მთიანი აჭარა,სიახლეები

გეოლოგიური დასკვნით წონიარისში ბარამიძეების ოჯახის სახლი სიცოცხლისთვის სახიფათოა

28.12.2017 • 2130
გეოლოგიური დასკვნით წონიარისში ბარამიძეების ოჯახის სახლი სიცოცხლისთვის სახიფათოა

გეოლოგებმა, საცხოვრებელი სახლებისა თუ მიმდებარე ტერიტორიების მდგომარეობა ქედის  მუნიციპალიტეტში ბოლოს, დეკემბრის თვეში შეისწავლეს. დასკვნებით, რომელიც 18 დეკემბერს გასაჯაროვდა, შესწავლილი 12 ოჯახიდან განსახლებას საჭიროებს თემურ ბარამიძის ოჯახი, დანარჩენი 11 ოჯახის საცხოვრებელი სახლები კი სიცოცხლისთვის უსაფრთხოა. თუმცა, გეოლოგებმა ამ ეტაპზე 11 ოჯახთან დაკავშირებით საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ, ფერდსამაგრი კედლების მოწყობისა და ჩამონადენი წყლების უსაფრთხო ადგილზე გადატანის რეკომენდაცია გასცეს.

ქედის მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი, დავით თედორაძე ამბობს, რომ სოფელ წონიარისში მცხოვრები ბარამიძეების ოჯახი, განსახლების პროგრამაში დარეგისტრირდა და ოჯახი საცხოვრებელი სახლის შესაძენად, პროგრამით გათვალისწინებულ 25 000 ლარს მიიღებს, მანამდე კი ბარამიძეებს საცხოვრებელი სახლის ქირას მერია დაფარავს. რაც შეეხება ფერდსამაგრი კედლების მოწყობის რეკომენდაციებს, დავით თედორაძე ამბობს, რომ მერია გეოლოგიური დასკვნის შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს.

„თემურ ბარამიძის ოჯახს მერიამ დაბა ქედაში საცხოვრებელი ფართი სტიქიის პირველივე დღეს დაუქირავა და ოჯახი უსაფრთხოდ იმყოფება, ჩვენი რეკომენდაციით ბარამიძეები განსახლების პროგრამაში დარეგისტრიდა, ფართი ექვსი თვით დავუქირავეთ, თუმცა თუ საჭირო დარჩება მერია ქირას ექვსი თვის გასვლის შემდეგაც გადაიხდის. რაც შეეხება დანარჩენ 11 ოჯახს, მერიას „ფერდსამაგრი სამუშაოების“ პროგრამა აქვს, ამ პროგრამის ფარგლებში კი ეკონომიკის სამსახური საცხოვრებელ სახლებთან შესაბამის ღონისძიებებს გააატარებს“ – ამბობს დავით თედორაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: