სიახლეები

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რეგლამენტს წამზომით დაიცავს

19.06.2015 • 2621
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რეგლამენტს წამზომით დაიცავს

 

ირაკლი ჭეიშვილი
ირაკლი ჭეიშვილი

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას რეპლიკისთვის თუ სხვა მიზნით ერთმანეთს რეგლამენტით გათვალისწინებულ წესებს ხშირად ახსენებენ. ეს, ძირითადად, მაშინ ხდება, თუ ვინმეს სიტყვა გაუგრძელდა ან ვინმემ კითხვის დასასმელად გათვალისწინებული დრო რეპლიკისთვის გამოიყენა. თუმცა დარბაზში ატეხილი ხმაურის ან მიმართვის არაკორექტული ფორმების გამოყენებისას რეგლამენტით გათვალისწინებული წესები არავის ახსენდება.

დარბაზში ატეხილ ხმაურს, იმ შემთხვევაში თუ პოლემიკა თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძეს შორის არ დაწყებულა, არამედ ამ მხვრივ სხვები აქტიურობენ, საკრებულოს თავმჯდომარე ხმაურს ხშირად მაგიდაზე კალმის დაკაკუნებით ეხმაურება. ის ასე ცდილობს აყალ-მაყალში გადასულ სხდომაზე საკრებულოს წევრების ყურადღების მიქცევას: „ადამიანებო! მომისმინეთ ერთი წამით!“, „რა გინდა შენ ამიხსენი რა!“, „გაჩერდი და გიპასუხებ!“ „შეიძლება ვუპასუხო?“…

იყო შემთხვევები, როცა საკრებულოს თავმჯდომარე სხდომაზე ხმაურის შესაჩერებლად იძულებული გახდა შესვენება გამოეცხადებინა, თუმცა ასეთ დროს მას საკრებულოს რეგლამენტი უფრო მკაცრი ზომების გატარების საშუალებას აძლევს. მას შეუძლია სიტყვა ჩამოართვას გამომსვლელს, გააფრთხილოს ოქმში შეტანით ან მის გარეშე, ან სხდომათა დარბაზი დაატოვებინოს სხდომაზე დამსწრე პირს.

რეგლამენტი არის საკრებულოს დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს და აწესრიგებს საკრებულოს, მისი ორგანოებისა და თანამდებობის პირების, ასევე საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა მუშაობის, უფლებამოსილების განხორციელების წესსა და პროცედურას.

რეგლამენტი კანონმდებლობით დადგენილი წესით მტკიცდება საკრებულოს დადგენილებით. რეგლამენტით დადგენილი ნორმები სავალდებულოა შესასრულებლად საკრებულოს ყველა წევრისთვის, საკრებულოს აპარატისა და მერიის საჯარო მოსამსახურეებისთვის.

სხდომა ბათუმის საკრებულოში

რეგლამენტი განსაზღვრავს ასევე საკრებულოს სხდომაზე ქცევის წესებსა და საკრებულოში მიმართვის ფორმებს. სხდომათა დარბაზში, ვინ, სად და რატომ უნდა იკავებდეს ადგილს.

ბათუმის საკრებულოს რეგლამენტის მეხუთე თავის მიხედვით, საკრებულოში დაუშვებელია ისეთი გამოსვლები და მოქმედებები, რომლებიც შეურაცხყოფს საკრებულოს სხდომის მონაწილეთა და დამსწრეთა პატივსა და ღირსებას. ამ წესების დაცვა კი იმავე რეგლამენტის ორმოცდამეათე მუხლის მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარემ უნდა უზრუნველყოს.

რეგლამენტის მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარე ადგენს კამათში მონაწილეთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას. საკრებულოში მიმართვის რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმებია: ბატონო თავმჯდომარევ; ბატონო სხდომის თავმჯდომარევ; პატივცემულო კოლეგავ.

კამათისას ხმამაღალი და არაკორექტული ფორმით მიმართვების გამო კოლეგების მიმართ საყვედური სხდომაზე ერთხელ ისევ საკრებულოს წევრმა რამაზ სურმანიძემ გამოთქვა. საკრებულოს წევრმა კობა ჩხეიძემ კი თავმჯდომარის მიერ მის მიმართ გაკეთებულ არაკორექტულ განცხადებას უპასუხა, რომ არ მიესალმებოდა საკრებულოს წევრის მიმართ არაკორექტულ საუბარს: „მეც შემიძლია იმავე ფორმით პასუხის გაცემა, რაც სხვა რეჟიმში გადაგვიყვანს“. თუმცა მას ღია პროტესტი არ გამოუთქვამს, როცა მისი ფრაქციის წევრმა ჯაბა ბერიძემ საკრებულოში საკითხისადმი მიდგომა შეაფასა, როგორც „ყემბერიზმი“. ეტიკეტს საკრებულოს წევრები ხშირად არც სოციალურ ქსელში იცავენ.

კიდევ ერთი საკითხი, რაც ბათუმის საკრებულოს სხდომაზე აქტუალურია, გამუდმებით ტელეფონის მოხმარებაა. თავმჯდომარე საკითხს დღის წესრიგში აყენებს, ან გამომსვლელი სხდომის წევრებს ინფორმაციას აწვდის, ამ დროს კი საკრებულოს ზოგიერთი წევრი ტელეფონებს აქტიურად იყენებს ვებგვერდიდან ვებგვერდზე გადასასვლელად, ან იმის გასარკვევად ვინ რა გააზიარა „ფეისბუქის“ გვერდზე. მიღებულ ინფორმაციას კი ხშირად სხდომაზევე ეხმაურებიან. რეგლამენტის მიხედვით, საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს დამსწრე პირების მიერ მობილური ტელეფონებით სარგებლობა.

საკრებულოს სხდომებს კონკრეტული პროექტებისა და საკრებულოს მუშაობის მონიტორინგის მიზნით ხშირად ესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ერთ-ერთი ასეთი სხდომის შემდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელმა ნათია ზოიძემ ფეისბუქზე საჯარო სტატუსი გამოაქვეყნა:

„ბათუმის საკრებულოს სხდომას ვესწრებოდი. თავმჯდომარე საკრებულოს წევრებს, საკრებულოს წევრები თავმჯდომარეს; მერიის წარმომადგენლები საკრებულოს წევრებს და პირიქით მიმართავენ შენობით, შეიძლება ფამილარული ურთიერთობები გაქვთ, მაგრამ ყველაფერს თავისი წესი აქვს. საკრებულოს ძირითადი შემადგენლობის წყალობით არ მქონია განცდა, რომ სხდომას ვესწრებოდი. მეგობრების გარემოცვაში, რომ ხარ და მეგობარს ეტყვი „ნუ აფრენ რა ბიჭო, აზრზე მოდი და ის გეტყვის „ყემბერიზმით“ ხომ არ ხარ ავად, აბა რატომ ვერ იგებო (ყემბერიზმი არ ვიცი რას ნიშნავს, საკრებულოს სხდომაზე მოვისმინე).

ერთი საკითხის განხილვას სჭირდება ერთ საათზე მეტი. მოხსენება ხუთწუთიანია წესით, დანარჩენი მიაქვს კამათს, მრჩება განცდა, რომ ბიუროს სხდომები არ ტარდება ან ეტყობა იქ ტელეკამერები არ არის. მოკლედ, რეგლამენტს არღვევს ყველა, ვისაც არ ეზარება და რაც მთავარია ამის საშუალებაც ეძლევათ.

პ.ს. სხდომებზე დასწრებისა და საკრებულოსთან თანამშრომლობის სურვილი მაქვს. ვიმედოვნებ ეს პოსტი არ შემიშლის ხელს))“.

ეს სტატუსი ნათია ზოიძემ 2015 წლის 25 თებერვალს დაწერა. სტატუსს გამოხმაურება საკრებულოს სხდომაზევე ჰქონდა, თუმცა ეს შენიშვნა პრაქტიკაში მომდევნო სხომებზე არავის გაუთვალისწინებია.

საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი ამბობს, რომ რეგლამენტის ხშირად დარღვევის ფაქტი მასაც აწუხებს და ახლა ამ პრობლემის გამოსწორებას სხდომაზე ახალი ინსტრუმენტის შემოტანით აპირებს: „წამზომს ვყიდულობ. სხდომაზე ჩართული იქნება წამზომი, სადაც დაინახავენ ვინ არღვევს რეგლამენტს. რაც შეეხება კორექტულობას, ამ მხვრივ რეგლამენტს ყველა არღვევს, უფრო ოპოზიცია და ასევე „ქართული ოცნების“ უმრავლესობა. თქვენ ალბათ ისმენთ სხდომებზე როგორ აქტიურად ვთხოვ საკრებულოს წევრებს რეგლამენტის დაცვას. დარბაზი იმდენად პატარაა, მიკროფონი რომ გავუთიშო, ამას დიდი შედეგი არ ექნება. მე არავის ვუზღუდავ მოსაზრების გამოხატვის საშუალებას. კორექტულობა, ვფიქრობ, კონკრეტული პირის ეთიკაზეა დამოკიდებული, სხვა რა უნდა გავაკეთო? – თუ წამზომმა შედეგი ვერ გამოიღო, მაშინ რეგლამენტით გათვალისწინებულ ვალდებულებას გამოვიყენებ.“

კითხვაზე, საკრებულოს თავმჯდომარეს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის სხდომიდან გაძევება რეგლამენტის დარღვევისთვის პოლიტიკურ დევნად ხომ არ ჩაეთვლება? – ნათია ზოიძე პასუხობს, რომ თუ იდენტური მიდგომა იქნება საკრებულოს ყველა წევრის მიმართ, ოპოზიციის წარმომადგენელია ის თუ `ქართული ოცნების~, ამ შემთხვევაში ქმედება პოლიტიკურ დევნად ვერ შეფასდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: