82 წლის ალექსანდრას სახლში არ უშვებენ

„აქ ვიჯდები, ვიდრე სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას, წასასვლელი არსად მაქვს,“ – გვითხრა 82 წლის ალექსანდრა ტერუნმა, რომელიც ორ მეგობართან ერთად სასამართლოს შესასვლელში დაგვხვდა. მას სახლი საიათნოვას 4-ში [ჩაის სახლის შენობა] მეზობელმა აუჭედა. ალექსანდრას ბინა უკვე მეზობელს ეკუთვნის, თუმცა აღსრულების ეროვნულ სამსახურს გამოსახლების პროცედურა ჯერ არ დაუწყია. ალექსანდრა ამბობს, რომ მეზობელმა მას სცემა კიდეც.

„ბინა თაღლითური გზით წამართვეს 300 დოლარად. შვილიშვილმა აიღო სესხი 2003 წელს და დავკარგე ბინა, სადაც 1983 წლიდან ვცხოვრობ, არასწორად მომექცა ყველა… ბინა ჩემმა მეზობელმა იყიდა, გიორგი გეგუჩაძემ, სპეცრაზმელია. რამდენჯერმე ჩამიკეტეს ჭიშკრის კარი, ტუალეტი და მცემეს, მაგრამ გუშინ აჭედილი დამხვდა კარი. ვიცი, რომ გამომასახლებენ, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებას ველოდები მე… ამჯერად გიორგის დამ, სოფომ დამარტყა ხელი და სახლიდან გამომაგდო, ჩემი კატა შიგნითაა ახლაც,“ – ყვება მოხუცი.

ალექსანდრა ტერუნის საქმეზე დღეს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა იმსჯელა. პროკურატურა ძალადობაში ალექსანდრას მეზობელს და სახლის მესაკუთრის დას – სოფო გეგუჩაძეს ადანაშაულებს. სასამართლო პროცესს ბრალდებული საკუთარი სურვილით არ დაესწრო, ალექსანდრას კი არავინ უთხრა, რომ პროცესი დაიწყო.

„რატომ არ მითხარით, თუ პროცესი დაიწყო? აბა, აქ რისთვის ვარ?“ – ჰკითხა მოხუცმა მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს, როცა გაიგო, რომ სასამართლო პროცესი მის გარეშე უკვე სრულდებოდა. მანდატურებმა ალექსანდრას უთხრეს, რომ მათ ბრალდებულის სახელი ხმამაღლა ამოიძახეს და დაინტერესებულ პირს მისი გაგონება მარტივად შეეძლო. რამდენიმე წუთში პროცესზე შესვენება გამოცხადდა და ალექსანდრას სხდომათა დარბაზში შესვლის უფლება მისცეს.

„რატომ არ შეატყობინეთ ხანდაზმულს სასამართლო პროცესის შესახებ, რომელიც დაზარალებულია?“ – შეკითხვა სხდომათა დარბაზში პროკურორ ზურაბ კონცელიძეს დავუსვით. გვითხრა, რომ მანდატურის თანამშრომლებმა შეატყობინეს ქალბატონ ალექსანდრას სასამართლო პროცესის დაწყების შესახებ. პროკურატურა სასამართლოში კანონით დაზარალებულის ინტერესებს იცავს.

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და სოფიო გეგუჩაძეს 1000 ლარი გირაო შეუფარდა. საქმეზე ასევე ჩაინიშნა წინასასამართლო პროცესი. სოფიო გეგუჩაძის ადვოკატმა კომენტარზე უარი გვითხრა.

„მე რა გავაკეთო დღეს, ვისთან წავიდე? გუშინ გვიან ღამემდე პოლიციაში ვიყავი. მითხრეს, რომ ვერაფერით დამეხმარებიან, ხვალ დილიდან პროკურატურაში შიმშილს დავიწყებ,“ – გვითხრა ალექსანდრა ტერუნმა და მეგობარს გაჰყვა, რომელმაც საკუთარი ბინა შესთავაზა ღამის გასათევად.

ალექსანდრას შესახებ „ბათუმელები“ 2017 წლის მაისში წერდა. მაშინ ალექსანდრა საუბრობდა იმაზე, რომ გიორგის ბავშვობიდან იცნობს და მის გაზრდაშიც მონაწილეობდა. მაშინ „ბათუმელებს“ გიორგი გეგუჩავამ უთხრა: „მე შევიძინე ეს ბინა გასული წლის ბოლოს. მთხოვა, ახალი წელი მოდის, მადროვე და მერე წავალო. ახლა აღარ მიდის და იგონებს, თითქოს რაღაცას ვუშავებ და ვავიწროვებ“.

ალექსანდრა ტერუნის გამოსახლების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს სასამართლოს და გადაწყვეტილება აღსრულების პროცესშია. აღსრულების ეროვნულ ბიუროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ალექსანდრა ტერუნს შეტყობინება ნოემბერში გაუგზავნეს, თუმცა „გამოსახლების პროცედურა ჯერ არ დაწყებულა.“

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში კი განმარტეს, რომ როცა საქმე აღსრულების ეტაპზეა, პოლიცია ვერ უზრუნველყოფს ხანდაზმულის დაბრუნებას მის ყოფილ საკუთრებაში.

ვინ უნდა დაიცვას მოქალაქე მსგავს სიტუაციაში – სოციალური მომსახურების სააგენტოში გვითხრეს, რომ ინფორმაცია ალექსანდრა ტერუნის შესახებ არ აქვთ და მას ვერც ვერაფრით დაეხმარებიან. „უნდა მიმართოს მერიას, სადაც არსებობს სოციალური სამსახური და თავშესაფარი,“ – გვითხრა თემურ ქარცივაძემ, სააგენტოს დირექტორმა.

ალექსანდრა ტურინი მეგობრებთან ერთად სასამართლოს ფოიეში, პროცესის დაწყებამდე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი