთჯერადად კომპენსაცია გადაუხადა

სასტუმრო „ლეოგრანდსა“ და ამ სასტუმროში ხანძრის შედეგად დაღუპული პირების ოჯახებს შორის შეთანხმება შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას „ლეოგრანდის“ ადვოკატი ადასტურებს. საქმე ეხება ფულად კომპენსაციის გაცემას დაღუპული ოჯახის წევრებისთვის.

ლეოგრანდის ადვოკატის კახა წერეთელი ერთჯერადად გასაცემი თანხის ოდენობას არ ასახელებს. ის მხოლოდ იმას ამბობს, რომ ყველა დაზარალებულისთვის კომპენსაციის ოდენობა ერთი და იგივეა. ერთ-ერთი გარდაცვლილის ოჯახის ინფორმაციით კი, კომპანია მათ 50 ათას დოლარს სთავაზობს.

როგორც „ლეოგრანდის“ ადვოკატი კახა წერეთელი „ბათუმელებთან“ ამბობს, ასევე გადაწყდა, რომ ყოველთვიური ფულადი თანხა გაიცემა იმ გარდაცვლილების შვილებზე, რომლებიც არასრულწლოვანები არიან. „სრულწლოვან ასაკს მიღწევამდე თითოეული ბავშვი მიიღებს ყოველთვიურად ფულად დახმარებას. კომპანია ასევე იღებს ვალდებულებას, დააფინანსოს გარდაცვლილების შვილების უმაღლესი განათლება, თუ ისინი სრულწლოვან ასაკს მიღწევის შემდეგ გადაწყვეტენ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას“.

კახა წერეთელი ამბობს, რომ გარდაცვლილებს დარჩათ ერთი, ორი და სამი შვილი.

კახა წერეთელი ასევე ამბობს, რომ კომპენსაციას მიიღებს სასტუმროში დაღუპული ირანის მოქალაქის ოჯახიც. „შეთანხმება მათთანაც მიღწეულია. უბრალოდ, ისინი უნდა ჩამოვიდნენ, რომ შეთანხმებას ხელი მოაწერონ“.

ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „ლეოგრანდში“ 24 ნოემბერს მომხდარი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან