მსოფლიოს საახალწლო სამზარეულო

ახალი წლის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ნაწილი შინ მომზადებული, სეზონური გემრიელი სადილია. სასიამოვნო გარემოში ახლობლებთან ერთად სადღესასწაულო კერძების მირთმევა, ახალი წლის აღნიშვნის კლასიკური ფორმაა მთელ მსოფლიოში. მართალია, ახალ წელს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დროს აღნიშნავენ, მაგრამ თარიღისგან განსხვავებით უცვლელია საახალწლო განწყობა, რომელიც ამ დღეს ასე თუ ისე ყველასთვის საერთოა.

მსოფლიოს საახალწლო კერძები ტრადიციულად დღესასწაულისთვის კეთდება მხოლოდ და სხვადასხვა გეოგრაფიული არეალის მიხედვით იცვლება ინგრედიენტები. საქართველოს მსგავსად ხორცი, ბევრ ქვეყნაში მთავარი საახალწლო კერძის ძირითადი ინგრედიენტია. დანიური „flæskesteg“ მაგალითად, იგივე შემწვარი ღორის ხორცი დაბრაწული კანით, დღესასწაულის მთავარი კერძია.

საინტერესოა თბილი ქვეყნების, მაგალითად, ახალი ზელანდიის საახალწლო კერძების შედარება სკანდინავიის ცივი ქვეყნების, ფინეთისა და შვედეთის სამზარეულოსთან.

ვნახოთ ვინ რით ამშვენებს საახალწლო სუფრას.

გადავხედოთ ყველაზე საინტერესო საახალწლო სადილებს მთელ მსოფლიოში შვედური სმორგასბორდიდან (smörgåsbord) ახალზელანდიურ ბარბექიუმდე.

შვეიცარია

ფოტო: lejoe

შვეიცარიელები ჩინურ ფონდიუს (Fondue Chinoise) მიირთმევენ სადღესასწაულოდ. ეს არის მდუღარე ბულიონში ჩაკიდებული, შამფურზე აცმული ხორცის მომცრო ნაჭრები. კერძს ამზადებენ როგორც ახალ წელს, ასევე საშობაოდ.

ნიდერლანდები

ფოტო: aibakker

გურმეთენი (Gourmetten) ტრადიციული საახალწლო სადილია ნიდერლანდებში. ოჯახების უმრავლესობას აქვს შინ „გურმეთენის მოწყობილობა“ ამ დღისთვის. ხის ჩხირებზე აცმულ ბრტყლად დაჭრილ ხორცისა და ბოსტნეულის ნაჭრებს ოჯახის ყველა წევრისთვის წვავენ სპეციალურ ქურაზე.

მექსიკა

ფოტო: marthax

 

პოზოლე (pozole) მექსიკური საახალწლო კერძია, მზადდება მოხარშული სიმინდის მარცვლების, ღორის ხორცის, წვრილად დაჭრილი კომბოსტოს, წიწაკა ჩილისა და ავოკადოსგან. არსებობს წითელი, მწვანე და თეთრი პოზოლე

გვატემალა

ფოტო: josewolff

ტამალესს (Tamales) გვატემალაში მიირთმევენ შობიდან ახალი წლის ჩათვლით. აცხობენ სიმინდის ფოთლებში, მზადდება ხორცის, მოხარშული სიმინდის, ხახვის, ნივრისა და ცხარე წიწაკისგან.

შვედეთი

ფოტო: kimtaro

შვედურად საახალწლო სადილს სმორგასბორდი ჰქვია (smörgåsbord)  და ის ცხელი და ცივი კერძებისგან შედგება: ლორი, ნეკნები, სხვადასხვა სახის თევზი, კარტოფილი, გუფთა და მოხარშული კომბოსტო. შვედეთის სამხრეთით საახალწლო სუფრის აუცილებელი ნაწილია გველთევზაც.

სლოვაკეთი

ფოტო: hanuska

სლოვაკური შობა-ახალი წლის განუყოფელი კერძი დაწნილებული კომბოსტოა სოკოსთან ერთად, კერძს სურვილისამებრ, ღორის ხორცსაც ამატებენ.

ბოსტვანა

ფოტო: itsbruce

ბოსტვანას მთავარი სადღესასწაულო კერძი ბრინჯის, სალათის ფურცლებისა და შემწვარი ქათმისგან მზადდება. ამ კერძს დაბადების დღეებზე, ქორწილებსა და სხვა მნიშვნელოვან დღეებშიც მიირთმევენ.

ვენესუელა

ფოტო: Alanz

ვენესუელაში ახალ წელს ჰალაკესს (hallacas) მიირთმევენ. ეს არის სიმინდის ფქვილის ცომი, ხორცით ან ზღვის პროდუქტებით – რეგიონების მიხედვით. სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს ასევე პან დე ჟამონი (pan de jamón) ფუნთუშა შემწვარი ბეკონითა და მწვანე ზეთისხილით.

პოლონეთი

ფოტო: Wikimedia

პოლონეთში ამზადებენ გამჭვირვალე ბორშს მოშუშული ხორცითა და სოკოთი.

დიდი ბრიტანეთი

ფოტო: Peter O’Connor

დიდ ბრიტანეთში ტრადიციულ საახალწლო კერძია ინდაური, ბატი ან ქათამი სხვადასხვაგვარი გარნირით: ბრიუსელის კომბოსტოთი, ბეკონით, შემწვარი სტაფილოთი და სოუსით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თამუნა ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან