მთავარი,სიახლეები

მშობლის სევდა

03.01.2018 • 7751
მშობლის სევდა

მეღვიძება, ღამეა, ბნელა, რატომ მაღვიძებენ, ჯერ ხომ არ გათენებულა, არადა მაღვიძებენ, გვერდით ოთახში მაღვიძარა რეკავს, ესე იგი, გათენდა. წამოვჯექი საწოლზე, ფარდას სწევს დედა, იასამნისფერი შუქი შემოდის ოთახში, თენდება, ნივთებს ვარჩევ, ჩემს ოთახში ვარ, დიდი ხანი არაა, რაც საკუთარი ოთახი მაქვს, პირადი სივრცე. ძალიან მიხარია, ამერიკელი თინეიჯერი მგონია თავი, შევიკეტები ოთახში და არ გამოვდივარ, მეგობრებსაც ოთახში ვიღებ.

სამზარეულოში გავდივარ. დღე დამოკლდა, ღამე დაგრძელდა, ამბობს დედა, ზამთარია რა უკვე, ამბობს მამა და თვალებს იფშვნეტს. ცივა, კბილების გამოხეხვა არ მინდა, წყალი ცივია. უნდა ჩავიცვა, მერე წიგნები ჩავალაგო ჩანთაში, ქიმია არ მისწავლია, იმედი მაქვს, არ გამომიძახებს მასწავლებელი. დღეს ის დამპალი კლასელი ისევ იტყვის რამე დამპლობას ჩემზე. მეზარება, მაგრამ ვიცი, რომ აუცილებლად უნდა წავიდე სკოლაში, რომ რამდენიმე წელი აუცილებლად უნდა ვიარო სკოლაში.

სკოლაში ის ნაცნობი სუნი, არ მიყვარს, ვერც ერთ სუნს ვერ ვამსგავსებ, შედიხარ თუ არა შენობაში, მაშინვე ცხვირში გეცემა, ყველა ოთახში ერთნაირი სუნია, სკოლის სუნი. პირველი 45 წუთი ნელა გადის, დანარჩენი ექვსი 45 წუთი _ უფრო ნელა. მესამე გაკვეთილზე ვჭამ. ქიმია არ მიძახებს დაფასთან, ახალ პარაგრაფს ხსნის, ბოლო კითხვაზე, გავიგეთ თუ არა, რაც ახსნა, ისევ არ ვიღებ ხმას, არადა, ვერაფერი გავიგე. არ მიყვარს ქიმია, ფიზიკა და ბიოლოგია, მძულს, ვიზეპირებ, არ შემიძლია ეს დაზეპირებაც. ყოველ ჯერზე, როცა მოუმზადებელი ვარ, ვცდილობ ავხსნა, რომ სხვა გეგმები მაქვს ცხოვრებაში და არაფერში მჭირდება ქიმია, ფიზიკა და ბიოლოგია, მაგრამ არ მისმენენ, მეუბნებიან: გჭირდება, ქიმია ძალიან მნიშვნელოვანია, ასე ნუ უყურებ. ბიოლოგიის მასწავლებელიც იმავეს ამბობს, ფიზიკისაც, გეოგრაფიისაც, ისტორიისაც, შენი წარსული თუ არ იცი, მომავალს როგორ შექმნი; გერმანულის მასწავლებელი ამბობს, რამდენი ენაც იცი, იმდენი ადამიანი ხარ; მარტო ინგლისური ხომ არ არის, რუსულის მასწავლებელი გვიმეორებს, რომ უნდა ვიცოდეთ მტრის ენა.

არ მინდა წარსულის ცოდნა, არც მომავლის შექმნა მინდა, მეცხრე კლასში ვარ, რა დროს ასეთებია, არც ბევრი ადამიანი მინდა ვიყო, ერთი სრულიად საკმარისია, არც მტერი მინდა მყავდეს, მე არავის ვემტერები, მითუმეტეს მტრის ენაზე საუბარი არ მინდა, მაგრამ არავინ გისმენს. ორი წუთიც და გამოვა ზარი, დატოვებ ამ შენობას, მხარზე გადაკიდებული ჩანთიდან წიგნს ამოიღებ და უკანა გზაზე ცოტას წაიკითხავ.

კითხვას ვიწყებ და ყველა პრობლემა ქრება, აღარ მცივა, არც მოკლე დღეზე და გრძელ ღამეზე ვფიქრობ, არც ქიმია, ბიოლოგია და ფიზიკა მაწუხებს, არც დამპალი კლასელის დამპალი წამოძახილი. ნაცნობ სამყაროში ვბრუნდები, იქ ყველაფერი კარგადაა, მომწონს იქაურობა, იქაური სკოლა, იქაური თინეიჯერები, იქაური ამბები. წიგნის პირველი ნაწილი ზაფხულში წავიკითხე, კურორტზე წავიღე და ორ ღამეში მოვუღე ბოლო. მეორე ნაწილიც მოვძებნე, მაგრამ ჯერ არ თარგმნილაო, მერე გამომცემლობის გვერდს ჩავუსაფრდი, ასე მითხრეს, რამდენიმე თვეში გამოვაო, ველოდი, ველოდი და ბოლოს, როგორც იქნა გამოვიდა, ვიყიდე და ნელ-ნელა ვკითხულობ.

ამბავი 16 წლის ბელა სვონზეა, რომელიც მამასთან გადადის საცხოვრებლად ფორკსში, ვაშინგტონის შტატის პატარა ქალაქში და ხვდება 101 წლის ვამპირ ედვარს. ედვარდს და ბელას ერთმანეთი შეუყვარდებათ და იწყება დიდი, ძალიან დიდი ვამპირული თავგადასავალი. წიგნი 2005 წელს დაიწერა, რამდენიმე წელში ფილმიც გადაიღეს წიგნის მიხედვით, ავტორმა სულ ოთხი ნაწილი დაწერა და მსოფლიოში გაითქვა სახელი. „ბინდის“ სერია ძალიან პოპულარული გახდა თინეიჯერებში.

საქართველოშიც ძალიან მალე ავიტაცეთ, შეიქმნა „ბინდის“ ფანკლუბები, იყიდებოდა „ბინდის“ პოსტერები, ჩანთები, მაისურები, მოკლედ მთელი თინეიჯერობა შევიშალეთ ბელასა და ედვარდის სიყვარულის ისტორიაზე. წიგნები ხელიდან ხელში გადადიოდა, კითხულობდა მოსწავლე, მასწავლებელი, მასწავლებლის და, მშობელი, ყველა. ამბავი მარტივი იყო, თან დინამიკური, თან გასართობი, თან გაინტერესებდა, რა მოუვიდოდა ბედნიერ წყვილს.

„ბინდის“ წაკითხვის შემდეგ შევაღე კარი მოზარდების ლიტერატურის სამყაროში, სადაც ყველაფერი ძალიან მარტივად იყო და სადაც ყველა გვასწავლიდა, რომ სამყარო კეთილია, რომ ცხოვრება ლამაზია, თუ იბრძოლებ, თუ იცხოვრებ სამართლიანად, თუ გექნება სწორი ღირებულებები, თუ იქნები კეტნის ევერდინივით მამაცი, თუ იქნები ჰარი პოტერივით თავდადებული, თუ იქნები ჰერმიონა გრეინჯერივით ჭკვიანი და პიტა მელარკივით კეთილი.

და არაფერი, ყოველთვის, როცა ზამთარი გრძელი იყო, ყოველთვის, როცა ჩემს ქალაქში წვიმდა, ფეხები მისველდებოდა და არაფერი არ მიხაროდა, როცა მეგონა, რომ სულ 15 წლის ვიქნებოდი, რომ ცხოვრებაში არაფერი შეიცვლებოდა, რომ ჩემზე არც ერთი სკოლა არ იზრუნებდა, ერთადერთი ნუგეში ლიტერატურა იყო, მსუბუქი ლიტერატურა, მოზარდებისთვის გათვლილი წიგნები, სადაც ყველა გმირი, მართალია, ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ მაინც თავისებურად მაგრები არიან.

ჩემს მშობლებს არასდროს დაუშლიათ მეკითხა ის წიგნები, რომლებიც მე მომწონდა, პირიქით, ახარებდათ წიგნთან ნებისმიერი სახის კონტაქტი. იცოდნენ, რომ „ბინდით“ დაწყებული მკითხველის თავგადასავალი აუცილებლად გაგრძელდებოდა სხვა, უფრო ღირებული და დიდი ლიტერატურით. მართლებიც აღმოჩნდნენ, როცა მივხვდი, რომ მოზარდების ჟანრში ყველა წიგნი ერთმანეთს ჰგავს და ყველა გმირი თითქმის ერთნაირია, დავიწყე ახალ-ახალი წიგნების ძებნა, გამოჩნდნენ ახალი ავტორები, ახალი სათაურები, მერე წამოვიდა მასწავლებლების ნაკარნახევი დოსტოევსკი, ჰიუგო, ბალზაკი, ოთარ ჭილაძე, მერე და მერე დავუმეგობრდი „სამ მუშკეტერს“, ვიმოგზაურე „განძის კუნძულზე“, შევიყვარე შექსპირი და ღამეებს ვათენებდი ჟან ვალჟანთან ერთად.

მერე და მერე, როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე და პირველი სამსახური დავიწყე წიგნის მაღაზიაში, ჩემმა უფროსმა მითხრა, ძირითადად თინეიჯერები დადიან ჩვენს მაღაზიაში და თინეიჯერების მშობლებიო. ვიფიქრე, ვახ, რა მაგარია, ახლა შემიძლია ის წიგნები ვურჩიო 15 წლის ბიჭებსა და გოგოებს, რომლებმაც ერთ დროს მე გადამარჩინეს, გადამატანინეს უამრავი დამცირება, შეურაცხყოფა, წიგნები, რომლებმაც შემაყვარეს ლიტერატურა და ცხოვრება-მეთქი.

შემოდის ქალი, ასაკი 40-45 წელი, მოზარდის მშობელია, უკვე ორი თვეა ვმუშაობ და ვცნობ, სახეზე აწერიათ, რა უნდათ, რისთვის შემოვიდნენ, იყიდიან თუ არა რამეს, სჭირდებათ თუ არა ჩემი დახმარება და ასე შემდეგ. წიგნს ეძებს გოგონასთვის, რომელიც არ არის მაინც და მაინც დიდი მკითხველი, მივდივარ მოზარდების თაროსთან, ჯერ ერთ წიგნს ვიღებ პერსი ჯეკსონზე, ანტიკური ღმერთის შვილზე, რომელიც ჩვენს საუკუნეში ცხოვრობს, უი, არა, აბა, რამე სხვაო, მერე ფენტეზის ჟანრიდან ვურჩევ წიგნს, უი, ფანტასტიკები და ეგეთები არ მინდა, მერე „გიკი გოგოს“ წიგნს ვაჩვენებ, ერთ-ორ სიტყვას ვეუბნები, უი, რამე უფრო სერიოზული, უფრო სერიოზულსაც ვაძლევ, კლასიკები საით გიდევთ, მეკითხება და ზურგს მაქცევს, თვითონ იქექება წიგნებში, ხლაფორთობს, ფასებს აკვირდება, წიგნებს ფურცლავს.

მეც სალაროსთან ვბრუნდები, ხელს აღარ ვუშლი, ვხვდები, რომ ჩემი ჩარევა საჭირო არ არის, რამდენიმე წუთში მოდის სალაროსთან, წინ წიგნს მიდებს, ამას ავიღებო, მაინ რიდის „უთავო მხედარი“, კარგი არჩევანია, ვეუბნები თავაზიანად, მაგრამ დარწმუნებული ხართ, რომ მოეწონება? იქნებ რამე უფრო მსუბუქით დაგვეწყო, ქალი არ მისმენს, სწრაფად იხდის ფულს და გადის მაღაზიიდან.

რამდენიმე დღეში ბრუნდება, თავს მახსენებს, ამჯერად უმცროსისთვის ვეძებ, სამი წლის არისო, აქაც იგივე, ვთავაზობ ბევრ ვარიანტს, მაგრამ არ მიჯერებს და ბოლოს ილუსტრირებულ ბიბლიას იღებს. ისევ გულდაწყვეტილი ვარ, მაგრამ კითხვებს აღარ ვსვამ. სალაროსთან მოდის, ფულს იხდის და სწრაფად გადის, გასვლამდე მაინც ვეკითხები, მოეწონა გოგონას „უთავო მხედარი?“ ვერ წაიკითხა, მგონი ადრეა ჯერ, მოვიყვან მერე მას და ერთად შევარჩევთო.

გამარჯვებულის ღიმილით ვემშვიდობები, ზუსტად ვიცი, რომ არ მოიყვანს, იმდენი მშობელი მინახავს, იმდენი შვილი, აღარ მჯერა უკვე ეგეთების, ან თუ მოიყვანა, ისევ თვითონ შეარჩევს, ბავშვს აიძულებს, რომ თავი დაუქნიოს, ხშირად მესმის ფრაზა, კაი, რა დედა, ეს რად გვინდა, ნახე აგერ, „სამი მუშკეტერი“.

დღესაც, როცა უკვე აღარ ვმუშაობ წიგნების მაღაზიაში, როცა უკვე ნაკლებად მიწევს მშობლებისა და მოზარდებისთვის რჩევის მიცემა, სულ მინდა მოვყვე, რა მაგარია, როცა წიგნებს თვითონ არჩევ, რა მაგარია, როცა არავინ გტენის ხელებში იმას, რისი წაკითხვაც არ გინდა, რა მაგარია, როცა პატარა ხარ, გგონია, რომ მარტო ხარ და უცებ მეგობარს იპოვი წიგნის ფურცლებზე. მერე რა, რომ წიგნი ვერ არის მთლად დიდი ლიტერატურა, იქნებ კარგი დასაწყისია, დიდ ლიტერატურამდე რომ მივიდეთ.

სულ მინდა ჩამოვუსხდე მშობლებს და ვუთხრა, რომ ცხოვრება ასეთია, აზრი არ აქვს ბრძოლას, დრო იცვლება, იცვლება ლიტერატურა, იცვლებიან გმირები, იცვლება აქტუალური თემები, იცვლება ბავშვების გემოვნება, ადრე თუ დარტანიანი იყო ყველაზე მაგარი ბიჭი, დღეს ლაბირინთში მორბენალი პატარა ბიჭუნაა ყველაზე მაგარი. ვუთხრა, შვილის ყოლა რთულია, რომ რაღაცები, რაც ჩვენ გვიყვარდა ბავშვობაში, შეიძლება საერთოდ აღარ მოეწონოთ ჩვენს შვილებს.

სულ მინდა მოვყვე ზამთრის იმ მოკლე დღეებზე, ნაცრისფერ ქალაქებზე, სულ მინდა ვიპოვო 15 წლის ზურა და ვალაპარაკო, იქნებ იმან თქვას, რა სჭირდებათ მოზარდებს სწორი განვითარებისთვის, რელიგიაა ეს თუ სპორტი, ლიტერატურა თუ მეცნიერება. 15 წლის ზურა უკეთ იტყვის, როგორ უნდა ავარიდოთ თავი ხიფათს, რატომ არის დანით თამაში ცუდი, სულ მინდა, რომ 15 წლის ბიჭებმა და გოგოებმა შეარჩიონ წიგნები, 15 წლის მოზარდებმა თქვან ხმამაღლა რა სჭირდებათ, რა დაეხმარებათ, სად იპოვიან შვებას და როგორ აარიდებენ თავს დიდ ბოროტებას.

მშობლის სევდას რამე ეშველება.

გამოქვეყნდა ჟურნალ “ბათუმელებში“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: