მთავარი,სიახლეები

„ლაშა დეკანაძის საქმეზე განაჩენი დაუსაბუთებელია“

28.12.2017 • 2968
„ლაშა დეკანაძის საქმეზე განაჩენი დაუსაბუთებელია“

ლაშა დეკანაძე ერთადერთი მსჯავრდებულია „ბათუმის აქციის საქმეზე“, რომელმაც დანაშაული არ აღიარა. მას ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან გელოვანმა 2 წლით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა. „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ შეფასებით, სასამართლოს ეს განაჩენი დაუსაბუთებელია.

ლაშა დეკანაძე 12 მარტის დილას დააკავეს და ადმინისტრაციული წესით გაასამართლეს წვრილმანი ხულიგნობისთვის. მას მოსამართლე სალიხ შაინიძემ 5 დღით მიუსაჯა პატიმრობა. პატიმრობიდან გამოსულ დეკანაძეს პროკურატურამ სისხლის სამართლის წესით წაუყენა ბრალი – მასობრივ ძალადობაში მონაწილეობასა და პოლიციელებზე თავდასხმის მუხლებით.

პოლიციელებზე თავდასხმის ნაწილში მოსამართლემ ლაშა დეკანაძე გაამართლა. მოსამართლისთვის არ აღმოჩნდა დამაჯერებელი გურიის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის – სერგი ბზიშვილის ჩვენება, რომელმაც სასამართლოში თქვა, რომ ლაშა დეკანაძემ ესროლა ქვა და ფეხი დაუზიანა. მოსამართლეს იგივე უთხრა პოლიციელმა მამუკა ბეჟანიძემ.

სასამართლო პროცესებზე პროკურატურამ ტელევიზიების მიერ გადაღებული ვიდეოკადრები წარმოადგინა, მაგრამ იქ არ ჩანს ლაშა დეკანაძის მხრიდან ქვის სროლის ფაქტი. ადვოკატი დავით ჯაფარიძე პროცესებზე ყურადღებას ამახვილებდა იმაზეც, რომ პოლიციის შენობის შესასვლელთან არავინ იდგა, როცა აქციაზე ლაშა დეკანაძე გამოჩნდა დილის ოთხ საათზე. სამართალდამცველების თქმით კი, მათ ლაშა დეკანაძემ მთავარ შესასვლელთან ესროლა ქვა.

„სასამართლო თვლის, რომ ვიდეოფირებზე ასახული ინფორმაციით არ დასტურდება ლაშა დეკანაძის მხრიდან პოლიციელთა მიმართულებით ქვების სროლისა და მათზე თავდასხმის ფაქტი,“ – ვკითხულობთ სასამართლოს განაჩენში.

კიდევ ერთი მტკიცებულება ტელევიზიების მიერ გადაღებული კადრები იყო, რომლითაც, პროკურატურის მტკიცებით, დასტურდებოდა მასობრივ ძალადობაში მონაწილეობა. ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე ეს კადრებიც აჩვენეს. ვიდეომასალის მიხედვით, ლაშა დეკანაძე დილის ხუთის რვა წუთზე ჩნდება აქციაზე და ავტომანქანით რამდენიმე წრეს აკეთებს.

სასამართლო განაჩენიდან: „…მანქანიდან გადმოდის საშუალო სიმაღლის მამაკაცი, მას აცვია შავი ნაცრისფერი, კაპიშონიანი სპორტული ტანსაცმელი, შავ-თეთრი ბოტასები და ახურავს შავი ნაქსოვი ქუდი. აღნიშნული პიროვნება არის ლაშა დეკანაძე, რომელიც იგინება და გამოხატავს აგრესიას და მუქარას პოლიციის მიმართულებით. ამავე ვიდეო კადრებში ჩანს, რომ ლაშა დეკანაძე აღებს ავტომანქანის უკანა საბარგულს, სადაც ჩანს დიდი ზომის დინამიკი და რთავს მაღალ ხმაზე მუსიკას. ლაშა დეკანაძე ყვირის „გავერთოთ ხალხო“ და შემდეგ უსტვენს. ისმის მომიტინგეთა შეძახილები „ბათუმი, ბათუმი“. ამის შემდეგ ლაშა დეკანაძე რამდენჯერმე ჩნდება ეკრანზე და დგას აქციის მონაწილეებთან.“

ამ კადრებზე დაყრდნობით მოსამართლე ლევან გელოვანმა მიიჩნია, რომ მასობრივ ძალადობაში მონაწილეობასთან არა, მაგრამ ხულიგნობასთან გვაქვს საქმე. ადვოკატი და ასევე „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენელი მიიჩნევენ, რომ ასე არ არის, რადგან ხულიგნობის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ძალადობა, ან ძალადობის მუქარა.

სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლი: ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით“.

არჩილ ჩოფიკაშვილი, კონსტიტუციის 42-ე მუხლის გამგეობის თავმჯდომარე: „განაჩენში მითითებულია, რომ ადგილი ჰქონდა ძალადობის მუქარას, მაგრამ რაში გამოიხატა მუქარა განმარტებული არ არის. განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს და იგი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს, მაგრამ განაჩენის მიხედვით გაურკვეველია, რაში გამოიხატა ძალადობა, ან ძალადობის მუქარა. რაც შეეხება ზოგად მითითებას, რომ მანქანით მიიჭრა ეს პიროვნება ამ ადგილას, ჩართო ხმამაღალი მუსიკა, აგინებდა პოლიციელებს, აღნიშნული არ მიუთითებს ძალადობაზე, ან ძალადობის მუქარაზე. სავარაუდოდ, სწორედ ეს გარემოება გახდა იმის საფუძველი, რომ იგი დასაჯეს ადმინისტრაციული წესით. წყალგამყოფი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასა და სისხლის სამართლის დანაშაულს შორის გადის ძალადობაზე, ან ძალადობის მუქარაზე. შესაბამისად, როცა ლაშა დეკანაძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკისრა ადმინისტრაციული სახდელი, მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლომ მაშინ კონკრეტული საქმის განხილვის დროს ვერ დაინახა ძალადობის ფაქტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსამართლეს უნდა შეეწყვიტა ადმინისტრაციული საქმის წარმოება და მასალები გადაეცა პროკურატურისთვის სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიზნით. განაჩენიდან იქმნება შთაბეჭდილება, რომ იგი დასაბუთებული არ არის“.

ადვოკატი დავით ჯაფარიძე: თუ ძალადობა ან ძალადობის მუქარა არ არსებობს, მაშინ გამოდის წვრილმანი ხულიგნობა, რის გამოც ის უკვე დასაჯა მოსამართლე სალიხ შაინიძემ. ის იმ დღეს იყო იუბილარი, აქციაზე მივიდა ნასვამი, წრე დაარტყა მანქანით, ხალხს გართობისკენ მოუწოდა და წავიდა. მოსამართლე ლევან გელოვანმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, როცა მან განაჩენში ჩაწერა, რომ თურმე პოლიციისკენ ხელების გაშვერა არის ხულიგნობის მაკვალიფიცირებელი გარემოება. თუ სააპელაციო სასამართლომ ჩვენი სარჩელი არ დააკმაყოფილა, აუცილებლად მივმართავთ ევროპის სასამართლოს“.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენელი იმედოვნებს, რომ გამამართლებელ გადაწყვეტილებას ზემდგომი ინსტანცია მიიღებს. თვლის, რომ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება სერიოზული საფრთხეა მთლიანად ქვეყნის დემოკრატიისთვის.

„დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლო კონტროლი არ ხორციელდება ჯეროვნად და ეს არის საფრთხე ადამიანის უფლებებისთვის, პირველ რიგში და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის,“ – გვითხრა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

მოსამართლე ლევან გელოვანმა ხულიგნობისთვის საჭირო ძალადობის ფაქტის არსებობა განაჩენში ასე დაასაბუთა:

„გინების ფაქტი დაადასტურა ბრალდებულმა ლაშა დეკანაძემ, თუმცა მიუთითა, რომ იგინებოდა უმისამართოდ, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან იგი იდგა პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე და გინების თანმხლები ძალადობის მუქარის ჟესტი უშუალოდ მიმართული იყო პოლიციის შენობისკენ, რის შემდეგაც გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულო დამოკიდებულებას, იგნორირებას უკეთებს იმას, რომ იმყოფება საპატრულო პოლიციის ადმინისტრაციულ შენობასთან, ასევე არსებულ დროს და შექმნილ ვითარებას – გარშემო იწვის მანქანები – და მაღალ ხმაზე რთავს მუსიკას, აქციის მონაწილეების გართობისკენ მოუწოდებს და გარკვეული პერიოდი რჩება მათ გვერდით.“

თუკი ლაშა დეკანაძე მასობრივ ძალადობის მონაწილეობისთვის გასამართლდებოდა, მას 4-დან 6-წლამდე ელოდა თავისუფლების აღკვეთა.

„ბათუმის აქციის საქმეზე“ პროკურატურამ სულ 21 პირი დააკავა სისხლის სამართლის წესით. აქედან 18-მა დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, ლაშა დეკანაძის საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უნდა განიხილოს.

რამდენიმე დღეში მოსამართლე დავით მამისეიშვილი მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას საქმეზე გამოაცხადებს განაჩენს. მათ ამ აქციის ორგანიზებას ედავებიან.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: