სიახლეები

ამერიკელი პროფესორი: როცა ვკარგავთ ისტორიულ შენობას, მას ვკარგავთ სამუდამოდ

18.06.2015 • 1623
ამერიკელი პროფესორი: როცა ვკარგავთ ისტორიულ შენობას, მას ვკარგავთ სამუდამოდ

ფოტო: bsu.ge
ფოტო: bsu.ge

რატომ არის მიმზიდველი კულტურული მემკვიდრეობა ეკონომიკურად და ეკონომიკის განვითარების პარალელურად როგორ შეიძლება შენარჩუნებული იქნას ქალაქში ისტორიული მნიშვნელობის მქონე შენობები – დონოვან რიპკემამ ძირითადად ამ თემაზე ისაუბრა.

 

„ბოლო 15 წლის მანძილზე არაერთი ქალაქის შესწავლის მაგალითზე დგინდება, რომ უცხოურ ინვესტიციებს უფრო მეტად იზიდავს ის ქალაქები, რომლებიც გამოირჩევიან კულტურული მემკვიდრეობის მხრივ. ჩვენ ვცხოვრობთ გლობალურ სამყაროში, ქალაქი ვერ მოიგებს იმით, რომ დაემსგავსოს სხვა ქალაქს. ყველა ქალაქმა თავისი განსაკუთრებულობით უნდა მიიზიდოს ადამიანი და კულტურული მემკვიდრეობა არის სწორედ ის მახასიათებელი, რითაც შეიძლება განსხვავდებოდეს ერთი ქალაქი სხვა ქალაქებისგან“ – განაცხადა პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორმა. 

 

მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მუშაობასაც კი მეტი ეკონომიკური სარგებელი მოაქვს. 


„ჩვენი კვლევებით დგინდება, რომ [კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების] რეაბილიტაციის შემთხვევაში უფრო მეტი სამუშაო ადგილი იქმნება და შესაბამისად, შემოსავლებიც მეტია. არა მხოლოდ აშშ-შია ასე, მაგალითად, ნორვეგიაში ჩატარებული კვლელვის შედეგად დადგინდა, რომ 16,5 პროცენტით მეტი სამუშაო ადგილი იქნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის შედეგად, ვიდრე ახალი შენობების აგების შემთხვევაში.

 

 გარდა ამისა, კულტურული მემკვიდრეობა არის სფერო, რომელიც განიცდის უნარ-ჩვევების [პროფესიონალების] ნაკლებობას. დიდ ბრიტანეთშიც კი ამ სფეროში ვაწყდებოდით პროფესიონალი ხელოსნების ნაკლებობას. ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა ადამიანებისთვის“ – აღნიშნა დონოვან რიპკემამ. 

 

ამერიკელმა პროფესორმა ისაუბრა იმ გამოცდილებასა და კვლევებზე, რაც ადასტურებს, რომ კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა განსაკუთრებით მიმზიდველია ახალგაზრდებისათვის, ასეთი ადგილები შემოქმედებით, საგანმანათლებლო, კულტურულ ცენტრებს ქმნის:


„მსოფლიოს ნებისმიერი ქალაქი, რომელსაც სურს იყოს კონკურენტუნარიანი, უნდა იყოს მიმზიდველი ახალგაზრდებისთვის. საქართველოში ჩამოსვლამდე ორი კვირა სერბეთში გავატარე. სტუდენტებთან ერთად დავაკვირდით შემოქმედებითი ინდუსტრიის მაგალითებს, ასეთი წერტილები ძირითადად ისტორიული მნიშვნელობის ძეგლებთანაა. 

 

…და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელსაც წავაწყდი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში, მიუხედავად კულტურული, ეკონომიკური და რელიგიური სისტემისა, ახალდაქორწინებულები ყოველთვის ცდილობენ სურათი გადაიღონ ისტორიული შენობის ფონზე. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა მათ ცხოვრებაში და მათ თითქოს სურთ ამ დღეს თავადაც დაამყარონ კავშირი დროსთან. ეს ტენდენცია გვხვდება ყველგან. 


ასე რომ, ისტორიული შენობები ქმნიან ხელსაყრელ გრემოს ქუჩის აქტიური, შემოქმედებითი ცხოვრებისათვის და ეს აისახება ეკონომიკაზეც.“ 

 

აუდიტორიიდან დასმულ შეკითხვას, რას ფიქრობს ინვესტიციებს შეწირული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, რისი არაერთი მაგალითიც გვხვდება ბათუმში, რიპკემამ ასე უპასუხა: 

 

„შესაძლოა ბოლო წლებში არასწორი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების თვალსაზრისით. შენობები, რომელთაც აქვთ კულტურული მემკვიდროების სტატუსი, უნდა იყოს შენარჩუნებული. რა თქმა უნდა, ჩვენ ვუშვებთ შეცდომებს, მაგრამ როცა ვკარგავთ ისტორიულ შენობას, მას ვკარგავთ სამუდამოდ და ამის გამოსწორება შეუძლებელია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ისტორიული შენობა განუსაზღვრელი ვადით იქნება დაცული, მაგრამ სანამ დავაგრევთ ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის მქონე შენობებს, აუცილებელია კარგად ავწონ-დავწონოთ ყველაფერი.

 

რეგიონალური ეკონომიკური განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. მე ეკონომიკის განვითარების ბიზნესში ვარ და ამის წინააღმდეგ, ცხადია, ვერ ვიქნები. ჩვენ ხშირად გვიწევს არჩევანის გაკეთება კულტურული მემკვიდროების შენარჩუნებასა და ეკონომიკის განვითარებას შორის და ეს არასწორი არჩევანია. ჩვენ ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ ეკონომიკის განვითარება მოხდეს კულტურული მემკვიდრეობის, ისტორიული შენობების შენარჩუნების გავლით. როცა ვაშენებთ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ორსართულიანი ძეგლის უკან 14-სართულიან შენობას, ამას ისტორიული შენობა „ჰელოუინის“ ნიღბის დონეზე დაჰყავს, მას ეკარგება მასშტაბი, ისტორიულობა.“ 

 

ამერიკელმა პროფესორმა ისტორიული შენობების ენერგეოფექტურობაზეც ისაუბრა: 

 

„მაიკლ ბლუმბერგს, ნიუ იორკის მერს, უნდოდა ნიუ იორკი გამხდარიყო ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ქალაქი. იგი მულტიმილიონერი ბიზნესმენია და ბიზნესთვალსაზრისით უყურებდა ამ პროექტს. მან მოითხოვა კულტურული მემკვიდრეობის და ახალი შენობების ენერგოეფექტურობის მაჩვენებელი, თითოეული კვადრატული მეტრის მაგალითზე და აღმოჩნდა, რომ გარემოს სპეციალისტები ფაქტობრივად გვატყუებდნენ 30 წლის განმავლობაში, როცა ისინი ამბობდნენ, რომ ძველი შენობები არ იყო ენერგოეფექტური. სინამდვილეში ყველაზე ენერგოეფექტური აღმოჩნდა 1930 წლამდე აგებული შებობები და ყოველი დეკადის შემდეგ უფრო მეტი ენერგია იხარჯებოდა შენობის ასაგებად.“

 

დონოვან რიპკემამ ხაზი გაუსვა ასევე არასამთვრობო ორგანიზაციების აქტიურობის მნიშვნელობას კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად: 


„აშშ-ში ჩვენ თუ რამეს მივაღწიეთ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების კუთხით, ეს იყო სწორედ ძლიერი არასამთავრობო სექტორის დამსახურება. რომ არა ეს, კერძო და სახელმწიფო სექტორი არაფერს გააკეთებდნენ კულტურული მემკვიდრეობის აღდგენის საქმეში და ზოგადად, გრძელვადიანი სტრატეგიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი რგოლების შექმნა ადგილობრივ დონეზე.“ 

 

დოქტორი დონოვან რიპკემა არის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმძღვანელოს – „მემკვიდრეობის დაცვის ეკონომიკა“ – ავტორი; ასევე, ორგანიზაციის – „მემკვიდრეობის საერთაშორისო სტრატეგიები“ – დამფუძნებელი. იგი აღიარებული სპეციალისტია ისტორიული ნაგებობების დაცვის ეკონომიკის სფეროში.

დოქტორი დ. რიპკემა კულტურული მემკვიდრეობის დაცვას განიხილავს იმ თვალსაზრისით, რომ ისტორიული ქალაქები ან უბნები შენარჩუნდეს არა როგორც მუზეუმები, არამედ, მისი აზრით, ისტორიული ნაგებობების დაცვა–შენარჩუნება ამავდროულად წარმოადგენს ეკონომიკური განვითარების მძლავრ ფაქტორს.

პროფესორ დ. რიპკემას 30-წლიანი საქმიანობა მოიცავს უამრავ წარმატებულ პროექტს, რომლებიც ამტკიცებს, რომ კულტურული მემკვიდრეობის სწორი მართვა ქმნის დამატებით შემოსავალს ადგილობრივი ეკონომიკისთვის (ახალი სამუშაო ადგილები, სახელფასო და საგადასახადო შემოსავლების მატება, უძრავი ქონების ფასის ზრდა და ა. შ.).

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი