სიახლეები

ბეშუმს სასწრაფო დახმარების კიდევ ერთი ბრიგადა მოემსახურება

16.06.2015 • 1530
ბეშუმს სასწრაფო დახმარების კიდევ ერთი ბრიგადა მოემსახურება

 

ბეშუმში დღეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები  საორგანიზაციო საკითხებზე საუბრობდნენ. ლევან გორგილაძის თქმით, ბეშუმის სასწრაფო დახმარების ერთ ბრიგადას დღეს კიდევ ერთი ბრიგადა დაემატა.

 

„დღესვე დაიწყო ფუნქციონირება ამბულატორიამ. ადგილზე მუდმივად იქნება ექიმი და ექთანი, ამის გარდა იმუშავებს კიდევ ერთი სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელიც გამოძახებებს უზრუნველყოფს. სასწრაფო დახმარების ბრიგადა ყოველ დღე იცვლება. ერთი ბრიგადა აქ ამოდის 24 საათით, რომელსაც მეორე დღეს რაიონიდან ამოსული მეორე ბრიგადა ჩაენაცვლება. იმ შემთხვევაში, როცა გამოძახებაზე გავა სასწრაფო დახმარების მანქანა, ადგილზე იქნება ექიმი და ექთანი. ხოლო თუ საჭირო გახდება ექიმისა და ექთნის გასვლა პაციენტთან, მათ დამატებით მოემსახურება არასამედიცინო ტიპის მანქანა” – ამბობს ის.

 

ამბულატორიისთვის ბეშუმის ცენტრში ორსართულიანი კოტეჯის ტიპის შენობაა გამოყოფილი, რომლის პირველ სართულზეც განთავსებულია ამბულატორიული ნაწილი, მეორე სართულზე კი ექიმისა და ექთნის მოსასვენებელი იქნება.

 

 

„აქ საკმაოდ რთული რელიეფია და იყო შემთხვევები, რომ მანქანა გაფუჭდა, არ იყო მზად გამოძახებაზე გასასვლელად. იმისთვის, რომ მანქანა ყოველთვის მზადყოფნაში იყოს, ახლა ერთი მანქანა ბრუნდება რაიონში, მიჰყავს ნამუშევარი ბრიგადა და მოდის მეორე მანქანა, ახალი ბრიგადით. მათ მეტი დრო ეძლევათ იმისთვის, რომ მანქანამ ტექნიკური დათვალიერება გაიაროს” – ამბობს ლევან გორგილაძე.



გადაბეჭდვის წესი