სიახლეები

სოფლის სამართალი

20.06.2015 • 2523
სოფლის სამართალი

სოფელ მერისში დღემდე ყვებიან ამბავს, თუ როგორ დარჩა ღომას მთა მერისის ხეობის საკუთრებაში. მერისში მცხოვრები ზურაბ დოლიძე პაპისგან გაგონილ ამბავს იხსენებს: „მერისსა და შუახევს აქვს მთები. ერთს სერს აქეთ, მეორეს – სერს იქით. შუახევი რიცხოვბრივად მეტია მერისზე. მათ საძოვრები არ ჰყოფნიდათ და ჩვენი საძოვრები უნდოდათ. დაიწყო დავა შუახეველებსა და მერისის ხეობის მცხოვრებლებს შორის. ერთ დღეს შუახევიდან ხალხი ამოვიდა და ჩვენებს, მერისელებს ყიშლები (საცხოვრებელი სახლი საზაფხულო საძოვარზე) დაუწვეს. წავიდნენ მერისელები, ქედის ნაწილის უფროსთან იდავეს და სახელმწიფომ აიძულა შუახეველები ყიშლები აეშენებინათ. მაშინ სახურავად ყავარი გამოიყენებოდა. ახალაშენებულ ყიშლებს ყავარი ისე დაახურეს, რომ წყალი ჩასულიყო. გაწვიმებისას წყალი შევიდა იაილაში და ამით იყარეს ჩვენი, მერისელების ჯავრი. 

დავა მაინც ვერ გადაწყდა. გადმოცემით ვიცი, იარაღითაც ასულა მთაზე ორივე მხარე, უსვრიათ კიდეც, მაგრამ დავა ვერა და ვერ გადაწყვიტეს. ბოლოს გადაწყვეტილება მიიღეს, ორივე მხრიდან თავ-თავიანთ სოფლებში ორ-ორი კაცი გაეგზავნათ. რომელი მხარეც მთაზე ცხელ საჭმელს აიტანდა, მთა იმ მხარეს დარჩებოდა. დათქვეს ადგილი და გაუშვეს ხალხი საჭმლის მოსატანად. შუახევიდან ღომას მთასთან ყველაზე ახლოს სოფელი უჩამბაა, მერისის ხეობიდან კი სოფელი – ნამონასტრევი. მაშინ მერისში მოჰყავდათ ღომი. ჩამოვიდნენ მერისელები ნამონასტრევში, გააკეთეს ღომი, ჩაასხეს ქოთანში, დაახურეს თავი და წავიდნენ მთაზე. შუახეველებმა გააკეთეს ბორანო, დაასხეს ტაფაზე და მათაც წაიღეს დათქმულ ადგილზე. მოხდა ისე, რომ ეს ბორანო გზაში გაცივდა, მერისელებმა კი როდესაც ღომი მიიტანეს და ქოთანს თავი მოხადეს, იქიდან ოხშივარი ამოვიდა. ასე გადაწყდა დიდი ხნის დავა. მთა მერისის ხეობელებს დარჩათ, მას შემდეგ მას ღომას მთას ეძახიან.“


ზურაბ დოლიძე და ხასან ლამპარაძე

ზურაბ დოლიძის თქმით მერისელებსა და შუახეველებს შორის დღემდე არის ხოლმე კამათი, ამ ისტორიასთან დაკავშირებით. შუახეველები ამ ამბავს პირიქით ჰყვებიან, რომლის მიხედვითაც სწორედ მათ აიტანეს ღომი მთაზე და არა მერისელებმა.

ადრე მაღალმთიანეთში ამა თუ იმ დავის გადაწყვეტისას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ფიცს. მოსახლეობაში რწმენა იმდენად ძლიერი იყო, ტყუილზე არაფრით არ დაიფიცებდნენ. ლეგენდად შემორჩა ერთი ფიცის ისტორია, რომელიც ღომას მთას ცნობილ დავას უკავშირდება.

მერისის ხეობაში მცხოვრები ხასან ლამპარაძე იხსენებს ისტორიას კაცისას, რომელმაც ტყუილზე დაიფიცა.

მისი მონათხრობის მიხედვით მერისში ცხოვრობდა კაცი, გვარად მაცაცოღლი. საზაფხულო საძოვრების დავა ვერადავერ რომ ვერ გადაწყდა, ერთ დღეს ადგა ეს კაცი, ქალამნებში მერისის მიწა ჩაიყარა, ავიდა მთაზე და იქ შეკრებილი ხალხის წინაშე დაიფიცა: „მე თუ ახლა მერისის მიწაზე არ ვიდგე, ჩემი ოჯახი დაივსოსო. მერისში ჰყვებიან, რომ მაშინ ამ ფიცით დავა ვერ გადაწყდა, მაგრამ ამ კაცს ისე წაუვიდა საქმე, რომ მისი ოჯახისგან აღარავინ აღარ დარჩა ცოცხალი.

მე-19 საუკუნეში, შემდეგ, რაც აჭარა საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდა, ზემო აჭარის ცენტრი გახდა ხულო, ხოლო ქვემო აჭარის 0 ქედა. თითოეულ ნაწილს ჰყავდა თავისი უფროსი. ნაწილის უფროსების ერთ-ერთი მოვალეობა მოსამართლის ფუნქციის შეთავსებაც იყო.
ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში აჭარაში სხვადასხვა დანაშაულისთვის ადამიანის დასჯის გადაწყვეტილება ორ დაწესებულებას გამოჰქონდა. ე.წ. პირველი ინსტანციის სასამართლო იყო სასოფლო სასამართლო. სოფლის მამასახლისი, იმამი და სასოფლო მოსამარლე – ამ სამი წევრისგან შედგებოდა სოფლის სასამართლო.

თუ მომჩივანი სოფლის სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩებოდა, მაშინ შეეძლო უფრო მაღალი ინსტანციისთვის, საერთო სასამართლოსთვის მიემართა.

საერთო სასამართლო ნაწილის უფროსისგან, გუბერნატორის მიერ დანიშნული ყადისგან და საზოგადოების სამი წევრისაგან შედგებოდა.
თუ მომჩივანს საერთო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც არ დააკმაყოფილებდა, მაშინ ბათუმის საერო სასამართლოში მიდიოდა. საერო სასამართლოს ხელმძღვანელი ოლქის უფროსი იყო, ასევე სიმართლის დადგენაში მონაწილეობას იღებდა ყადი.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ოფიციალური, სახელმწიფო ორგანოები ამა თუ იმ დავის გადასაწყვეტად, ხალხი მაინც არჩევდა თავად გაერჩია მტყუან-მართალი. სანამ აჭარა საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდებოდა, მხარის მმართველები იყვნენ ბეგები. ბეგებს მოსამართლის ფუნქციაც ჰქონდათ შეთავსებული. მერისის ხეობელები დღემდე ამაყობენ იმით, რომ ვერც ერთმა ბეგმა ხეობაში შესვლა და ფეხის მოკიდება ვერ შეძლო. მერისის ხეობას საკუთარი „სასამართლო“ ჰქონდა, თავისივე „მოსამართლეებით“.

მერისში მცხოვრები ზაურ თურმანიძე გვიყვება:

„მერისის ხეობაში შედის შვიდი სოფელი. ხეობაში იყო ასეთი წესი, რომელიც ვინ და როდის დაადგინა, არ ვიცი. ყოველწლიურად თითო სოფლიდან ირჩევდნენ თითო კაცს. შედგებოდა საინიციატივო ჯგუფი, გაიკითხავდნენ სოფელში, თუ ვის სიტყვას ენდობოდა სოფელი. ამ გამოკითხვის შედეგად აარჩევდნენ სოფლის წარმომადგენელს. ამ არჩეულ ხალხს ევალებოდა სადავო საკითხების გადაწყვეტა. მერისის ცენტრში დიდი ნაძვის ხე იდგა. ამა თუ იმ დავის დროს შეიკრიბებოდა ეს შვიდი კაცი ამ ნაძვის ქვეშ და ირჩეოდა საქმეები.

ამ შვიდეულს მარტო სასამართლოს დანიშნულება არ ჰქონდათ. ეწეოდნენ ქველმოქმედებას, მაგალითად, სახლის მშენებლობა თუ ჰქონდა ვინმეს, გადაწყვეტდნენ, რომ მიხმარებოდნენ. შეკრებდნენ ხალხს სოფლებიდან – ზოგი მასალით დაეხმარებოდა და ააშენებინებდნენ კაცს სახლს. ეს შვიდეული საქორწინო საქმეებსაც აგვარებდა. მაგალითად, თუ კაცი ოჯახისგან ქალიშვილს ითხოვდა და უარს უხეშად მიიღებდა, შვიდეული დაიბარებდა ოჯახის უფროსს და გამოჰკითხავდა დაწვრილებით ამბავს. ბევრი ოჯახი შექმნილა ასე ჩარევით.

ძალიან რთული იყო საკითხების გადაწყვეტა, რომელიც მტრობას უკავშირდებოდა. თუ მოხდებოდა მკვლელობა სოფელში, ეს შვიდი კაცი შეეცდებოდა მკვლელობა ჩაენაცვლებინათ დამოყვრებით. გადამტერებულ მხარეებში გამოიძებნებოდა ისეთი გოგო და ბიჭი, რომელთა შეუღლებაც შეიძლებოდა. ჩადგებოდა ნათესაობა შუაში და ისე მოაწყობდნენ საქმეს, რომ ამ დამოყვრებით შეარიგებდნენ. იტყოდნენ: „მოხდა და მოხდა. ახლა მკვდარი ხომ არ გაცოცხლდება“. თუ ამ გზით საქმე არ მოგვარდებოდა, ყველაზე მძიმე განაჩენი ამ დროს იყო სოფლიდან გასახლება. ეტყოდნენ დამნაშავეს: „კაცი შემოგაკვდა, ადექი და გაეცალე სოფელს. შენს ცოლ-შვილს მივხედავთ. თუ ისე მოხდება და ის მხარე დაწყნარდება, შეგატყობინებთ და დაბრუნდები სოფელში“, – იხსენებს ზაურ თურმანიძე.

ზაურ თურმანიძე

ყველაზე მძიმე სასჯელი, რომელიც შეიძლებოდა დანაშაულისათვის დამნაშავეს დაკისრებოდა იყო – ბედვა. იგივე წყევლა. ბედვას ხოჯა „ადებდა“ დამნაშავედ მიჩნეულ ადამიანს.

„ბედვა ხდებოდა მაშინ, როცა კაცი ჩაიდენდა სოფლისათვის და საერთო საზოგადოებისათვის მიუღებელ საქციელს. იქნებოდა ეს უხამსობა, ან ისეთი ქურდობა, რომელიც სოფელს სახელს გაუტეხდა, ან ღალატი. ასეთი საქმეები ნაძვის ძირში ვერ გაირჩეოდა, ამიტომ ასეთ დროს საქმე ჯამეზე წყდებოდა. იტყოდნენ _ „ბედვა ვქნათ ამ კაცზე, არ გეიხაროს ამ კაცმაო“.

მიდიოდნენ ჯამეზე ბედვის საქმნელად. ბედვას ხოჯა აკეთებდა. ჯემაღეთი (მრევლი), ვინც ამ ბედვას ესწრებოდა, ხელაპყრობილი იტყოდა „ამინ“. ეს წყევლა ძალიან დიდი სასჯელი იყო მორწმუნე კაცისათვის,“ – ამბობს ზაურ თურმანიძე.

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ ბეგები მერისის ხეობაში ვერ შევიდნენ და სამართლის გადაწყვეტა მთლიანად თემზე იყო მინდობილი, ხეობის დემოკრატიულობაზე მიანიშნებს.

ზაურ თურმანიძისთვის „საქართველოში თუ სადმე ყოფილა დემოკრატიული მმართველობა, მერისში იყო ერთ-ერთი”.


მერისის მეჩეთი

 

გადაბეჭდვის წესი